მითები და რეალობა - ევროკავშირი და საქართველო

მითი 1: ,,ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა ქართულ კულტურასა და ტრადიციულ ფასეულობებს საფრთხეს უქმნის”.
ფაქტი:  ნამდვილად არ არის ასე. ევროკავშირი რომელიმე ქვეყნის კულტურის შეცვლას კი არ ცდილობს, არამედ იღწვის ევროპის კულტურათა მრავალფეროვნების დაცვისათვის.  ევროკავშირი ის ორგანიზაციაა, რომელიც ყველანაირად მხარს უჭერს და ხოტბას ასხამს მრავალფეროვნებას; ბოლოს და ბოლოს, ჩვენი დევიზია ,,ერთიანობა მრავალფეროვნებაში”. ევროკავშირი პატივს სცემს საქართველოს კულტურულ ფასეულობებს. და ჩვენ გვჯერა, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმება ხელს შეუწყობს ამ ფასეულობათა დაცვას.

მითი 2: ,,ასოცირების შესახებ შეთანხმება აიძულებს საქართველოს, დააკანონოს ჰომოსექსუალთა შორის ქორწინება.”
ფაქტი: არა. ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსაც კი არ მოეთხოვებათ ჰომოსექსუალთა შორის ქორწინების დაკანონება, რამდენიმე მათგანი კი საერთოდ არ აღიარებს ამგვარ ქორწინებას.

მითი 3: ,,ევროკავშირი აიძულებს საქართველოს, შემოიღოს დისკრიმინაციის საწინააღმდეგო კანონმდებლობა, რომელიც გზას გაუკაფავს ჰომოსექსუალთა შორის ქორწინებას.”
ფაქტი: სულაც არა! საქართველო ახორციელებს ისეთ კანონმდებლობას, რომელიც მის მოქალაქეებს დისკრიმინაციისგან დაიცავს. ევროკავშირი მიესალმება ამ ინიციატივას, რომელიც ასევე წარმოადგენს ერთ-ერთ მოთხოვნას ევროკავშირის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის თანახმად. დისკრიმინაციის საწინააღმდეგო კანონმდებლობა უბრალოდ უზრუნველყოფს ყველა მოქალაქის მიმართ თანასწორ მოპყრობას, მათ შორის იმ მოქალაქეების მიმართაც, რომლებიც უმცირესობებს განეკუთვნებიან. ასეთი კანონმდებლობა იცავს მოქალაქეთა არსებულ უფლებებს, მაგალითად, მოქალაქეთა უფლებას, მათ მიმართ არ იქნეს გამოყენებული დისკრიმინაცია სამუშაო ადგილებზე.

მითი 4: ,,ასოცირების შესახებ შეთანხმება კიდევ უფრო გაართულებს რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობას და შესაძლოა მეტი დაძაბულობა გამოიწვიოს სეპარატისტულ რეგიონებში.”
ფაქტი: შეთანხმება არანაირად არ აქეზებს საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ. პირიქით, ის მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს სტაბილურობას და თანამშრომლობას რეგიონში. საქართველო, სადაც მშვიდობა და კეთილდღეობა იქნება გამეფებული, რუსეთის ინტერესებშიც არის. ასოცირების შესახებ შეთანხმებამ შეიძლება ხელი შეუწყოს კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებას. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ დროთა განმავლობაში ყველა ის ადამიანი, რომელიც ცხოვრობს საქართველოს საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებულ საზღვრებში, ისარგებლებს იმ უპირატესობებით, რომლებსაც მოიტანს ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის წყალობით ამაღლებული ცხოვრების დონე.

 

მითი 5: ,,ასოცირების შესახებ შეთანხმებამ შეიძლება გამოიწვიოს საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების - მათ შორის სომხური და აზერბაიჯანული წარმომავლობის უმცირესობების - იზოლირება და მიგვიყვანოს სეპარატიზმისკენ მიმართულ მცდელობებთან.”
ფაქტი: შეთანხმება აქტიურად უჭერს მხარს დისკრიმინაციის არარსებობას და მაქსიმალურად უწყობს ხელს უმცირესობათა დაცვას. იგი აღიარებს უმცირესობების მნიშვნელოვან როლს ეროვნული ერთიანობის გრძნობის გაღრმავების საქმეში. საქართველოში მცხოვრები ყველა ადამიანისთვის ცხოვრების დონის ამაღლების წყალობით ასოცირების შესახებ შეთანხმება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ეროვნულ ერთიანობაში.


მითი 6: ,,ასოცირების შესახებ შეთანხმება ხელყოფს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტორიტეტს”.
ფაქტი: ევროკავშირი ღრმა პატივისცემით არის განმსჭვალული საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის და საქართველოს ეროვნულ ცხოვრებაში მისი მნიშვნელოვანი როლისადმი. 2014 წლის მარტში ევროკომისარი შტეფან ფულე შეხვდა პატრიარქ ილია II-ს და მათ ისაუბრეს ევროკავშირთან საქართველოს პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის შესახებ. პატრიარქმა გამოხატა საქართველოს ევროპული არჩევანისადმი თავისი უპირობო მხარდაჭერა.


მითი 7: ,,შეთანხმება საქართველოს მცირედ სარგებელს მოუტანს, მაშინ, როცა დამატებით ვალდებულებებს დააკისრებს”.
ფაქტი: ნამდვილად არა; შეთანხმება საქართველოს ბევრ საგრძნობ სარგებელს მოუტანს. დროთა განმავლობაში ასოცირების შესახებ შეთანხმება შედეგად მოიტანს ქართველთა ცხოვრების დონის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას, განსაკუთრებით დემოკრატიის გაძლიერების, პოლიტიკური, ეკონომიკური და ინსტიტუციური სტაბილურობის გაზრდის, ასევე, უფრო ძლიერი და აყვავებული ეკონომიკის მეშვეობით. ეკონომიკის პროგნოზირებული ზრდა წელიწადში 4.3%-ის ტოლი უნდა იყოს.


მითი 8: ,,შეთანხმების ხელმოწერა ზიანს მოუტანს საქართველოს ეკონომიკას”.

