რეკომენდაციები საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისათვის

ჩვენ, საზოგადოებრივი ორგანიზაციები, საქართველოში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისა და საკანონმდებლო ბაზის საერთაშორისო სტანდარტებთან სრული ჰარმონიზაციისათვის აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას.


მიგვაჩნია, რომ უმნიშვნელოვანესია სასწრაფოდ მოხდეს საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ჯგუფის ფორმირება, რომლის მუშაობაში აქტიურ მონაწილებას მიიღებენ როგორც პარლამენტის და მთავრობის  წევრები, ასევე არჩევნებში ჩართული ყველა მხარის წარმომადგენლები (პოლიტიკური პარტიები, საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები, საარჩევნო ადმინისტრაცია).


მოგეხსენებათ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ცვლილებები საკანონმდებლო ბაზაში განხორციელებული უნდა იქნას მორიგ არჩევნებამდე მინიმუმ ერთი წლით ადრე. ასევე ქვეყანაში მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმის ჭრილში, ზემოთხსენებული მიმართულებით რეფორმის შემთხვევაში, შესაბამისი ცვლილებები მოითხოვს ქვეყნის კონსტიტუციაში ასახვასაც. სწორედ ამიტომ უმნიშვნელოვანესია, რომ საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ჯგუფის ფორმირება და მუშაობის დაწყება მოხდეს 2015 წლის გაზაფხულზე.


წლების განმავლობაში ნათლად გამოიკვეთა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისათვის აუცილებელი რიგი ფუნდამენტური საკითხების დახვეწის აუცილებლობა მათ შორის: საარჩევნო სისტემა, საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირების წესი, საარჩევნო კამპანია, პოლიტიკური პარტიების დაფინანსება და სხვა. აღნიშნული მიმართულებით სიტუაციის გაუმჯობესება კი მოითხოვს ღია დისკუსიასა და საერთო კონსენსუსს.


არჩევნებისთვის თვისობრივად უკეთეს, გამჭვირვალედ, სამართლიან გარემოში ჩატარების მიზნით, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია შემდეგი საკითხების მოწესრიგება:

 

საარჩევნო სისტემა

 

საარჩევნო სისტემა წარმოადგენს ქვაკუთხედს საარჩევნო რეფორმის ჭრილში. დღეს მოქმედი საარჩევნო სისტემა წლებია წარმოადგენს კრიტიკის საგანს ადგილობრივი/ საერთაშირისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების მხრიდან, ვინაიდან, ის ვერ უზრუნველყოფს მნიშვნელოვანი საერთაშორისო სტანდარტების აღსრულებას: ამომრჩეველთა ნების პროპორციულად ასახვას მანდატებში, არ არის დაცული ერთი ხმის თანაბრობის პრინციპი.
უმნიშვნელოვანესია, რომ საარჩევნო სისტემა უზრუნველყოფდეს: სამართლიანი, თანასწორი, ფარული, თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებას.  უზრუნველყოფილი უნდა იქნას ამომრჩეველის ნების პროპორციულად გარდასახვა მანდატებში, წარმომადგენლობითობისა და ხმის წონის თანაბრობის პრინციპის დაცვა.

 

საქართველოს რეალობის გათვალისწინებით მნიშვნელოვანია პოლიტიკური პლურალიზმისა და სხვადასხვა ჯგუფების წარმომადგენლობითობის გაზრდის წახალისება (ქალები, შშმ პირები, ეროვნული უმცირესობები). 


შერჩეული საარჩევნო სისტემა უნდა იყოს მარტივი და ამომრჩევლისათვის საკუთარი ნების დაფიქსირება არ უნდა წარმოადგენდეს სირთულეს.


პასიური საარჩევნო უფლების საკითხი


ბოლო რამდენიმე არჩევნებმა ნათლად დაგვანახა კანონმდებლობაში არსებული ხარვეზები: ცხოვრების ცენზის მოხსნა, ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებისათვის პასიური საარჩევნო უფლების მინიჭების საკითხი, დამოუკიდებელი კანდიდატებისათვის არჩევნებში მონაწილეობის უფლების უზრუნველყოფის აუცილებლობა.
მიგვაჩნია, რომ უმნიშვნელოვანესია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის (შშმ) პასიური სარჩევნო უფლების გამოყენების უზრუნველსაყოფად უნდა შეიქმნას თანასწორობის ფონდი, რომელიც დააფინანსებს კონკრეტული შშმ კანდიდატის საჭიროებებს, რათა მან შეძლოს საარჩევნო კამპანიის წარმართვა თანასწორ პირობებში. აღნიშნული მიმართულებით შესაძლებელია გამოყენებული იქნას წარმატებული საერთაშორისო გამოცდილება.

