რელიგიური ჯგუფების სასწავლო ვიზიტები ბრიუსელსა და ვაშინგტონში

CDD-მ რელიგიურ გაერთიანებებთან აქტიური თანამშრომლობა 2014 წლიდან დაიწყო. 2016-2017 წლებში, CDD-მ ბრიუსელში 2-ჯერ, 2017 წლის ნოემბერში კი ვაშინგტონში მაღალი იერარქიის წარმომადგენლების დელეგაციების სასწავლო ვიზიტები განახორციელა. ვიზიტების მიზანი რელიგიური ჯგუფების ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში ჩართულობის გაზრდის ხელშეწყობა იყო.

ვიზიტები უპრეცედენტო მნიშვნელობიდან გამომდინარე, მედიის მხრიდან ისტორიულად შეფასდა.

ბრიუსელში დელეგაცია მართლმადიდებლური ეკლესიის მაღალი იერარქიის წარმომადგენლებისგან შედგებოდა. ვიზიტის ფარგლებში, შედგა მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, ნატოს შტაბ-ბინაში, ევროკავშირის ინსტიტუტებში, ევროპარლამენტში.

ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში, პირველად მოხდა, რომ დელეგაცია ერთდროულად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, მუსლიმთა თემის, ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ეკლესიისა და სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის რელიგიური ლიდერებისგან შედგებოდა. ვიზიტის ფარგლებში, ორმხრივ შეხვედრებთან ერთად, საერთაშორისო ინტერ-რელიგიური კონფერენციაც გაიმართა, რომლის მიზანიც რელიგიურ ლიდერებს, სამოქალაქო საზოგადოებასა და  აკადემიურ წრეებთან დიალოგის, დისკუსიის ხელშეწყობა,  დემოკრატიაში რელიგიის როლსა და დასავლურ ღირებულებებზე მსჯელობა  იყო.

სასწავლო ვიზიტები პროექტის „საქართველო ევროპულ ოჯახში“ ფარგლებში განხორციელდა, რომლის ფინანსური მხარდამჭერებიც საქართველოში ბრიტანეთის საელჩო და დიდი ბრიტანეთის მთავრობის კარგი მმართველობის ფონდი (GGF) იყო. პროექტის სხვა მხარდამჭერები იყვნენ: ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის (NED), საგარეო საქმეთა სამინისტრო, აშშ-ში საქართველოს საელჩო, სსიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“.