ფაქტი: პირიქით, საქართველო რეალურ სარგებელს მიიღებს ვაჭრობის სფეროში წარმოქმნილი ახალი შესაძლებლობების და ევროკავშირის ბაზრის - მსოფლიოში უდიდესი ბაზრის - მისაწვდომობის გაადვილების შედეგად. შეთანხმება საქართველოს ეკონომიკას მისცემს შესაძლებლობას, წამოეწიოს ევროკავშირს კონკურენტუნარიანობის თვალსაზრისით და ამის შედეგად დროთა განმავლობაში დაიმკვიდროს ადგილი მსოფლიო ეკონომიკაში. ეს შექმნის ახალ შესაძლებლობებს არა მარტო ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვაჭრობაში, არამედ, ევროკავშირის ნორმებისა და სტანდარტების მსოფლიო მასშტაბით აღიარების წყალობით, მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან ვაჭრობაშიც. აღნიშნული სტანდარტების დაკმაყოფილება ქართველ მომხმარებლებს ბევრად დიდი არჩევანის შესაძლებლობას მისცემს, უზრუნველყოფს უფრო მაღალი ხარისხის პროდუქციას და საქართველოს უცხოელი ინვესტორებისათვის უფრო მიმზიდველ ადგილად აქცევს. ყველაზე სენსიტიური სექტორები სარგებელს ნახავენ ხანგრძლივი გარდამავალი პერიოდების წყალობით, რომლებიც შესაძლებელს გახდის საქართველოს ეკონომიკის დაუბრკოლებელ ადაპტაციას.


მითი 9: ,,ევროკავშირი ჩაბმულია გეოპოლიტიკურ კონკურენციაში რუსეთის ფედერაციასთან”.
ფაქტი: არა. ეს შეხედულება არის მედიაში ზოგიერთი ელემენტის მიერ გავრცელებული მითი, მაგრამ ის არ ასახავს რეალობას ან ევროკავშირის განზრახვებს. საქართველო ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორი არა რაღაც გამოგონილი გეოპოლიტიკური მეტოქეობის გამოა, არამედ იმიტომ, რომ საქართველო წარმოადგენს მნიშვნელოვან პარტნიორს აღმოსავლეთ ევროპაში სტაბილურობისა და კეთილდღეობის მისაღწევად. სწორედ ამიტომ მოახდინა ევროკავშირმა სერიოზული პოლიტიკური კაპიტალის, ფინანსური დახმარებისა და ტექნიკური გამოცდილების ინვესტირება საქართველოსთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის მისაღწევად.

 

მითი 10: ,,ასოცირების შესახებ შეთანხმება და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე საქართველოს ხელ-ფეხს უბოჭავს და ზღუდავს მის სუვერენულობას”.
ფაქტი: ასოცირების შესახებ შეთანხმება/ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე გულისხმობს სრულ პატივისცემას საქართველოს სუვერენიტეტის და მისი პოლიტიკური არჩევანის მიმართ, მათ შორის სხვა ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებების ხელმოწერის უფლების მიმართ. გარდა ამისა, ასოცირების შესახებ შეთანხმება მიზნად ისახავს ტერიტორიული მთლიანობის, საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებული საზღვრების დაურღვევლობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის პრინციპების დამკვიდრების ხელშეწყობას, როგორც ეს განსაზღვრულია გაერო-ს 1945 წლის ქარტიაში და ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის შესახებ კონფერენციის 1975 წლის ჰელსინკის საბოლოო აქტში.

 

ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ფარგლებში საქართველოს რჩება თავისუფალი არჩევანი - მიიღოს სხვა ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები, განსხვავებით საქართველოს მონაწილეობისგან ნებისმიერ საბაჟო კავშირში. რაც შეეხება საქართველოს მონაწილეობას საბაჟო კავშირში, ეს შეამცირებს საქართველოს სუვერენიტეტს, ვინაიდან გამოიწვევს საქართველოს მიერ საკუთარი სავაჭრო პოლიტიკის გადაცემას გარეშე, ზესახელმწიფოებრივი უწყებისათვის.
ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე საქართველოს ინტერესებშია - ამჟამად ევროკავშირი, მსოფლიოში უდიდესი ბაზარი, საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორია და საქართველოს მთელი ვაჭრობის 26% ევროკავშირთან ვაჭრობაზე მოდის. საქართველო დაინტერესებულია ვაჭრობის ხარჯების შემცირებით და მისი გაფართოებით. ევროკავშირში ექსპორტის მოცულობის გაზრდა ნიშნავს მეტი შემოსავლის მიღებას და, შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკის ზრდას.

 

მითი 11: ,,საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ რამდენიმე შეთანხმება აქვს გაფორმებული დსთ-ის წევრებთან, რომლებიც ევროკავშირს ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცესთან შეუთავსებლად მიაჩნია”.
ფაქტი: ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე არ აწესებს რაიმე შეზღუდვას საქართველოს მიერ სხვა ქვეყნებთან გაფორმებულ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებებზე. პირიქით, თავისუფალი ვაჭრობის სივრცეები, მაგალითად, ისეთ ქვეყნებთან, როგორიც არის თურქეთი, ხელს უწყობს ვაჭრობის გაფართოებას, ვინაიდან კომპანიებს ექმნებათ შესაძლებლობა ნაკლებ ფასად მოახდინოს საწარმოო პროცესებისა და იმპორტის კომპონენტების გაერთიანება. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის ზრდას, შესაბამისად, ის არ წარმოადგენს საფრთხეს მისთვის ან სხვა ქვეყნებთან მისი ურთიერთობებისთვის. საქართველოს შეუძლია საკუთარი ნება-სურვილის მიხედვით აწარმოოს სავაჭრო ურთიერთობა რუსეთთან, თურქეთთან, აზერბაიჯანთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ან სხვა ახლანდელ თუ მომავალ პარტნიორთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ფარგლებში.


მითი 12: ,,საქართველო-რუსეთის ურთიერთობა ვაჭრობის სფეროში სავარაუდოდ გაუარესდება მას შემდეგ, რაც საქართველოსთვის მისაწვდომი გახდება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე”.
ფაქტი: ეს ასე არ არის. ევროკავშირის და რუსეთის ბაზრები სხვადასხვაა, ევროკავშირთან ვაჭრობა არ ხდება რუსეთთან ვაჭრობის ხარჯზე. ბიზნესკავშირები ყველაზე კარგად სტაბილურ და პროგნოზირებად სამართლებრივ გარემოში ვითარდება და სწორედ ეს არის განმსაზღვრელი ფაქტორი საწარმოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას იმასთან დაკავშირებით, თუ სად აწარმოოს ვაჭრობა. არ არსებობს სავაჭრო ურთიერთობის შეწყვეტის მიზეზი, როდესაც დაცულია შესაბამისი წესები.


