CDD 2015 წლის 31 ოქტომბრის პარლამენტისა და საკრებულოს შუალედურ არჩევნებს დააკვირდა

 

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრმა (CDD) 2015 წლის 31 ოქტომბერის პარლამენტისა და საკრებულოს შუალედური არჩევნების მონიტორინგი განახორციელა მარტვილისა და საგარეჯოს მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში. CDD-ს სადამკვირვებლო მისია 30 აკრედიტირებული და დატრენინგებული დამკვირვებლისგან შედგებოდა, მათ შორის  5 მობილური ჯგუფი.  დამკვირვებლები გადანაწილებულნი იყვნენ როგორც საუბნო, ისე საოლქო საარჩევნო კომისიებში და აკვირდებოდნენ კენჭისყრის დღის პროცედურებს, რაც მოიცავდა: უბნის გახსნას, კენჭისყრის პროცესს, უბნის დახურვასა და შედეგების შეჯამებას. მისია ასევე დააკვირდა გამონაკლის შემთხვევაში შექმნილ საარჩევნო უბანს -  (№11 საგარეჯოს საარჩევნო ოლქის №50 საარჩევნო უბანი - დაბა მუხროვანი).

 

CDD-ს სადამკვირვებლო მისიის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე კენჭისყრის დღემ უმეტესწილად მშვიდ გარემოში ჩაიარა. საარჩევნო უბნების უმრავლესობაზე კენჭისყრა კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით მიმდინარეობდა. 20:00 საათზე ყველა საარჩევნო უბანი დროულად დაიხურა. ამომრჩეველთა შედარებით დაბალი აქტივობის გამო საარჩევნო უბნებმა დროულად განახორციელეს ხმის დათვლის პროცედურა, კენჭისყრის შედეგების შეჯამება და საარჩევნო დოკუმენტაციის ოლქისათვის წარდგენა.

 

CDD-ს დამკვირვებლებმა არჩევნების დღეს დააფიქსირეს შემდეგი პროცედურული ხასიათის დარღვევები:

 

საარჩვნო უბნის გახსნა და ხმის მიცემის პროცედურა

  • საარჩევნო უბნის დაგვიანებით გახსნის - 2 შემთხვევა, 
  • საკონტროლო ფურცლის ხარვეზებით შევსების- 3 შემთხვევა, 
  • მიღებული და გამოცხადებული ბიულეტენების რაოდენობის შეუსაბამობის - 4 შემთხვევა, 
  • ბიულეტენების წინასწარი გამზადების - 2 შემთხვევა, 
  • საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოების - 3 შემთხვევა, 
  • არაუფლებამოსილი პირების საარჩევნო უბანზე ყოფნის- 4 შემთხვევა
  • საარჩევნო უბანზე აგიტაციის - 1 შემთხვევა, 
  • მარკირების აპარატის გაუმართაობის - 1 შემთხვევა.
  • გადასატანი საარჩევნო ყუთით ხმის მიცემის პროცედურის დარღვევის - 1 შემთხვევა,
  • ხმის მიცემის პროცედურის სხვადასხვა სახის დარღვევის - 8 შემთხვევა.

საარჩევნო უბნის დახურვა და კენჭისყრის შედეგების შეჯამება

  • ბიულეტენების თვლის პროცედურის წესების დარღვევა - 5 შემთხვევა
  • დოკუმენტაციის არასათანადო დალუქვის - 26 შემთხვევა
  • შემაჯამებელი ოქმის გადასწორების 1 შემთხვევა
  • შემაჯამებელი ოქმის არასრულფასოვნად შევსების 7 შემთხვევა
  • შემაჯამებელ ოქმში საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობის (მიღებული და ბათილი ბიულეტენების ჯამი) და კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას შორის შეუსაბამობის - 6 შემთხვევა.

საუბნო საარჩევნო კომისიების მიერ საარჩევნო დოკუმენტაციის ოლქში წარდგენის დროს სათანადო წესით არ იყო დალუქული უბნის ბეჭედი, რაც ერთ-ერთ მნიშვნელოვან ხარვეზს  წარმოადგენს საარჩევნო პროცედურების განხორცილების კუთხით და საფრთხეს უქმნის კენჭისყრის შედეგების ნამდვილობას. აღნიშნული დაფიქსირდა განსაკუთრებით საგარეჯოს საარჩევნო ოლქში.

