სადამკვირვებლო მისია 2016

“განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი” (CDD) საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების მიმდინარეობას  საქართველოს 73 საარჩევნო ოლქში აკვირდება. 

 

CDD-ის სადამკვირვებლო მისია 200 აკრედიტირებული და დატრენინგებული დამკვირვებლისგან შედგება, მათ შორის 10 მობილური ჯგუფი. დამკვირვებლები გადანაწილებული არიან როგორც საუბნო საარჩევნო კომისიებში, ისე საოლქო საარჩევნო კომისიებში. სადამკვირვებლო მისიის წევრები დააკვირდებიან კენჭისყრის დღის პროცედურებს, რაც მოიცავს: უბნის გახსნას, კენჭისყრის პროცესს, უბნის დახურვასა და შედეგების შეჯამებას.

 

სადამკვირვებლო მისია სრულად ფარავს საქართველოს ტერიტორიაზე გამონაკლის შემთხვევაში შექმნილ საარჩევნო უბნებს. ყურადღება დაეთმობა იმ საარჩევნო უბნების მონიტორინგს, სადაც მოხდება გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საარჩევნო უბნების შედეგების დათვლა და იმ უბნებს სადაც, სპეციალური სიების მეშვეობით მიმაგრებულნი არიან, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 32–ე მუხლით პუნქტით გათვალისწინებული პირები. 

 

მთლიანობაში გამონაკლის შემთხვევაში 11 საარჩევნო უბანია შექმნილი, მათ შორის 10 პენიტენციურ  და 1 სამკურნალო დაწესებულებაში. აღნიშნული საარჩევნო უბნები გახსნილია შემდეგ ოლქებში: N5 ისნის საარჩევნო ოლქი (ერთი უბანი); N10 გლდანის საარჩევნო ოლქი (ორი უბანი); N20 რუსთავის საარჩევნო ოლქი (სამი უბანი); N27 მცხეთის საარჩევნო ოლქი (ერთი უბანი); N55 ხონის საარჩევნო ოლქი  (ერთი უბანი); N58 წყალტუბოს საარჩევნო ოლქი  (ორი უბანი); N59 ქუთაისის საარჩევნო ოლქი  (ერთი უბანი) და N79 ბათუმის საარჩევნო ოლქი (ერთი უბანი). 

 

სადამკვირვებლო მისიის დაკვირვების შედეგებს მედია საშუალებებს მედიაცენტრში გააცნობს:

  • 8 ოქტომბერს: 10:30 სთ; 14:30 სთ; 18:30 სთ; 20:30 სთ. 
  • 9 ოქტომბერს: 10:30 სთ.  

 

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრში (CDD) ფუნქციონირებს არჩევნების დღის ცხელი ხაზი (790 333 111), რომლის მეშვეობით, მოქალაქეებს, შეეძლებათ სამართლებრივი კონსულტაციების მიღება კენჭისყრის პროცედურებთან დაკავშირებით. ასევე, ცხელი ხაზის მეშვეობით ჟურნალისტებსა და მედია ორგანიზაციებს შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია და იურიდიული კონსულტაცია საარჩევნო პროცედურების, კენჭისყრის დღის დარღვევებისა და მათზე რეაგირების გზების შესახებ და შეეძლებათ მოგვაწოდონ ინფორმაცია მათ მიერ კენჭისყრის დღეს დაფიქსირებული დარღვევების შესახებ.

 

სადამკვირვებლო მისიის პრინციპებია: კანონის პატივისცემის დემონსტრირება, დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა, სიზუსტე, გამჭვირვალეობა და პროფესიონალიზმი.

 

სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი: არჩილ ყანჩაველი (599 118806) 

 

7-10-2016