სამუშაო შეხვედრა ვენეციის კომისია და ეუთო/ოდირითან საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებების პაკეტთან დაკავშირებით

ვენეციის კომისია და ეუთო/ოდირი საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებების პაკეტთან დაკავშირებით ერთობლივ დასკვნაზე მუშაობენ და ვირტუალურ ვიზიტებს მართავენ პროცესში ჩართულ მხარეებთან, რის ფარგლებშიც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრა ზუმის ფორმატში გაიმართა და განიხილებოდა საქართველოს ორგანულ კანონში "საქართველოს საარჩევნო კოდექსი", "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონსა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებები.
სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის საარჩევნო ჯგუფმა. CDD-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ქეთევან ჩაჩავამ, ყურადღება გაამახვილა შემოთავაზებული ცვლილებების როგორც პოლიტიკურ, ასევე ტექნიკურ და სამართლებრივ ასპექტებზე.
10 წელზე მეტია, CDD საარჩევნო საკითხებზე მუშაობს და ამ მიმართულებით ორგანიზაციის საქმიანობა მოიცავს: არჩევნების დაკვირვებას, ამომრჩეველთა განათლებას, ხმების პარალელურ დათვლას, პოლიტიკური პარტიების განვითარების ხელშეწყობას, მნიშვნელოვან საინფორმაციო კამპანიებს, საკანონმდებლო ცვლილებების ადვოკატირების წარმატებულ პროცესსა და არაერთ კონკრეტულ შედეგს.