27 ოქტომბერს განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის დამკვირვებლები საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ავღანეთიდან ჩამოტანილი საარჩევნო ყუთების გახსნას და ხმების დათვლის პროცესს დაესწრნენ.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ავღანეთში მყოფი ქართელი ჯარისკაცების ხმები ერთი კვირის წინ ჩამოიტანეს. დალუქული ყუთები საქართველოში ცენტრალური საარჩევნო კომისიის 5 და 2 სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლის თანხლებით ჩამოვიდა.
ავღანეთში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების კენჭისყრის შედეგები ასეთია: გიორგი მარგველაშვილი - 700 ხმა, ხოლო დავით ბაქრაძე - 596 ხმა.
ავღანეთში კენჭისყრა ორ უბანზე ჩატარდა. საარჩევნო უბან "ერედვზე" ლიდერობდა დავით ბაქრაძე და მას ჰქონდა 318 ხმა, ხოლო გიორგი მარგველაშვილს - 285. საარჩევნო უბან "ლეზერნეკზე" კი გიორგი მარგველაშვილმა მოიპოვა 415 ხმა, ხოლო დავით ბაქრაძემ 278 ხმა. დანარჩენმა კანდიდატებმა კი ბევრად ნაკლები ხმები დააგროვეს.