ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების: CDD-სა და IDEM-ს ერთობლივი სადამკვირვებლო მისიის განცხადება

ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების: CDD-სა და IDEM-ს ერთობლივი სადამკვირვებლო მისიის განცხადება
საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებს, ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია - განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD), საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია - დემოკრატიის, მედიისა და კულტურული გაცვლის ინსტიტუტთან (IDEM) პარტნიორობით, 100 კაციანი ერთობლივი სადამკვირვებლო მისიით დააკვირდა საქართველოს ყველა რეგიონსა და ქვეყნის გარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე.
ჩვენი ერთობლივი მისიის შეფასებით, საქართველოს პარლამენტის 31 ოქტომბრის არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ზოგადად ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა. კენჭისყრის პროცესმა შედარებით მშვიდ და ორგანიზებულ გარემოში ჩაიარა, ერთეული პროცედურული დარღვევების ფონზე. თუმცა რიგი ხარვეზები - დარღვევები გამოიკვეთა ხმების დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცესში. COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევების ფონზე, აღსანიშნავია ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა ქართველი ამომრჩევლის მხარდაჭერა შეცვლილი საარჩევნო სისტემისადმი, რომლის ერთერთი მთავარი მიზანი, სწორედ უფრო პროპორციული, წარმომადგენლობითი და მრავალფეროვანი საკანონმდებლო ორგანოს ფორმირება იყო.
ჩვენ, ერთობლივი სადამკვირვებლო მისიის ფორმატში, ვაგრძელებთ არჩევნების მეორე ტურის მიმდინარეობის პროცესზე დაკვირვებას.
აქვე, აღსანიშნავია, რომ მრავალპარტიული დემოკრატიისკენ სწრაფვა და თავისუფალი არჩევნები ქართული საზოგადოების ნება და მნიშვნელოვანი მონაპოვარია. შესაბამისად, მნიშვნელოვანია მომავალი პარლამენტის მრავალპარტიულ გარემოში ფუნქციონირება, ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი რეფორმების მრავალპარტიულ - პლურალურ გარემოში განხორციელება, რაც მნიშვნელოვნად გააძლიერებს და გააჯანსაღებს ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესს, ასევე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.