CDD საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე მომხდარ ძალადობის ფაქტებს გმობს

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD) ზუგდიდის საარჩევნო ოლქის კორცხელის თემში საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე მომხდარ ძალადობას გმობს. 

 

სამწუხაროდ, კვლავაც გრძელდება პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერების მობილიზების მანკიერი პრაქტიკა საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე. აღნიშნული ტიპის მობილიზაცია იწვევს დაძაბულობას და ზრდის საარჩევნო სუბიექტებს შორის პროვოცირებისა და დაპირისპირების რისკს. რისი მაგალითიც იყო ზუგდიდის N53 და წყალტუბოს N50 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების ფაქტები.

 

მსგავსი ფაქტები ფსიქოლოგიურ და მორალურ ზეწოლას ახდენს ამომრჩევლის ნებაზე და ზღუდავს არჩევანის თავისუფლებას. ეს უკანასკნელი კი უარყოფითად მოქმედებს საარჩევნო გარემოზე და აზარალებს ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებს.

 

მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს და მათ მხარდამჭერებს, რომელთაც პოლიტიკური თმენის და თავშეკავების ვალდებულება აკისრიათ, შეინარჩუნონ სიმშვიდე, აღკვეთონ ყოველგვარი აგრესიული ქმედება და თავი შეიკავონ საარჩევნო პროცესის ძალადობრივი ესკალაციისგან.

 

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, უზრუნველყონ ძალადობრივი ქმედებების ეფექტური გამოძიება, დროულად მოახდინონ ინციდენტში მონაწილე პირების იდენტიფიცირება და მათთვის უმკაცრესი პასუხისმგებლობის დაკისრება. ეს უკანასკნელი კი მეტად მნიშვნელოვანია მომავალი საპარლამენტო არჩევნებისათვის მსგავსი ინციდენტების პრევენციისა და დაუსჯელობის განცდის უგულებელსაყოფად.

 

22-05-2016