121 ქართული არასამთავრობოსა და მედიის სარჩელი “რუსული კანონის” წინააღმდეგ
121 ქართული არასამთავრობო და მედია ორგანიზაცია ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ, რისთვისაც სარჩელით მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს. სარჩელთან ერთად, დროებითი ღონისძიების სახით, სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მოვითხოვთ კანონის არაკონსტიტუციური ნორმების ამოქმედების შეჩერებასაც.
კონსტიტუციური სარჩელი კიდევ ერთხელ ნათლად ადასტურებს, რომ ეს კანონი ლახავს თითოეული ადამიანის უფლებას, გაერთიანდეს თანამოაზრეებთან ერთად საზოგადოდ სასიკეთო საქმის საკეთებლად და სხვა ადამიანების დასახმარებლად. აღნიშნული კანონის მიღებით ხელისუფლება მტრულ და ღირსების შემლახავ გარემოს ქმნის, რითიც გაერთიანების, გამოხატვისა და სხვა უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობას საფრთხედ აცხადებს.
ვიმედოვნებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო უმოკლეს ვადებში განახორციელებს საკუთარ უფლებამოსილებას და შეაჩერებს კანონის შესაბამისი ნორმების მოქმედებას.