მითი 13: ,,ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემთხვევაში საქართველოს ტრადიციულ ექსპორტს რუსეთში ძირი გამოეთხრება ევროპული სტანდარტების მიღების გამო”.
ფაქტი: ევროკავშირის სტანდარტები არასოდეს ყოფილა რუსეთში ან ნებისმიერ სხვა ქვეყანაში ექსპორტის წარმოების ხელისშემშლელი ფაქტორი, როგორც ამას საკმარისად ადასტურებს ევროკავშირის კომპანიების და იმ სხვა მწარმოებლების გამოცდილება, რომლებიც ევროკავშირის ნორმებსა და სტანდარტებს იცავენ. ამიტომ არ არსებობს ობიექტური მიზეზი იმისა, რომ ევროკავშირის სტანდარტებმა ქართული კომპანიებისთვის წარმოქმნას პრობლემები. იმ ქართულ კომპანიებს, რომლებიც უკვე ახდენენ პროდუქციის ექსპორტირებას რუსულ ბაზარზე, შეუძლიათ განაგრძონ ეს საქმიანობა, მას შემდეგაც კი, რაც განხორციელდება ასოცირების შესახებ შეთანხმება - თუ მათ ამაში პოლიტიკურად მოტივირებული აკრძალვები და შეზღუდვები არ შეუშლის ხელს.


მითი 14: ,,ევროკავშირი მეტ სარგებელს ნახავს საბაჟო გადასახადების გაუქმების შედეგად, ვიდრე საქართველო”.
ფაქტი: არ არის ასე. საქართველო მეტად არის დამოკიდებული ევროკავშირთან ვაჭრობაზე, ვიდრე პირიქით. ასე რომ, ტარიფების გაუქმების შედეგად საქონელბრუნვის გაზრდის შედეგად უპირველეს ყოვლისა საქართველო ნახავს სარგებელს. რაც შეეხება საქონელს, იმპორტზე გადასახადი ევროკავშირიდან საქართველოში იმპორტირებულ ყველა საქონელზე ან პირიქით დაუყოვნებლივ იქნება გაუქმებული. შედეგად, მოსალოდნელია საქართველოში ვაჭრობის 12%-ით ზრდა ექსპორტის კუთხით და 7.5%-ით იმპორტის კუთხით. ეს მნიშვნელოვანი სტიმული იქნება ქვეყნის ეკონომიკისთვის და კომპანიებისთვის. გარდა ამისა, ევროპელი იმპორტიორები დაზოგავენ 10.8 მილიონ ევროს გადასახადების შემცირების შედეგად, მაშინ, როცა ქართველი იმპორტიორები ყოველწლიურად დამატებით 84.2 მილიონ ევროს დაზოგავენ საბაჟო გადასახადის გაუქმების შედეგად.

 

მითი 15: ,,ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ეკონომიკური სარგებელი უმნიშვნელოა, მაშინ, როცა რეფორმის გატარებას სერიოზული ხარჯები სჭირდება”.
ფაქტი: მოსალოდნელია, რომ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე გაზრდის ვაჭრობას ევროკავშირსა და საქართველოს შორის 12%-ით საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტის კუთხით და 7.5%-ით ევროკავშირიდან იმპორტის კუთხით. პროგნოზირებულია, რომ ამ სივრცის წყალობით მშპ ყოველწლიურად 4.3%-ით გაიზრდება (292 მილიონი ევრო ქვეყნის შემოსავლის სახით), იმ პირობით, თუ რეფორმების განხორციელება დასრულდება. ევროკავშირი დაეხმარება საქართველოს და მის ეკონომიკურ აგენტებს აღნიშნული რეფორმების შემუშავებაში და განხორციელებაში გარდამავალ პერიოდებში, რომლებიც ასოცირების შესახებ შეთანხმებაშია გათვალისწინებული. ზემოთ მოცემული ციფრები არ მოიცავს ინვესტიციების ზრდას, რაც სავარაუდოდ მნიშვნელოვნად მოიმატებს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის მეშვეობით ბაზრების გახსნის შედეგად.


მითი 16: ,,ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შედეგად მხოლოდ ევროკავშირი მიიღებს სარგებელს. საქართველო დაკარგავს სამუშაო ადგილებს, კომპანიებსა და ნიჭიერ ადამიანებს, რომლებიც სამუშაოდ ევროპაში წავლენ”.
ფაქტი: არ არის ასე. შეთანხმება უზრუნველყოფს ფართო ჩარჩოს საქართველოს წარმოების სტიმულირებისთვის, ბიზნესის გაძლიერებისთვის და დასაქმების ზრდისთვის გრძელვადიან პერსპექტივაში. შეთანხმება ითვალისწინებს რიგ დაუყოვნებელ სარგებელს საქართველოსთვის, რაიმე რეფორმების პროცესის გარეშე: 1) ევროკავშირი გააუქმებს ყველა საიმპორტო მოსაკრებელს ქართულ იმპორტზე იმ დღიდან, როდესაც ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე ძალაში შევა. ამ გადაწყვეტილების წყალობით საქართველოს ექსპორტი დაუყოვნებელ სარგებელს მიიღებს. 2) ასევე დაუყოვნებელი სარგებელი შეიძლება მიიღონ კომპანიებმაც ევროკავშირში ან საქართველოში დაფუძნების უფრო მარტივი პირობების შემოღების წყალობით. ეს გაზრდის ინვესტიციებს და შექმნის სამუშაო ადგილებს საქართველოში. 3) კომპანიები შეძლებენ მომსახურების უფრო ფართო მასშტაბით გაწევას, ვიდრე ადრე, რაც ასევე გააფართოებს მათ საქმიანობას და შექმნის სამუშაო ადგილებს.


მითი 17: ,,ახლა არ არის ხელსაყრელი დრო რეფორმების წამოსაწყებად. საქართველოს ეკონომიკის ზრდა აღარ მიმდინარეობს სწრაფი ტემპით, ჩვენ ახლა არა გვაქვს ამის საშუალება. ბიზნესებს გაკოტრება ემუქრებათ, ვინაიდან ისინი უკვე კრიზისის წინაშე დგანან.”
ფაქტი: მართალია, რომ 2012 წელს საქართველოს ეკონომიკურ ზრდაში შეფერხება აღინიშნა. ეს შეფერხება სხვადასხვა ბიზნესმა ნამდვილად იგრძნო. მაგრამ მსოფლიო ბანკის პროგნოზებით, ეს დროებითი ვარდნა იყო და მომდევნო წლებში საქართველოს ეკონომიკა ისევ დაიწყებს ზრდას და მოსალოდნელია, რომ 2014 და 2015 წლებში მშპ-ის ზრდა 6.3%-ის ტოლი იქნება, ხოლო 2016 წელს, 6.5%-ისა. ამგვარი ზრდა უკავშირდება სიტუაციის გაუმჯობესებას ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. მომავალ წლებში ამ პროგნოზის გამართლებასთან ერთად რეფორმებიც თანდათანობით წინ წავა. ქართულ ბიზნესს არ უნდა ეშინოდეს ამ თვალსაზრისით რაიმე მოულოდნელი ნეგატიური შედეგებისა. გარდა ამისა, რეფორმები განამტკიცებს დემოკრატიას და პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ინსტიტუციურ სტაბილურობას საქართველოში და ქვეყანას ინვესტორებისთვის უფრო პროგნოზირებად და მიმზიდველ ადგილად აქცევს.

