საპატრიარქოს დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში

საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში დასრულდა. სასულიერო პირები ბელგიის დედაქალაქში 7-11 ნოემბერს იმყოფებოდნენ. სინოდის წევრები, სასულიერო პირები და საპატრიარქოს წარმომადგენლები ნატოსა და ევროკავშირის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრა გაიმართა ქართულ სამრევლოსა და დიასპორასთანაც. 

 

ვიზიტის ფარგლებში ქართულ დელეგაციას ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე ინფორმაცია გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაიმ მიაწოდა.

 

„სასულიერო პირების დელეგაცია კარგად იყო მიმდინარე მოვლენებზე ინფორმირებული. ჩვენს შორის სიღრმისეული საუბარი შედგა საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებზე, ქვეყანაში არსებულ გამოწვევებსა და იძულებით გადაადგილებულ პირებზე. ასევე, ვისაუბრეთ შავი ზღვის უსაფრთხოებასა და ნატო-საქართველოს ურთიერთობების მნიშვნელობაზე“- განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

 

ნატოს შტაბბინაში გამართული შეხვედრები ქართულმა მხარემაც დადებითად შეაფასა. „პატრიარქი ამ ვიზიტს ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და ამ დელეგაციაში ძალიან მაღალი რანგის სასულიერო პირები არიან წარმოდგენილნი. ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა ასეთი  თბილი შეხვედრა, რომელიც  აქ მოგვიწყვეს. საკმაოდ ფართო და დიდი ინფორმაცია მოგვაწოდეს საქართველოსა და ნატოს ურთოერთობასთან დაკავშირებით. ხვალ კი, ალბათ მივიღებთ  უფრო მეტ ინფორმაციას სხვა ევროპული სტრუქტურებიდან“ - აღნიშნა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა, საქართველოს პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, მეუფე თეოდორემ.

 

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის აღმოსავლეთ სტრატეგიული კომუნიკაციის ჯგუფის ხელმძღვანელ ჯაილს პორტმანთან, ცენტრალური აზიის მიმართულების აღმასრულებელ დირექტორ ტომას მაირჰარტინგსა და ჰუმანიტარული დახმარებისა და კრიზისების მართვის ევროკომისარ, ქრისტოს სტილიანიდისთან.  მხარეებმა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობასა და საერთო ღირებულებებზე იმსჯელეს.

 

საინფორმაციო შეხვედრების ციკლის მნიშვნელობაზე გორის და ატენის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრიამაც ისაუბრა.  „პატრიარქის სიტყვები და მისი ძალისხმევა ყოველთვის არის მიმართული იქითკენ, რომ საქართველოს ეკლესია მხარს უჭერს ქართველ ხალხს, ქართულ სახელმწიფოს და რა თქმა უნდა, მის მშვიდობიან განვითარებას. ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველოს უნდა ქონდეს კეთილმეზობლური ურთიერთობა ყველა მეზობელთან, მაგრამ ამავდროულად საქართველოს გააჩნია საკუთარი განვითარების გზა, მისი პერსპექტივა.“ - განაცხადა მეუფე ანდრიამ რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში.

 

დელეგაციის შემადგენლობა:

 

საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები:

1. დელეგაციის ხელმძღვანელი: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე);

2. საქართველოს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე);

3. საქართველოს საპატრიარქოს წმ.მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის განათლების ცენტრის თავმჯდომარე, რუსთაველი მიტროპოლიტი იოანე (გარეკელი);

4. გორისა და ატენის მიტროპოლიტი, ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის დროებითი მმართველი ანდრია (გვაზავა);

5. თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე;

6. საქართველოს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე, დეკანოზი კახაბერი გოგოტიშვილი;

7. საქართველოს საპატრიარქოს პრეს-ცენტრის ხელმძღვანელი დეკანოზი დავით შარაშენიძე;

8. წმ.სამების საპატრიარქო ტაძრის ეკონომოსი, არქიმანდრიტი იოანე (მჭედლიშვილი);

9. საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, პროფესორი გიორგი ანდრიაძე;

 

საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები:

1. დელეგაციის ხელმძღვანელი: ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე პაპუნა შენგელაია;

2. ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტაპენტის უფროსი თორნიკე ნოზაძე;

3. სსიპ. ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისდირექტორი, ქეთევან ჩაჩავა;

4. სსიპ. ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილე, გიორგი ფარეშიშვილი;

 

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები (ორგანიზატორები)

5. არჩილ ყანჩაველი – განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი;

6. მიხეილ მირზიაშვილი – განვითრებისა და დემოკრატიის ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე;

 

პროექტი "საქართველო და ევროკავშირი" ხორციელდება განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) მიერ, სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრთან, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან, საქართველოს საპატრიარქოს განათლების სისტემასა და წმიდა დავით აღმაშენებლის სახელობის განათლების ცენტრთან პარტნიორობით.  პროექტის ფინანსური მხარდამჭერია დიდი ბრიტანეთის სამეფოს საელჩო საქართველოში.

 

იხილეთ ვიზიტის ამსახველი ფოტო მასალა