 

საგარეჯოს საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანმა, არჩევნების მომდევნო დღეს, "განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის" დამკვირვებელს უარი უთხრა საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების ასლების გაცემაზე და განუცხადა, რომ მხოლოდ ოფიციალური წერილით მიმართვის საფუძველზე გადასცემდა შემაჯამებელი ოქმების ასლებს მომდევნო სამუშაო დღეს. 

 

"განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის" დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა ეგრეთ წოდებული "კოორდინატორების" მობილიზების შემთხვევები საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე, რომლებიც "ჟურნალში" კონკრეტული საარჩევნო სუბიექტების მხარდამჭერების აღრიცხვას აწარმოებდნენ. აღნიშნული მანკიერი პრაქტიკა კვლავაც შესამჩნევი იყო, ეს უკანასკნელი კი არაპირდაირი აგიტაციის განხორციელების საშუალებაა, რაც ჩვენი შეხედულებით ზრდის საარჩევნო სუბიექტებს შორის პროვოცირებისა და დაპირისპირების რისკს.

 

საგარეჯოს საარჩევნო ოლქის რამოდენიმე საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილი ჰქონდა ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების ფაქტებს, თუმცა, მსგავსი სახის ინციდენტებს საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი არ შეუფერხებია. აღნიშნულთან დაკავშრებით "განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრმა" მოუწოდა არჩევნებში ჩართულ მხარეებს შეენარჩუნებინათ სიმშვიდე და მიეცათ საარჩევნო ადმინისტრაციისათვის ნორმალურ პირობებში მუშაობის შესაძლებლობა, კანონიერი შედეგების უზრუნველსაყოფად.

 

აგრეთვე აღსანიშნავია უჯარმის N13 საარჩევნო უბანზე განვითარებული მოვლენები, რომელიც აჯამებდა მუხროვანის გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საარჩევნო უბნის შედეგებს. ჩვენი დამკვირვებელი უბნის დახურვის შემდეგ იმყოფებოდა საარჩევნო უბანზე, სადაც გაურკვეველი ინტერესის მქონე ადამიანები ცდილობდნენ უბანზე შეღწევას და ახდენდნენ ფსიქოლოგიურ ზეწოლას კომისიის წევრებზე. თუმცა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების დროულმა მისვლამ მათ ამის საშუალება არ მისცა. მსგავსი მოქმედებები საფრთხეს უქმნის კენჭისყრის პროცესის კანონიერ და მშვიდ გარემოში ჩატარებას.

 

აგრეთვე უნდა აღინიშნოს საარჩევნო ადმინისტრაციის წევრების მიერ მოვალეობების არაჯეროვნად შესრულების  შემთხვევები, რაც გამოწვეული იყო პროცედურების არასათანადო ცოდნით. საკმაოდ მაღალი იყო რაოდენობა იმ კომისიის წევრებისა ვინც ვერ გაიარეს ტრენინგები (100-ზე მეტი). აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ტრენინგებზე დასწრების ვალდებულების შემოღება. ასევე, პოლიტიკური პარტიების მიერ კომისიის წევრთა გამოწვევის ვადების შეზღუდვა და არსებული ვადების გაზრდა, რათა მოხერხდეს კომისიის წევრთა სათანადო მომზადების უზრუნველყოფა. ეს უკანასკნელი კი შეამცირებს პროცედურის არცოდნით გამოწვეული დარღვევების რაოდენობას არჩევნებზე.

 

CDD-ის ცხელი ხაზზე (790 333 111) განხორციელდა 20-მდე სატელეფონო შეტყობინება კენჭისყრის პროცედურებისა და მოქალაქეთა საარჩევნო უფლებების დარღვევებთან დაკავშრებით, რაზეც ჩვენმა დამკვირვებლებმა ადგილზე მოახდინეს შესაბამისი რეაგირება. 

 

"განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის" სადამკვირვებლო მისიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით საგარეჯოსა და მარტვილის საარჩევნო ოლქებში, 2015 წლის 31 ოქტომბერს, კენჭისყრის პროცესმა მეტწილად ორგანიზებულად, პროცედურების დაცვით ჩაიარა და შესაბამისად სადამკვირვებლო მისიის მიერ შეფასდა დადებითად.

 

2-11-2015