 

მითი 18: ,,ქართველი ფერმერები დაზარალდებიან რეფორმების შედეგად”.
ფაქტი: საქართველოს სოფლის მეურნეობას უზარმაზარი პოტენციალი აქვს, მაგრამ საჭიროა მისი მოდერნიზება. საჭიროა მისი უფრო ეფექტიანად წარმოება, მას ესაჭიროება ინვესტიციები და სოფლის მეურნეობაში ჩართული ადამიანების მეტი პროფესიონალიზმი და თანამედროვე უნარები. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე ხელს შეუწყობს ამ მიზნების მიღწევას. მაგრამ ნებისმიერი რესტრუქტურიზაცია გულისხმობს, რომ ზოგიერთი ფერმერისთვის შეიძლება აღარ იყოს მომგებიანი ფერმერული საქმიანობა და მათთვის შესაძლოა უმჯობესი იყოს გადამზადება და სამუშაოს შეცვლა. ასეთ მოქალაქეებს დასჭირდებათ ახალი უნარ-ჩვევების შეძენა და ევროკავშირი ეხმარება საქართველოს ამ თვალსაზრისით შესატყვისი პროექტების შემუშავებაში. ასე მოხდა ბევრ ქვეყანაში, რომელთაც გადაწყვიტეს, გაეუმჯობესებინათ საკუთარი სასოფლო-სამეურნეო სექტორი, რათა მას მეტი წვლილი შეეტანა ქვეყნის ეკონომიკაში.


მითი 19: ,,რეფორმები ძირს გამოუთხრის იმ სექტორებს, რომლებიც საქართველოში დღემდე ახერხებენ არსებობას”.
ფაქტი: საქართველო დაადგა განვითარებული საბაზრო ეკონომიკისკენ მიმავალ გზას. რეფორმები მიზნად ისახავს ქვეყნის წარმოებისა და სოფლის მეურნეობის სექტორების, ასევე მომსახურებათა ბაზრის უფრო ეფექტიანად და უფრო თანამედროვედ ქცევას, ევროკავშირის სტანდარტებთან უფრო მეტად დაახლოებას. რეფორმები მხოლოდ იმ სფეროებზე ვრცელდება, რომელთაც რეგულირება სჭირდება, მაგალითად, მომხმარებელთა დაცვის და უსაფრთხოების შესაბამისი სტანდარტების კუთხით. ეს რეფორმები მიზნად ისახავს შესაბამისი სექტორების უფრო კონკურენტუნარიანად ქცევას. ეს ნიშნავს, რომ კონკურენტუნარიანი კომპანიები უკვე ეყრდნობიან საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს და არაფერი აქვთ საწუხარი რეფორმების პროცესთან დაკავშირებით.


მითი 20: ,,ევროპული იმპორტირებული სურსათი ძირს გამოუთხრის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ქართველ მწარმოებლებს”.
ფაქტი: სოფლის მეურნეობის სექტორში ევროკავშირი უკვე აწარმოებს ექსპორტს საქართველოში და ეს არ ცვლის ადგილობრივი წარმოების პროდუქციას, როგორიც არის ქართული ღვინო, ყველი, ხილი ან ბოსტნეული. გარდა იმისა, რომ მომხმარებლების სხვადასხვა სახის პრეფერენციები აქვთ (როგორიც არის, მაგალითად, გემოვნება), ევროკავშირში საკვები პროდუქტების წარმოება მაღალი ღირებულებისაა, ამიტომ საქართველო არ არის მაინცდამაინც დიდი ინტერესის ბაზარი. მით უმეტეს, თუ იმპორტირებულმა საქონელმა კონკურენცია უნდა გაუწიოს ადგილობრივად წარმოებულ უფრო იაფ პროდუქციას, რომელიც უფრო მეტად შეესატყვისება ადგილობრივი ადამიანების გემოვნებას. ასე რომ, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვაჭრობის დაწყება ავტომატურად არ მოიტანს ევროპიდან იმპორტირებული საქონლის შემოდინების რისკს.


ამჟამად ექსპორტი ევროკავშირიდან საქართველოში მოიცავს უმნიშვნელო ოდენობის ბოსტნეულს, ხილს, ყავას და მარცვლეულს. ევროკავშირს საქართველოში შემოაქვს მინიმალური რაოდენობით ხორცი და ცოცხალი ცხოველები, ასევე, წარმოებული პროდუქტები, როგორიც არის კაკაო, შაქარი და დამუშავებული მარცვლეულიდან წარმოებული საკვები (სულ დაახლოებით 22 მილიონი ევროს ოდენობის) ან ღვინო და სპირტიანი სასმელები (36 მილიონი ევრო).


მითი 21: ,,ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცეში შესვლის შედეგად საკვები გაძვირდება”.
ფაქტი: არ არსებობს პირდაპირი კავშირი ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცესა და საკვების ფასების ზრდას შორის - ეს ფასები შეიძლება გაიზარდოს სხვადასხვა მიზეზით, როგორიც არის მარცვლეულის ცუდი მოსავალი უამინდობის ან დაავადების გამო რომელიმე კონკრეტულ წელს. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ფარგლებში აუცილებელი რეფორმები, განსაკუთრებით კი რეფორმები სურსათის უვნებლობის სფეროში, მიზნად ისახავს უპირველეს ყოვლისა მომხმარებლებისათვის საკვები პროდუქტების აუცილებელი უსაფრთხოების უზრუნველყოფას და მათი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის გაუმჯობესებას. ეს ნიშნავს, რომ ზოგადად უნდა გაუმჯობესდეს ის სანიტარიული და ფიტოსანიტარიული პირობები, რომლებშიც საკვები მზადდება. ამან შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული ხარჯები, რომლებიც მწარმოებლებმა შეიძლება მომხმარებლებს დააკისრონ; თუმცა ეს შედეგად მოიტანს მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას და ნაკლებ ხარჯებს ჯანდაცვაზე. გარდა ამისა, დამოუკიდებელი კვლევის შედეგების თანახმად, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე, ეკონომიკურ ზრდასთან ერთად, პოზიტიურ ზეგავლენას მოახდენს ხელფასებზე.

