განცხადება ელექტრონული ტექნოგოლიების გამოყენებით 2024 წლიდან არჩევნების ჩატარების შესახებ

მიგვაჩნია, რომ საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების ფართოდ დანერგვის ინიციატივა ცალსახად პოზიტიურია, თუმცა მნიშვნელოვანია პროცესი წარიმართოს მაქსიმალურად ინკლუზიურად და ნებისმიერი ცვლილება განხორციელდეს საერთაშორისო სტანდარტებისა და კარგი პრაქტიკის გათვალისწინებით.
აღსანიშნავია, რომ საარჩევნო პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაზე მოთხოვნა მთელს მსოფლიოში დღითიდღე იზრდება, შესაბამისად ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების უპირატესობა თვალსაჩინო ხდება. ამავდროულად თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარებული კენჭისყრა აღიქმება როგორც დემოკრატიული განვითარების, საარჩევნო პროცესისადმი საზოგადოების ნდობის განმტკიცების, არჩევნების შედეგების სამართლიანი ასახვის და ზოგადად, საარჩევნო პროცესის ეფექტიანობის გაზრდის შესაძლებლობა.
ამავდროულად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დადებითი მხარე, ხმის მიცემის პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებისა არის შედეგების სიზუსტე და დროულობა, რაც უზრუნველყოფს შედეგების უმოკლეს დროში ხელმისაწვდომობას. თუმცა, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებას თან ახლავს გარკვეული გამოწვევებიც, რომლებიც საჭიროებს სიღრმისეულ განხილვას და შესაბამისი სიფრთხილის გამოჩენას.
ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის პროცესში მნიშვნელოვანია გათვალისწინებულ იქნეს შემდეგი მნიშვნელოვანი საკითხები:
1. საქართველოში ბოლო წლებში აქტიურად მიმდინარეობდა მუშაობა საარჩევნო პროცესში ელექტრონულ ტექნოლოგიების დანერგვაზე. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია განვლილი გამოცდილების და შესაძლო რისკების ფართო შეფასება.
2. ნებისმიერი ტექნოლოგიის დანერგვამდე საჭიროა ფინანსური რესურსებისა და შესაძლებლობების გადახედვა და სწორი ტექნიკურ-ეკონომიკური ანალიზი.
3. საზოგადოების ნდობის მოსაპოვებლად მნიშვნელოვანია კანონმდებლობაში განსახორციელებელი ნებისმიერი ცვლილება იყოს ყველა ძირითადი ინსტიტუტისა და დაინტერესებული მხარის ინკლუზიური კონსულტაციის შედეგი.
4. მნიშვნელოვანია საარჩევნო რეფორმა განხორციელდეს და დასრულდეს გონივრული ვადის ფარგლებში, რათა ყველა ჩართულმა მხარემ, მათ შორის საარჩევნო ადმინისტრაციამ, საარჩევნო სუბიექტებმა და სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა მოასწრონ მომზადება და რაც ძალიან მნიშვნელოვანია მოხდეს ამომრჩეველთა დროული და ეფექტური ინფორმირება.
აღსანიშნავია, რომ განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების პროცესში აქტიური ჩართულობა და მონიტორინგი. აღნიშნული მიზნით, CDD 2018 წლიდან მოყოლებული აკვირდება და მომავალშიც დააკვირდება ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის პროცესს.