განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) მიმართვა უწყებათაშორის კომისიას, ცენტრალურ ხელისუფლებასა და ადგილობრივ თვითმმართველობებს

2013 წლის 24 ივლისს ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2013 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონში შეტანილ იქნა ცვლილება, რომლის თანახმადაც 14 722 700 ლარით გაიზარდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი.  საიდანაც 13 554 400  ლარი ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროექტებს მოხმარდება.


,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის" 49-ე მუხლის მე 3 პუნქტის თანახმად, არჩევნების დანიშვნის დღიდან შედეგების შეჯამებამდე იკრძალება ისეთი პროგრამების განხორციელება, რომელიც მანამდე არ ყოფილა გათვალისწინებული ბიუჯეტში. ამავდროულად, აკრძალულია უკვე გათვალისწინებული პროგრამების დაფინანსების გაზრდაც.  ზემოაღნიშნული ცვლილებებით კი ხდება როგორც ახალი პროგრამების დაფინანსება, ისე არსებული პროგრამების დაფინანსების ზრდა, რაც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს საარჩევვნო კოდექსთან.  ჯანსაღი წინასაარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად, ხელისუფლება ვალდებულია პრიორიტეტები ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში გასაზღვროს და საბიუჯეტო ხარჯების ზრდა  წინასაარჩევნო პერიოდში  არ მოხდეს.


განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ის გარემოება, რომ რამდენიმე დღის წინ საქართველოს პარლამენტმა სამი მოსმენით მიიღო საარჩევნო კანონმდებლობაში განსახორციელებელი ცვლილებები, რომელიც 49-ე მუხლის მე-3 პუნქტსაც ეხება.  ცვლილებებით აღნიშნული პუნქტის მოქმედება მნიშვნელოვნად ვიწროვდება, შემცირდება შეზღუდვის მოქმედების პერიოდი და ის არჩევნებამდე 60 დღემდე პერიოდით განისაზღვრება. ამასთან, შეზღუდვა აღარ ვრცელდება ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების ზრდაზე, არაგეგმიური ტრანსფერის ინიცირების ან გეგმიური ტრანსფერის ზრდის აკრძალვაზე.


სამწუხაროდ, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 49-ე მუხლის მე 3 პუნქტში ცვლილებები არ ყოფილა განხილული და შეჯერებული საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესების მიზნით შექმნილ  პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფის ფორმატში, რომლის მუშაობაში აქტიურად იყო ჩართული, როგორც პოლიტიკური პარტიები, ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. სამწუხაროა, რომ აღნიშნული ინიციატივა წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ზრდას გამოიწვევს.               

 

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD) მოუწოდებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორის კომისიას, ცენტრალურ ხელისუფლებასა და ადგილობრივ თვითმმართველობებს, რომ მიიღონ შესაბამისი ზომები აღნიშნული ტენდენციის შესაჩერებლად, რათა 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდი წარიმართოს  მაქსიმალურად ჯანსაღ – კონკურენტუნარიან გარემოში და აღმოფხვრილ იქნას ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება საარჩევნო მიზნით.

31-07-2013