 

გენდერული თანასწორობა


მიგვაჩნია, რომ მეტად მნიშვნელოვანია ქალთა წარმომადგენლობის გასაზრდელად შემოღებული იქნას ქმედითი მექანიზმები, რაც რეალურად გაზრდის ქალთა წარმომადგენლობას არჩევით თანამდებობებზე. მიგვაჩნია, რო მ ერთერთი ქმედითი ნაბიჯი  იქნება პროპორციული სისტემისათვის გენდერული ქვოტის შემოღება (სიაში ყოველი მეორე განსხვავებული სქესის წარდგენის ვალდებულებით).


მეტად მნიშვნელოვანია პოლიტიკურმა პარტიებმა ხელი შეუწყონ შიდა პარტიული ქალთა ორგანიზაციების ჩამოყალიბებასა და წინსვლას. გათვალისწინებული უნდა იქნას საერთაშორისო გამოცდილება და შემოღებულ იქნას შიდა პარტიული ქალთა მომზადებისა და დაწინაურების ეფექტური მექანიზმები. მნიშვნელოვანია შემუშავდეს ქალთა პოლიტიკური განათლების სახელმწიფო პროგრამები, რათა ამაღლდეს ქალთა პოლიტიკური მომზადების დონე.


პოლიტიკურ პარტიების დაფინანსება 


მიგვაჩნია, რომ გამიჯნული უნდა იქნას პარტიის დაფინანსებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის დარღვევა, რაც ადმინისტრაციული შეცდომით არის განპირობებული და განზრახ ჩადენილი სამართალ დარღვევა, რომელთაგან პირველი პროპორციულ სამოქალაქო სანქციებს უნდა ექვემდებარებოდეს, ხოლო უფრო მძიმე განზრახ ჩადენილი დანაშაული სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებდეს.


საარჩევნო წლიური ხარჯების საერთო ოდენობა გადაიხედოს. მთლიან შიდა პროდუქტთან კავშირი უნდა გაუქმდეს და დადგინდეს რეალური ზედა ზღვარი, რომელიც შეესაბამება მოსახლეობის რაოდენობას და საარჩევნო კამპანიისათვის ხელმისაწვდომ რესურსებს.


უმნიშვნელოვანესია გადაიხედოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის,  პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის რესურსები და მანდატი, რათა მათ შეძლონ სრულფასოვანი   ფინანსური მონიტორინგის განხორიცელება და პოლიტიკაში არსებული თანხების მაქსიმალური გამჭვირვალობის ხელშეწყობა.

 

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობის ოპტიმიზაცია


მიგვაჩნია, რომ უნდა გადაიხედოს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ფუნქცია – მოვალეობები და მოხდეს მათი ოპტიმიზაცია. კენჭისყრის დღის პროცედურების გამარტივებისა და რიგი ფუნქციების სწორად გადანაწილების პირობებში მიგვაჩნია, რომ შესაძლებელია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობის შემცირება.

 

საუბნო საარჩევნო კომისიის ყველა წევრს უნდა ქონდეს მინიჭებული კონკრეტული ფუნქცია, ხოლო იმ უბნებზე, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა მცირეა შესაძლებელია, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ 6 წევრის ნაცვლად დანიშნული იქნას 2, 3, ან 4 წევრი. ამ შემთხვევაში კი, სავალდებულო ნორმად გაიწეროს, რომ ასეთი ტიპის საარჩევნო უბნებზე საუბნო კომისიის თავმჯდომარის არჩევა მოხდეს საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ პროფესიული ნიშნით დანიშნული წევრებისგან.

 

კომისიების შემადგენლობის ოპტიმიზაცია ხელს შეუწყობს არსებული რესურსის უკეთ გადანაწილებას, ადმინისტრაციის წევრებისთვის უკეთესი ანაზღაურებისა და მომზადების შესაძლებლობას.


უმნიშვნელოვანესია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ტრენინგებზე დასწრების ვალდებულების შემოღება. ასევე, პოლიტიკური პარტიების მიერ კომისიის წევრთა გამოწვევის ვადების შეზღუდვა და არსებული ვადების გაზრდა (არჩევნებამდე მინიმუმ 25 დღემდე), რათა მოხერხდეს კომისიის წევრთა სათანადო მომზადების უზრუნველყოფა. 