 

მითი 22: ,,ბევრ მცირე ფერმერს მოუწევს ბიზნესიდან გასვლა სურსათის უსაფრთხოების სტანდარტების იძულებით გაზრდის შედეგად”.
ფაქტი: მცირე ფერმერებს, რომლებიც არ არიან ჩართულნი ვაჭრობაში ან სხვა კომერციულ საქმიანობაში, არ უნდა ეშინოდეთ რეფორმების. მათ კი, ვინც ფერმერულ საქმიანობას ეწევა იმისათვის, რომ გაყიდოს საკუთარი პროდუქცია საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ, მოუწევთ თვალის გასწორება იმ ფაქტისთვის, რომ მათ კონკრეტულ სექტორში თანდათანობით გაიზრდება ფერმერული საქმიანობის ხარისხთან დაკავშირებული მოლოდინი.  დროთა განმავლობაში საქართველოში თანდათანობით შემოღებული იქნება საკვების წარმოების, ისევე, როგორც მეცხოველეობის წარმოების წესები. ეს მიზნად ისახავს მომხმარებლებისთვის საკვების უვნებლობისა და ხარისხის გაზრდას და ჯანმრთელობისთვის არსებული რისკების შემცირებას. საკვების მწარმოებლების წინაშე მდგომი ამოცანაა საკუთარი შემოსავლის გაზრდა ფერმერული საქმიანობის პროდუქტიულობის გაუმჯობესების მეშვეობით.


მითი  23: "ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ფარგლებში მოხდება პამიდვრის ზომებისა და გარეგანი სახის რეგულირება, ხოლო ქათმების ზრდა სპეციალურ გალიებში მოხდება."
ფაქტი:  ასეთი წესები ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ფარგლებში არ არსებობს. სოფლის მეურნეობისა და სანიტარულ/ფიტოსანიტარულ სფეროებში განსახორციელებელი შეთანხმებული რეფორმების ფარგლებში არსებული წესები პროდუქციის ხარისხის გასაუმჯობესებლადაა შემოღებული და არ არეგულირებს იმაზე მეტს, რაც ხარისხის გასაუმჯობესებლადაა საჭირო. ევროკავშირში არ არსებობს პამიდრვის ზომებისა და გარეგანი სახის რეგულირების წესები.

 

რაც შეეხება ფერმაში გაზრდილ ფრინველსა თუ ცხოველებს, ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია მათი ჯანდაცვა. ამ მიზნით შემოღებულია გარკვეული კანონმდებლობა, რომელიც აწესებს ფერმაში გაზრდილ ფრინველთა და ცხოველთა ჯანდაცვის მინიმალურ კრიტერიუმებს. თუმცა ევროკავშირი და საქართველო უნდა შეთანხმდნენ, თუ რა სახის კანონმდებლობას მიიღებს საქართველო ფერმაში გაზრდილ ფრინველებთან თუ ცხოველებთან მიმართებაში. დღეისათვის ასეთი წესები არ არსებობს, ხოლო გადაწყვეტილება

რეფორმის მასშტაბის შესახებ  შეთანხმების ძალაში შესვლიდან ექვსი თვის განმავლობაში იქნება მიღებული.

 

მითი 24: "ევროკავშირი გააგრძელებს თავისი სასოფლო–სამეურნეო ბაზრის დაცვას, მაშინ, როდესაც საქართველო სრულად გახსნის თავისას."
ფაქტი:  ევროკავშირი და საქართველო ერთდროულად და სრულად გახსნიან თავიანთ ბაზრებს. ევროკავშირი არ დააწესებს საქართველოსთვის არავითარ რაოდენობრივ შეზღუდვას სასოფლო–სამეურნეო პროდუქციის ექსპორტზე. ერთადერთი მექანიზმი, რომელიც ძალაში დარჩება, ვაჭრობის მოცულობის მონიტორინგი იმის უზრუნველსაყოფად, რომ ევროკავშირში ექსპორტირებული საქონელი მართლაც საქართველოშია ნაწარმოები და არ არის იმის რისკი, რომ სხვა ქვეყნის პროდუქცია ევროკავშირში ისე შეაღწევს, თითქოს საქართველოშია ნაწარმოები. 


მითი 25: "რეფორმები ქართველ მწარმოებლებს დააზარალებს."
ფაქტი:  მოლაპარაკებების პროცესში სხვადასხვა სფეროში განსახორციელებელი რეფორმები სიღრმისეულად იყო განხილული. ვაჭრობასთან დაკავშირებულ სფეროებში – განსაკუთრებით ტექნიკური სტანდარტებისა და რეგულაციების კუთხით – საქართველომ ძალზე ფრთხილი და თანდათანობითი მიდგომა აირჩია. ქვეყანამ გაითვალისწინა, რომ ცვლილებები აუცილებელია, თუმცა არსებობს გამოწვევებიც, რაც ნიშნავს, რომ რეფორმები ქვეყნის საჭიროებებს მოერგება, თანდათანობით, დროთა განმავლობაში განხორციელდება და ძირითადად ბაზარზე არსებული საქონლისა და სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფაზე იქნება ორიენტირებული. ქართველ მწარმოებლებს მოუწევთ გარკვეული, სერტიფიცირებასთან დაკავშირებული ხარჯების გაწევა, მაგრამ რეალურად ეს იქნება ინვესტიცია, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში ხელს შეუწყობს მათი  ბიზნესის განვითარებას. ევროკავშირი საქართველოს ამ რეფორმების პროცესში დაეხმარება და განაგრძობს თანამშრომლობას ბიზნესთან.

 

მითი 26: "ევროკავშირიდან  შემოსული იმპორტი ქართულ კომპანიებს ბაზრიდან გააძევებს."
ფაქტი:  მას, ვინც ამას ამბობს, ავიწყდება, რომ ხშირად, წარმოების გასაგრძელებლად ბიზნესს დახმარება უცხოეთიდან სჭირდება  და ევროკავშირიდან საქართველოში შემოსული საქონლის ნაირსახეობა ბევრად უფრო დიდია, ვიდრე საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტირებულისა. მაგალითად, დღეისათვის მანქანა–დანადგარებისა და სხვა ტექნიკური საშუალებების ევროკავშირიდან იმპორტი  უკვე წელიწადში €346 მლნ–ს შეადგენს (2012 წლის მონაცემებით). ეს ტენდენცია, სავარაუდოდ, განმტკიცდება,  რადგან საქართველოს თანამედროვე ტექნიკა ესაჭიროება (არა მარტო ევროკავშირიდან) იმისთვის, რომ მოხდეს მისი სოფლის მეურნეობისა და წარმოების მოდერნიზება. ასე რომ, გლობალიზებულ ეკონომიკაში, რომლის ნაწილი, რასაკვირველია, საქართველოც არის, არ არის ასეთი მკაცრი, შავ–თეთრი დაყოფა იმპორტსა და ექსპორტს შორის. 

