CDD-ის დამკვირვებლების უფლებების შეზღუდვისა და საქმიანობისთვის ხელის შეშლის ფაქტთან დაკავშირებით

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) სადამკვირვებლო მისია აკვირდებოდა 1 ოქტომბერს გორისა და კასპის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩევნების მიმდინარეობას. მისია, მობილური ჯგუფების მეშვეობით, მონიტორინგს უწევდა საარჩევნო უბნის გახსნის, კენჭისყრის უბნის დახურვისა და შედეგების შეჯამების პროცესებს იმ უბნებში, სადაც არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა.
მონიტორინგის პროცესში, ადგილი ჰქონდა CDD-ს სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებისთვის საქმიანობის შეზღუდვის ფაქტს, როდესაც გორის საოლქო კომისიის თავმჯდომარემ დამკვირვებლებს არ მისცა საშუალება დაკვირვებოდნენ საუბნო საარჩევნო კომისიებიდან საარჩევნო დოკუმენტაციის/ინვენტრის/ელ-აპარატურის მიღება-დახარისხების და საარჩევნო ბიულეტენების გაციფრულების პროცესს.
აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს დამკვირვებლის საქმიანობაში ხელისშეშლას, რაც სრულიად მიუღებელია და წარმოადგენს საქართველოს საარჩევნო კოდექსის, საარჩევნო პრინციპების და ქცევის (ეთიკის) კოდექსის ნორმების უხეშ დარღვევას. წარმოდგენილ ფაქტთან დაკავშირებით განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრმა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარადგინა შესაბამისი საჩივარი.