 

მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანი არსებული სისტემით საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების პირობებში (შერეული სისტემა: პროფესიული და პოლიტიკური პარტიების წარმომადგნელები) აუცილებელია დაზუსტდეს საარჩევნო ბლოკისათვის, როგორც საარჩევნო სუბიექტისათვის საარჩევნო ადმინისტრაციაში წევრთა წარდგენის მაქსიმალური რაოდენობა, რათა უზრუნველყოფილი იქნას პოლიტიკური პლურალიზმი საარჩევნო ადმინისტრაციის შემადგენლობაში, რაც წარმოადგენს პარტიული ნიშნით დანიშნული წევრების  წარმომადგენლობის მთავარ არსს.

 

წინა საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა


მიგვაჩნია,  რომ მნიშვნელოვანია კანონმდებლობაში ნათლად განისაზღვროს  საჯარო პირების მიერ წინა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებში პასიური მონაწილეობის საკითხი, ასევე განისაზღვროს აქვთ თუ არა პოლიციელებს ამგვარ ღონისძიებებზე დასწრების უფლება და თუ აქვთ რა პირობებით შეუძლიათ მათ ამის გაკეთება.

 

არჩევნების დღის პროცედურების გამარტივება და ამომრჩეველთა სიები


უმნიშვნელოვანესია მოხდეს ამომრჩეველთა ბიომეტრული სიის ფორმირება. მიგვაჩნია, რომ არჩევნების დღე გადატვირთულია რიგი პროცედურებით, რაც ართულებს პროცესის ადმინისტრირებას, მედიის მიერ არჩვენების გაშუქებას, წარმოადგენს ბიუროკრატიულ მექანიზმებს და მოითხოვს დამატებით რესურსებს. მიგვაჩნია, რომ მარკირების პროცედურის ამოღებით და მედიის მიერ ვიდეო გადაღების შემზღუდველი დადგენილების გაუქმებით, შესაძლებელია არჩევნების დღის პროცედურების მნიშვნელოვნად გამარტივება.

 

პოლიტიკური რეკლამა


მიგვაჩნია, რომ კანონით უნდა განისაზღვროს ფასიანი პოლიტიკური რეკლამის ზედა ზღვარი. მაუწყებელთა ფინანსური დეკლარაციების მიხედვით დაანგარიშდეს ე.წ. უფასო პოლიტიკური რეკლამის ღირებულება და მოხდეს მისი კომპენსირება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

 

ამ ცვლილებების განხორციელება ერთის მხრივ ხელმისაწვდომს გახდის პოლიტიკური რეკლამის განთავსებას ყველა პარტიისთვის,  ხოლო მეორეს მხრივ ხელს შეუწყობს მაუწყებლების მდგრადობას.  ასევე, კვალიფიციურ საარჩვენო სუბიექტებს მიეცეთ სპეციალური სარეკლამო ვაუჩერები,  რომლითაც ისინი შეძლებენ განათავსონ პოლიტიკური რეკლამა მათთვის სასურველ არხზე. ამგვარი ცვლილება მოუხსნის ე.წ. უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსების ტვირთს კერძო მაუწყებლებს.

 

ამომრჩევლის ნების დაფიქსირება -„ხმა ყველას წინააღმდეგ“


ამომრჩეველთა მხრიდან დაფიქსირებული პოზიციისა და მოთხოვნის შესაბამისად,  მიგვაჩნია, რომ უმნიშვნელოვანესია ამომრჩეველს მიეცეს საშუალება არჩევნების დღეს, სურვილის შემთხვევაში, საარჩევნო ბიულეტენში დააფიქსიროს „ხმა ყველას წინააღმდეგ“ ამ შემთხვევაში ნათლად დაფიქსირდება ამომრჩევლის ნება და დღეს არსებული რეგულაციების შესაბამისად მსგავსი ბიულეტენი არ იქნება მიჩნეული ბათილად არამედ ჩაითვლება ამომრჩევლის პოზიციად. 

 

ხელმომწერი საზოგადოებრივი ორგანიზაციები:


• ადამიანის უფლებათა ცენტრი
• განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი
• კონსტიტუციის 42-ემუხლი
• კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის 
• საზოგადოებრივი დამცველი
• სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი
• საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია
• საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრი 
• ქალთა პოლიტიკური რესურს ცენტრი

 

24-02-2015