ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი“ (CDD), ააიპ „კონსტიტუციის 42-ე მუხლთან“ პარტნიორობითა და ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს ფინანსური მხარდაჭერით 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობის მონიტორინგს 200 კაციანი სადამკვირვებლო მისიით ახორციელებდა. დამკვირვებლები მონიტორინგს ახორციელებდნენ საარჩევნო ადმინისტრაციის სამივე დონეზე (ცესკო, ოლქი, უბანი) ქვეყნის 10 რეგიონსა და 73 საარჩევნო ოლქში. სადამკვირვებლო მისიამ განახორციელა, როგორც უბნის გახსნამდე ჩასატარებელი, ასევე, კენჭისყრის მიმდინარეობისა და ხმის დათვლის პროცედურების დაკვირვება. გარდა ამისა, სადამკვირვებლო მისიის წევრები დააკვირდნენ საარჩევნო უბნებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, იძულებით გადაადგილებულ პირთა ჩასახლებებში, მაღალმთიან და ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში. (დაწვრილებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: www.CDD.ge)
სადამკვირვებლო მისია საკუთარი საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობდა ადგილობრივი კანონმდებლობის, საერთაშორისო სტანდარტებისა და ორგანიზაციის დამკვირვებლის ქცევის კოდექსის შესაბამსად. ჩვენი პრინციპებია: კანონის პატივისცემის დემონსტრირება, დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა, სიზუსტე, გამჭვირვალობა და პროფესიონალიზმი.
დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, არჩევნების დღის პროცესმა მთელი ქვეყნის მასშტაბით ორგანიზებულად, მშვიდ გარემოში ჩაიარა და სადამკვირვებლო მისიის მიერ დადებითად შეფასდა.
კენჭისყრის დღეს დაფიქსირებული ერთეული დარღვევების უმეტესობა პროცედურული ხასიათისაა, მათ შორის: საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოება, არასათანადო დოკუმენტაციით ხმის მიცემა, ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებით პრობლემები, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებულ სპეც-უბნებზე მარკირების პროცედურის არაერთგვაროვანი განხორციელება, აგიტაცია საარჩევნო უბანზე, ბეჭედზე ნაკვეთურების ხარვეზი, ასევე დაფიქსირდა საოლქო კომისიებში შესული მასალის ხარვეზები.
სადამკვირვებლო მისიის მიერ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შემაჯამებელი ოქმების მონიტორინგს. ჩვენს მიერ ყველა საოლქო საარჩევნო კომისიიდან გამოწვეული იქნა შემაჯამაბელი ოქმები, რომლებიც შევადარეთ ცესკოს ოფიციალურ საიტზე (www.results.cec.gov.ge) ხელმისაწვდომ ოქმებსა და ჩვენს მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებიდან მიღებულ შემაჯამებელ ოქმებს. ვინაიდან ზემოთხსენებული მასალის ანალიზის პროცესმა მეტი დრო მოითხოვა ვიდრე კანონის ფარგლებში ოფიციალური საჩივრების წარმოებისათვის არის განსაზღვრული, გვინდა ინფორმაციის სახით მოგაწოდოთ შემაჯამაბელ ოქმებში აღმოჩენილი ხარვეზების ანალიზი/სტატისტიკა (დეტალური მონაცემებისათვის იხილეთ დანართი დოკუმენტი).
საქართველოს საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, კენჭისყრის დამთავრების შემდეგ, საუბნო, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კომისიისა და ამომრჩეველთა რეგისტრატორის ბეჭედს უკეთებს მეორე სპეციალურ ნაკვეთურს (მუხლი: 67). საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი, თავმჯდომარესთან შეთანხმებით, ავსებს შემაჯამებელ ოქმს, რომელსაც კომისიის ყველა წევრი აწერს ხელს, რითაც ფიქსირდება მათი უბანზე ყოფნა. ამის შემდეგ კი შემაჯამებელი ოქმი მოწმდება კომისიის ბეჭდით (მუხლი 71).
ზემოთხსენებულ პროცედურასთან დაკავშირებით ჩვენს მიერ დაფიქსირდა შემდეგი ტიპის პრობლემები: შემაჯამებელი ოქმები რიგ უბნებზე დამოწმებული გახლდათ ერთ – ნაკვეთურიანი (231 უბანი), ან უნაკვეთურო ბეჭდით (33), შემაჯამებელ ოქმები გვხვდება ბეჭდის გარეშეც (42). რიგი ოქმები არ იყო საუბნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრთა მიერ ხელმოწერილი, ან არ იკითხება ბეჭედი, ოქმებში გაკეთებულია შესწორებები და სხვ. სულ ჩვენს მიერ ზემოთხსენებული ხარვეზებით აღმოჩენილი იქნა: 380 ოქმი.
სადამკვირვებლო მისიის მიერ. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, გადამოწმდა და აღმოჩენილი იქნა შემაჯამებელი ოქმები, სადაც შეინიშნებოდა ბალანსის პრობლემა. თუმცა, ყველა ზემოთხსენებულ ოქმს, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად თან ერთვის ახსნა – განმარტებითი ბარათი ან შესწორების ოქმი.
აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენს მიერ დაფიქსირდა მცირე ხარვეზი საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მიერ მომზადებულ და გამოყენებულ სატრენინგო მასალებში. კერძოდ, „კენჭისყრის დღის პროცედურებსა“ (გვ. 31) და „საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელოში“ (გვ. 31), სადაც საუბარია შემაჯამებელი ოქმის შედგენაზე, მითითებულია მხოლოდ კომისიის წევრთა მიერ ოქმის ხელმოწერის აუცილებლობაზე და არაფერია ნათქვამი ბეჭდით ოქმის დამოწმების საჭიროებაზე, რაც საქართველოს საარჩევნო კოდექსის 71 მუხლშია გაწერილი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ტრენინგების მიმდინარეობისას, აღნიშნული საკითხი დაწვრილებით იყო განხილული ტრენერთა მიერ, თუმცა ვინაიდან ტრენინგებზე კომისიის წევრთა დასწრება არ არის სავალდებულო, კომისიის წევრთა მხრიდან იყო მაღალი მაჩვენებელი ტრენინგებზე არ დასწრებისა, რაც ჩვენი აზრით პირდაპირ კავშირშია ზემოთხსენებული დარღვევების სიმრავლესთან.
იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენს მიერ აღმოჩენილი ხარვეზები დაეხმარება საარჩევნო ადმინისტრაციას და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრს სამომავლოდ მათ გამოსწორებასა და ზოგადად საარჩევნო პროცესების კიდევ უფრო წარმატებით წარმართვაში.
განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი შეიმუშავებს საკანონმდებლო პაკეტს, სადაც ასახული იქნება აღნიშნული პრობლემის მოგვარების ჩვენეული ხედვა, მათ შორის საარჩევნო მოხელეთათვის ტრენინგებზე დასწრების ვალდებულების და პოლიტიკური პარტიების მიერ კომისიის წევრთა გამოწვევის ვადების შეზღუდვის შესახებ რეგულაციები.