პროექტის „საქართველო და ევროკავშირი“ შუალედური შემაჯამებელი კონფერენცია

სასტუმროში „თბილისი მერიოტი“ გაიმართა პროექტის „საქართველო და ევროკავშირი“ შუალედური შემაჯამებელი კონფერენცია. კონფერენციაზე შეჯამებულ იქნა პროექტის მიმდინარეობის შედეგები. 2016 წლის პირველ კვარტალში საქართველოს სხვადასხვა ეპარქიებში შემავალ საპატრიარქოს სკოლებისა და გიმნაზიების წარმომადგენელთათვის (სასულიერო პირები, მასწავლებლები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები და მოსწავლე-ახალგაზრდები) გაიმართა 70-მდე საინფორმაციო შეხვედრა (ტრენინგ-სემინარი) თემაზე „საქართველო და ევროკავშირი“. შეხვედრები წარიმართებოდა პრეზენტაციისა და დისკუსიის რეჟიმში, ისეთ აქტუალურ თემებზე, როგორიცაა: „საქართველო - ევროკავშირის ურთიერთობის ისტორია", „საქართველო - ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება“, „თავისუფალი, უვიზო, მიმოსვლა საქართველოსა და ევროკავშირს შორის“ და"სახელმწიფოსა და რელიგიურ ორგანიზაციებს შორის ურთიერთობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში".

 


 

კონფერენციას ესწრებოდნენ მღვდელმთავრები და სასულიერო პირები, ნიდერლანდების სამეფოს, დიდი ბრიტანეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოების წარმომადგენლები, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები, პროექტში მოწვეული ექსპერტები. აგრეთვე, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. 

 

 

კონფერენციაზე წარმოდგენილ იქნა პროექტის ფარგლებში გამართული შეხვედრების ამსახველი ვიდეო და ფოტო მასალა. ჩართულმა მხარეებმა და მოწვეულმა სტუმრებმა ისაუბრეს პროექტის მნიშვნელობაზე, სამომავლო გეგმებსა და პროექტის შემდგომი განვითარების პერსპექტივებზე. კონფერენციის მიწურულს გაიმართა საინტერესო დისკუსია.

 

პროექტი „საქართველო და ევროკავშირი“ ხორციელდება განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) მიერ, საქართველოს საპატრიარქოს განათლების სისტემასთან და წმიდა დავით აღმაშენებლის სახელობის განათლების ცენტრთან თანამშრომლობით, ნიდერლანდების სამეფოსა და დიდი ბრიტანეთის სამეფოს საელჩოების მხარდაჭერით.

 

 

24-03-2016