 

მითი 27: "საქართველომ გადაწყვიტა, სრულად გაუხსნას ბაზარი ევროპიდან იმპორტს და ამიტომ ვერ დაიცავს ბაზარს ევროპული საქონლის შემოდინებიდან.“
ფაქტი: აღმოსავლეთ პარტნიორების ქვეყნების მთავრობებმა თავიანთი ბაზრების გახსნის შესახებ გააზრებული გადაწყვეტილება მიიღეს. საქართველომ, რომლის ბაზარი საკმაოდ გახსნილია,  მიიღო გადაწყვეტილება, შეთანხმების ძალაში შესვლისას სრულად გახსნას თავისი ბაზარი. ლიბერალიზებით გამოწვეული პრობლემების გაჩენის შემთხვევაში ევროკავშირი მზადაა განხორციელების ეტაპზე  საქართველოსთან ერთად განიხილოს ისინი.


მითი  28: "ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებიდან სარგებელს მხოლოდ ბიზნესი მიიღებს და არა საქართველოს მოსახლეობა."
ფაქტი:  შეთანხმებიდან უშუალო სარგებელს მართლაც ექსპორტიორები მიიღებენ, თუმცა შეთანხმებით მოსახლეობის ფართო ფენებიც ისარგებლებენ, რადგან ევროკავშირიდან იმპორტირებული საქონელი უფრო იაფი იქნება. საშუალოვადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში მოსალოდნელია, რომ შეთანხმება გაზრდის ინვესტიციებს, ხელს შეუწყობს ახალი კომპანიების შექმნას და  ეკონომიკის რამდენიმე სექტორის მოდერნიზებას რეფორმების საშუალებით, რაშიც საქართველოს ევროკავშირიც დაეხმარება.
სურსათის უვნებლობის სტანდარტები და სამომხმარებლო საქონელი უსაფრთხო იქნება. ინვეტიციების მოსალოდნელი ზრდის ხარჯზე შეიქმნება სამუშაო ადგილები, რაც დადებითად აისახება ხელფასების ზრდაზე. დაბოლოს, წესების შემუშავება მოქალაქეებისა  და ბიზნესისთვის მეტად გამჭვირვალე გახდება და უფრო მეტი შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ შეთანხმების განხორციელებასთან დაკავშირებული ინფორმაცია  საქართველოს მთავრობიდან.


მითი 29: "საქართველომ უნდა წამოიწყოს სრულმასშტაბიანი რეფორმები, ისეთივე, როგორც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, მაგრამ მას არ აქვს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა."
ფაქტი:  ევროკავშირი და საქართველო განახორციელებენ რეფორმებს იმისთვის, რომ ქვეყნის მმართველობის სტანდარტები ევროკავშირის სტანდარტებს დაუახლოვდეს. თუმცა ეს არ არის გაწევრიანების პროცესი, ხოლო შეთანხმებული რეფორმები არ არის იგივე მასშტაბისა, რაც სხვა ქვეყნებში გაწევრიანების–წინა პროცესი, თვით ასოცირების შესახებ შეთანხმება ,,ღიად ტოვებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების პროგრესულ განვითარებას მომავალში.“ 


მითი 30: "საქართველომ ყველა რეფორმა უფრო ნაკლები დროის განმავლობაში  უნდა განახორციელოს, ვიდრე ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა."
ფაქტი:  ეს არ არის მართალი და ამგვარი მოლოდინი არარეალური იქნებოდა. რეფორმები დროში უნდა იყოს გაწერილი, რადგან ისინი ეკონომიკური ცხოვრების სხვადასხვა ასპექტს შეეხება; გარდამავალი პერიოდი საუკეთესო საშუალებაა მათ თანდათანობით განსახორციელებლად. ამ თანდათანობით მიდგომას ევროკავშირი მაშინაც იყენებს, როდესაც წევრ ქვეყნებში ახალი კანონმდებლობაა  შემოსატანი. საქართველოს შემთხვევაში ასეთი მიდგომა ლოგიკურია; საქართველომ თვითონ გადაწყვიტა, თუ რა დრო დასჭირდება ქვეყანას პროცესის დასასრულებლად. საქართველომ გამართა მოლაპარაკებები რამდენიმე გარდამავალი პერიოდის შესახებ, რომელიც სხვადასხვა სფეროში სხვადასხვაა.  ეს  დამოკიდებულია ეროვნულ კანონმდებლობაზე, მის შინაარსე და ბაზრის განვითარებაზე. კერძოდ, რეფორმები საწარმოო პროდუქტების, საჯარო შესყიდვების და მომსახურების რეგულირების სფეროში შეთანხმების ძალაში შესვლიდან 8 წლის შემდეგ რამდენიმე ეტაპად უნდა განხორციელდეს. სანიტარულ და ფიტოსანიტარულ სფეროში რეფორმების ზუსტი მასშტაბი და ვადები შეთანხმების ძალაში შესვლიდან 6 თვის განმავლობაში დადგინდება. 


მითი 31: "რეფორმების ხარჯი შეადგენს [ნებისმიერი ციფრი], რაც ჩვენს შესაძლებლობებს აღემატება."
ფაქტი:  არ არსებობს ე.წ. 'ხარჯი' – ეს არის ინვესტირება ქვეყნის მომავალში. ამ მიზნით ევროკავშირმა უკვე გამოყო მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარება, რაც რამდენიმე წლის განმავლობაში ქვეყანაში განსახორციელებელ რეფორმების პროცესს დაეხმარება. მხოლოდ 2011–13 წლებში ეს დახმარება მოიცავს 180 მლნ ევროს, რაც საქართველოს მშპ–ს 1.5%–ს შეადგენს. მომდევნო წლების განმავლობაში ეს ოდენობა არ შეიცვლება და შესაძლოა გაიზარდოს კიდეც.


მითი 32: "ევროკავშირის დახმარება არ არის საკმარისი რეფორმებისთვის აუცილებელი ღონისძიებების გასატარებლად."
ფაქტი:  ევროკავშირი უკვე რამდენიმე წელია ეხმარება საქართველოს რეფორმების პროცესში. ვაჭრობის სფეროს რეფორმირება ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყებიდან დიდი ხნით ადრე დაიწყო. ვაჭრობის სფეროში რეფორმები 31 მლნ ევროს (2011–2013) ღირებულების სპეციალური ,,ფართომასშტაბიანი ინსტიტუციური მშენებლობის პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა. ეს დახმარება არის ნაწილი ,,ევროპის სამეზობლო და პარტნიორობის ინსტრუმენტის“ სახელწოდებით ცნობილი დახმარების დიდი პაკეტისა, რომელიც 180 მლნ ევროს შეადგენს (2011–2013). ეს დახმარება მოიცავს როგორც ფინანსურ, ისე ტრეინინგებითა და კონსულტირებით დახმარებას (დაძმობილება Twinning, TAIEX და ა.შ.). წევრი ქვეყნების ორმხრივი დახმარება კოორდინირებულია ევროკავშირის მიერ გაწეულ სხვა დახმარებასთან. ახალი ,,ევროპის სამეზობლო ინსტრუმენტის“ (2014–20) ფარგლებში მნიშვნელოვანი დახმარებაა გათვალისწინებული სამომავლოდაც, განსაკუთრებით ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის განხორციელებაში.


