ტრენინგი "საქართველო და ევროკავშირი" ახალგაზრდა თაობის წარმომადგენელთათვის

15-17 ივლისს CDD-ს ორგანიზებით, დაბა გუდაურში მდებარე სასტუმროში "მარკო პოლო", საქართველოს საპატრიარქოს განათლების სისტემასთან და წმიდა დავით აღმაშენებლის სახელობის განათლების ცენტრსა და სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრთან პარტნიორობით, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა ტრენინგი "საქართველო და ევროკავშირი".

 

აღნიშნული პროექტი, 2014-2016 წლებში CDD-ის მიერ განხორციელებული პროექტის "საქართველო და ევროკავშირი" გაგრძელებაა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის სასულიერო პირებს, ასევე, საპატრიარქოს საგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლებსა და სტუდენტებს, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების პროცესზე ჩაუტარდათ ტრენინგები.

 

ტრენინგი მიმდინარეობდა რამოდენიმე დღის განმავლობაში და მას საქართველოს საპატრიარქოს სკოლებისა და გიმნაზიების მოსწავლეები ესწრებოდნენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.

 

ტრენინგი ეხებოდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა : საქართველო - ევროკავშირის ურთიერთობის ისტორია; ევროკავშირი და მისი ინსტიტუტები; თავისუფალი, უვიზო, მიმოსვლა საქართველოსა და ევროკავშირს შორის; საქართველო - ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება; ასოცირების დღის წესრიგი და ეროვნული სამოქმედო გეგმა. მონაწილეები ასევე გაეცნენ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში სახელმწიფოსა და რელიგიურ ორგანიზაცებს შორის ურთიერთობის საკითხებს.

 

ტრენინგები, სწავლების საერთაშორისოდ აპრობირებული თანამედროვე ინტერაქტიული მეთოდოლოგიის გამოყენებით, წარიმართა მაღალი კვალიფიკაციის მქონე ტრენერ-ექსპერტების მიერ, რომელთაც აქვთ მრავალწლიანი გამოცდილება, როგორც ადგილობრივი ასევე საერთაშორისო ტრენინგების ორგანიზებისა და ჩატარების. პრეზენტაციები არსებულ საკითხებზე გააკეთეს მიხეილ მირზიაშვილმა, ივანე ჩხიკვაძემ, გიორგი ფარეშიშვილმა და ლაშა მელაძემ. საკითხების უკეთ გასაცნობად ტარდებოდა ჯგუფური სავარჯიშოები, სადაც მონაწილეები მიმოიხილავდნენ ცალკეულ საკითხებს და წარმოადგენდნენ საინტერესო პრეზენტაციებს. საკითხებს შორის შუალედში გაიმართა სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი თამაშობები.

 

ტრენინგზე ახალგაზრდებმა მითების სიმულაციურ (როლურ) თამაშში მიიღეს მონაწილეობა, სადაც თავად შეეცადნენ ამოეცნოთ და ემსჯელათ კონკრეტული მითების შესახებ. 

 

თითოეულ დამსწრე მონაწილეს გადაეცა პროქტის ფარგლებში მომზადებული საინფორმაციო-სატრენინგო მასალები: პუბლიკაცია "საქართველო და ევროკავშირი"; საინფორმაციო ბროშურა "სახელმწიფო და რელიგია ევროკავშირის წევრ ქვეყნებში"; CDD-ის ბლოკნოტი და სხვა. 

 

3 დღიანი ტრენინგის დასრულების შემდგომ მონაწილეებმა მიმოიხილეს და შეაფასეს თითოეული დღე, მათ მიერ ტრენინგზე მიღებული ცოდნა, მათთვის საინტერესო ინფორმაცია და კმაყოფილების შედეგი. ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები.

 

ივლისი-აგვისტოს პერიოდში დაგეგმილია კიდევ 2 ტრენინის განხორციელება, რომელშც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს საპატრიარქოს სკოლებისა და გიმნაზიების მოსწავლეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.

 

იხილეთ ტრენინგის ამსახველი ფოტო კოლაჟი

17-07-2016