CDD ქართველ ხალხს და სრულიად საქართველოს ასოცირების შეთანხმების ძალაში შესვლას ულოცავს

ქართველ ხალხს და სრულიად საქართელოს ვულოცავთ ამ მნიშვნელოვან და ისტორიულ დღეს. ეს არის ევროპული გზა და ევროპული პერსპექტივა, რომლითაც ქართველი ხალხი უდიდეს სარგებელს მიიღებს.

 

საქართელოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლა დადებითად იმოქმედებს ქვეყნის კეთილდღეობაზე, უსაფრთხოებასა და სტაბილურ ეკონომიკურ განვითარებაზე. 

 

გვსურს ხაზი გავუსვათ ასოცირების შესახებ შეთანხმების საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან დაკავშირებულ ნაწილს, რომელიც დღეიდან ამოქმედდება და სადაც მხარეები ადასტურებენ მათ ერთგულებას ტერიტორიული მთლიანობის, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის პრინციპების მიმართ.

 

ასოცირების შესახებ შეთანხმების სწორად და წარმატებით განხორციელება საქართველოსთვის დიდი გამოწვევაა. მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული შედეგების დანახვას გარკვეული დრო დასჭირდება, საერთო ძალისხმევითა და მოთმინებით კონკრეტული სარგებელი ხელშესახები გახდება. 

 

ასოცირების შესახებ შეთანხმების წარმატებით განხორციელების შედეგად, საქართველოს მოქალაქეები კონკრეტულ სარგებელს მიიღებენ. მათ შორის, აღსანიშნავია, ადგილობრივი სოფლის მეურნეობის პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესება; მცირე და საშუალო საწარმოებისთვის უკეთესი შესაძლებლობების გახსნა; ევროპული განათლების ხელმისაწვდომობა; გაუმჯობესებული ჯანდაცვა; ენერგო ეფექტიანობის გაზრდა და განახლებადი ენერგო რესურსების განვითარება; უკეთესად ფუნქციონირებადი სასამართლო, გამყარებული კანონის უზენაესობა, საჯარო სამსახურის გაზრდილი ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა და სხვა.

1-07-2016