საარჩევნო მედიაცენტრი გაიხსნა

22 ოქტომბრიდან მუშაობა დაიწყო საარჩევნო მედიაცენტრმა, რომლის მეშვეობითაც არასამთავრობო ორგანიზაციები ჟურნალისტებს მიაწვდიან საპრეზიდენტო არჩევნების მონიტორინგის შედეგებს.

 

მედიაცენტრში ბრიფინგებს გამართავენ: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო ორგანიზაცია, საერთაშორისო გამჭვირვალეობა - საქართველო, საზოგადოებრივი დამცველი, განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი, სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო", ადამიანის უფლებათა ცენტრი, ადამიანის უფლებათა და სოციალური სამართლიანობის დაცვის კვლევითი ცენტრი, ფონდი „ლიბერალური აკადემია თბილისი". ამ ორგანიზაციების მონიტორები არჩევნებს დააკვირდებიან მთელი საქართველოს მასშტაბით. 

 

კერძოდ:

 

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი, კონსტიტუციის 42-ე მუხლთან პარტნიორობით საპრეზიდენტო არჩევნებს დააკვირდება 200 კაციანი სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით. წინასაარჩევნო, არჩევნების დღისა და შემდგომი პერიოდის მიმდინარეობისას კანონით დადგენილი პროცედურების დაცვის, კენჭისყრის და ხმების დათვლის პროცესების მონიტორინგი განხორციელდება 10 რეგიონსა და 73 საარჩევნო ოლქში 35 მობილური ჯგუფის მიერ.

 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას არჩევნების დღესა და შემდგომ, საჩივრების განხილვისა და შედეგების შეჯამების მიზნით ეყოლება 77 მუდმივი დამკვირვებელი 35 საოლქო საარჩევნო კომისიაში და 3 მუდმივი დამკვირვებელი ცესკო-ში. 2 დამკვირვებელი იქნება მიმაგრებული 1 საარჩევნო ოლქში. ისინი დააკვირდებიან რამდენად შეესაბამება საარჩევნო ადმინისტრაციების ქმედებები კანონმდებლობის მოთხოვნებს; როგორ რეაგირებენ ზემდგომი საარჩევნო კომისიები კენჭისყრის დროს და შედეგების შეჯამებისას წარმოშობილ დარღვევებზე; როგორ ხდება შედეგების შეჯამება და ზემდგომ საარჩევნო კომისიაში მიწოდება; დააკვირდებიან თუ როგორ რეაგირებს საოლქო/ცენტრალური საარჩევნო კომისია საუბნო/საოლქო საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ წარდგენილ საჩივრებზე. 

 

საზოგადოებრივი დამცველი მონიტორინგს ჩაატარებს კონფლიქტის ზონის საზღვართან ახლოს მდებარე სოფლებში და დევნილთა ჩასახლებებში 28 საარჩევნო უბანზე გორის # 32 საარჩევნო ოლქში და 12 საარჩევნო უბანზე ქარელის #33 ოლქში საარჩევნო პროცესის, წინა საარჩევნო კამპანიის და არჩევნების დღეს;

 

სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო" არჩევნებს დააკვირვება სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში; ამ მიზნით შერჩეული იქნება 5 დამკვირვებელი საოლქო საარჩევნო კომისიაში, 20 მობილური ჯგუფი და 110 საარჩევნო უბნის დამკვირვებელი (ჯამში 135) სამცხე-ჯავახეთში არჩევნების დღის მონიტორინგის განსახორციელებლად და 4 დამკვირვებელი საოლქო საარჩევნო კომისიაში, 19 მობილური ჯგუფი და 90 საარჩევნო უბნის დამკვირვებელი (ჯამში 113) ქვემო ქართლში; 1 - ცესკო-ში. 

 

ადამიანის უფლებათა ცენტრი საარჩევნო პროცესის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას შეაფასებს კახეთში, შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთში, სამეგრელოსა და იმერეთში არჩევნებზე და დააკვირდება საჩივრების განხილვის პროცესს.

 

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის ცენტრის 450 მოკლევადიანი დამკვირვებელი განაწილდება საარჩევნო უბნებზე მთელი საქართველოს მასშტაბით, ხოლო მათგან 300 განაწილდება შემთხვევით შერჩეულ უბნებზე პარალელური დათვლის პროცედურაზე დასაკვირვებლად, დარჩენილი 150 კი - პრობლემურ უბნებზე. დამატებით, 73 მობილური დამკვირვებელი - ყველა საარჩევნო ოლქში.

 

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მედიაცენტრში გამართულ ბრიფინგებზე ზუსტ და გადამოწმებულ ინფორმაციას მიაწვდიან არჩევნებზე მიმდინარე პროცესების შესახებ. მედიაცენტრში, რომელიც ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს" დახმარებით შეიქმნა, ჟურნალისტებისთვის ყველა პირობა არის შექმნილი მუშაობისთვის.

 

22-10-2013