მითი 33: "რა სახის დახმარება გაუწია ევროკავშირმა საქართველოს  რეფორმების პროცესში? "
ფაქტი: ევროკავშირმა საქართველოს სხვადასხვა სახის მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია, ესაა:  კონსულტირება კანონმდებლობის მომზადებასა და შემუშავებაში, ტექნიკური რჩევები კანონის აღსრულებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურისა და შესაძლებლობების ზრდის საკითხებში, ტრეინინგი სამთავრობო სტრუქტურებში, რეფორმების პროცესის სტრატეგიული დაგეგმვა და შედეგების შეფასება. ამ მიზნების მიღწევის მთავარი ინსტრუმენტი არის ,,დაძმობილება“ (Twinning -წევრი ქვეყნების ექსპერტების დახმარება უფრო ხანგრძლივვადიანი პროგრამების ფარგლებში) და TAIEX (მოკლევადიანი საკონსულტაციო და ვერიფიკაციის მისიები). გათვალისწინებულია ასევე პირდაპირი საბიუჯეტო დახმარება 2015–17 წლებში. ამასთან, TAIEX  ინსტრუმენტის ფარგლებში რეგულარულად ეწყობა სხვადასხვა სემინარე ბი,   მრგვალი მაგიდები, სასწავლო ვიზიტები და ა.შ. დაბოლოს, სპეციალური მრჩევლის, ტომას ჰამარბერგის  წყალობით ევროკავშირი დახმრებას უწევს საქართველოს ადამიანის უფლებების, სამართლისა და სხვადასხვა სფეროებში.


მითი  34: "შეთანხმებიდან სარგებელს მხოლოდ ევროკავშირი მიიღებს, რადგან ქართულ ბაზარზე შესასვლელად მას  ძვირადღირებული რეფორმების განხორციელება არ  დასჭირდება."
ფაქტი:  ევროკავშირი შეთანხმებას დებს საქართველოსთან, რადგან მიაჩინა, რომ საქართველო ადგას ევროპულ გზას და მისი სურვილი ევროპული მართვის მოდელის დამკვიდრებაა. საქართველო ევროკავშირისთვის პოლიტიკურად მნიშვნელოვანი პარტნიორია, თუმცა, ეკონომიკურად ნაკლებ მნიშვნელოვანი. სწორედ ამიტომ ამბობს დამოუკიდებელი კვლევა, რომ შეთანხმების საერთო გავლენა ევროკავშირზე  – საქართველოს სიდიდისა და  დანარჩენ მსოფლიოსთან ევროკავშირის ვაჭრობაში საქართველოს წილის (0.1%) გათვალისწინებით – უმნიშვნელო იქნება. ამის საპირისპიროდ მოსალოდნელია, რომ ყოველწლიურად საქართველო დამატებითი შემოსავლის სახით თითქმის 300 მლნ ევროს, ანუ მშპ–ს 4.3% მიიღებს, თუკი რეფორმები განხორციელდება. ასე რომ, საქართველოს მიერ შეთანხმებიდან მიღებული სარგებელი რეფორმების პროცესზეა დამოკიდებული.


მითი 35: "ევროკავშირი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრციდან სარგებელს დაუყოვნებლივ მიიღებს, მაშინ, როდესაც საქართველოს ამისთვის რეფორმების განხორციელება დასჭირდება."
ფაქტი:  არ არის ასე. სავაჭრო პირობები საქონლისა და მომსახურებისთვის, ისევე, როგორც კომპანიის დაფუძნების პირობები, შეთანხმების ძალაში შესვლისთანავე როგორც საქარველოსთვის, ისე ევროკავშირისთვის გაუმჯობესდება. ეს კი დაეხმარება ვაჭრობასა და ინვესტირებას, რაც საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ეკონომიკური ზრდის მისაღწევად ქვეყანას მეტი საგარეო ინვესტიციები ესაჭიროება. ქართულ საწარმოებს ევროკავშირის ბაზარზე შესვლა გარდამავალი პერიოდის დაწესების გარეშე შეეძლებათ. თუმცა ისიც მართალია, რომ დამატებითი სარგებლის გარკვეული სახეობები,რომელსაც საქართველო შეთანხმებიდან მიიღებს, რეფორმების დასრულებაზეა დამოკიდებული.


მითი 36: "გაუგებარია, რისი რეფორმირება უნდა მოახდინოს საქართველომ."
ფაქტი: ყველა ის სფერო, რომელიც არეგულირებს ვაჭრობას, ან შეეხება ქვეყნის უნარს აწარმოოს ვაჭრობა, გარკვეულ რეფორმირებას საჭიროებს. რეფორმები განსაზღვრულია ასოცირების შესახებ შეთანმხების დანართებში; მათი შემუშავება მოხდა საქართველოში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით და მოიცავს რეფორმებს შემდეგ სფეროებში: სახელმწიფო შესყიდვები (საჯარო ხელისუფლების მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვა, საზღვარგარეთიდან შესყიდვის ჩათვლით), სურსათის უვნებლობა/სანიტარული და ფიტოსანიტარული რეჟიმები (სასოფლო–სამეურნეო პროდუქტებისთვის), საბაჟო და სავაჭრო რეჟიმების გამარტივება, საზღვარზე ინტელექტუალური საკუთრების წესების შესრულების ჩათვლით (ვაჭრობაში საქონლის იმპორტის და ექსპორტის პროცედურები); მომსახურების, ვაჭრობის ტექნიკური ბარიერების/საწარმოო სტანდარტების (დამზადებული საქონლის შემთხვევაში) მარეგულირებელი  ჩარჩოები, ასევე, გამჭვირვალობა (შესაბამისი კანონებისა და წესებისა იმისთვის, რომ ისინი ხელმისაწვდომი იყოს ბიზნესისთვის) . ევროკავშირის ბაზარზე დამატებითი ან/და უკეთესი წვდომა მჭიდროდაა დაკავშირებული ამ რეფორმების დასრულებაზე. 


უფრო მეტიც,  შეთანხმების თავებში პოლიტიკური და სამართლებრივი, თავისუფლების, მართლმსაჯულებისა და უსაფრთხოების შესახებ განსაზღვრულია კონკრეტული პოლიტიკური და რეფორმის მიზნები.  მე–4 თავი დეტალურად შეეხება შიდა რეფორმების მოთხოვნებს და ადგენს, რომ საქართველომ და ევროკავშირმა უნდა ითანამშრომლონ შემდეგ სფეროებში:
•    დემოკრატიული ინსტიტუტებისა და კანონის უზენაესობის განვითარება, განმტკიცება, სტაბილურობისა და ეფექტიანობის გაზრდა.
•    ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვის უზრუნველყოფა.
•    შემდგომი წინსვლა სამართლებრივი და მართლმსაჯულების რეფორმირების პროცესში იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს სასამართლოს დამოუკიდებლობა.
•    სამართალდამცავი ორგანოების ადმინისტრაციული შესაძლებლობების განმტკიცება, მათი მიუკერძოებულობისა და ეფექტიანობის გარანტირება.
•    სახელმწიფო ადმინისტრაციის  სფეროს შემდგომი რეფორმირება.
•    ანგარიშვალდებულების მქონე, ეფექტური, ეფექტიანი, გამჭვირვალე და პროფესიული სახელმწიფო სამსახურის მშენებლობა.
•    კორუფციასთან ბრძოლის გაგრძელება.

 

მითი 37: "თუკი საქართველო რეფორმების ვადებს არ დაიცავს, მას სანქციები დაემუქრება, ხოლო ქართული პროდუქტები აიკრძალება."
ფაქტი:  რეფორმების განხორციელება და მათთან დაკავშირებული ვადები რეგულარულად იქნება განხილული ასოცირების შესახებ შეთანხმების/ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ფარგლებში შექმნილ სხვადასხვა ორგანობთან. ვადების დარღვევებთან დაკავშირებული შესაძლო პრობლემებიც სწორედ ამ ფორმატში იქნება განხილული და მოიძებნება შესაფერისი გადაწყვეტილება. თუმცა  მოლაპარაკებების პროცესში ვადები ქართული მხარის მიერ გულდასმით იყო განხილული და, სხვადასხვა შიდა სირთულეების გათვალისწინებით, რეალისტურად იყო მიჩნეული. 


მითი  38: "ევროკავშირმა რამე უნდა იღონოს მცირე და საშუალო საწარმოების დასახმარებლად, რადგან რეფორმების პროცესში ყველაზე მეტად სწორედ მცირე ბიზნესი დაზარალდება."
ფაქტი:  ევროკავშირი სულ უფრო მზარდ ინტრესს იჩენს მცირე და საშუალო საწარმოების და საერთოდ ბიზნესის მიმართ, რომ უზრუნველყოფილი იყოს მისი რეფორმებით დაინტერესება და მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შესაძლო უარყოფითი შედეგის შემსუბუქება.  ეს მიდგომა ასახულია პროექტში, რომელიც აღმოსავლეთ სამეზობლოს ქვეყნებში მცირე და საშუალო ბიზნესის კონკურენტულობის გაზრდაზეა მიმართული. პროექტი ,,East Invest“ უშუალოდ მცირე ბიზნესის ხელშემწყობ ორგანიზაციებსა და უშუალოდ მცირე და საშუალო ბიზნესისთვისაა გამიზნული; სწორედ მათ აქვთ ევროკავშირის ბიზნესწრეებთან თანამშრომლობისა და საინვესტიციო ურთიერთობების განვითარების პოტენციალი. სულ მალე დაიწყება პროექტის მეორე ფაზა. საქართველოში მცირე და საშუალო  საწარმოების დახმარებას ასევე ახორციელებს მცირე და საშუალო ბიზნესის ფინანსირების მექანიზმი, რომელიც გასცემს სესხებს ისეთი მცირე და საშუალო საწარმოებისთვის, რომლებსაც თავისი საქმიანობისთვის კომერციული ბანკებიდან დაფინანსების მიღება გაუჭირდებოდათ.  


მითი  39: "ის, რომ შეთანხმების განხორციელება შეუძლებელი იქნება სეპარატისტულ რეგიონებში, ნიშნავს, რომ საქართველოს დანარჩენ ტერიტორიასა და სეპარატისტულ ტერიტორიებს შორის ეკონომიკური უთანაბრობა კიდევ უფრო გაიზრდება.  ამ გზით ევროკავშირი პოლიტიკური კრიზისის გაღრმავებას შეუწყობს ხელს."
ფაქტი: ევროკავშირის მიზანია, მოხდეს საქართველოსთან დადებული შეთანმხების განხორციელება საქართველოს საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებულ საზღვრებში. ევროკავშირი მზადაა, განიხილოს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის განხორციელება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, როგორც კი სათანადო პირობები შეიქმნება. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის  მიზანი ისეთი ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობაა, რომელიც საქართველოს მთელს ტერიტორიას მოუტანს სარგებელს. 


მითი  40: "საქართველოსთვის საბაჟო კავშირის წევრობა სჯობს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცეს."
ფაქტი:  ეს ასე არ არის ორი ძირითადი მიზეზის გამო: პირველ რიგში,  ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე  თავისუფალია, რაც ნიშნავს, რომ საქართველო და ევროკავშირი ერთმანეთში უფრო იოლად ვაჭრობენ (ტარიფების გაუქმებისა და შესაბამისი კანონმდებლობის დაახლოების წყალობით). საბაჟო კავშირის საპირისპიროდ, თავისუფალი სავაჭრო სივრცე არ ითხოვს პარტინიორებისგან თავიანთი საიმპორტო და საექსპორტო მოსაკრებელი სხვა სავაჭრო პარტნიორების ასეთივე მოსაკრებელს გაუთანაბრონ, ასევე, არ ავალდებულებს მათ, იქონიონ ასეთივე სავაჭრო პოლიტიკა მთელი მსოფლიოს მიმართ.  თავისუფალი სავაჭრო სივრცის შემთხვევაში საქართველო და ევროკავშირი სხვა სავაჭრო პოლიტიკის მიმართ თავიანთ (სუვერენულ არჩევანს ინარჩუნებენ. საბაჟო კავშირის შემთხვევაში კი ეს სუვერენული უფლება გადაეცემა საბაჟო კავშირის ორგანოს, რომელიც საბაჟო კავშირის შესახებ შეთანხმებას ახორციელებს. ამ შემთხვევაში კავშირის ცალკეულ წევრს აღარ აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს გადაწყვეტილება მესამე ქვეყნებთან ვაჭრობის შესახებ.

 

მეორე ის არის, რომ ეკონომიკური სუვერენობის შენარჩუნებასთან ერთად მსოფლიოს ბანკის  და ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის ანალიზი ადასტურებს, რომ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრციდან საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს, ვიდრე რუსეთ–ბელარუს–ყაზახეთის საბაჟო კავშირიდან. 

18-04-2014