აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმა სოლიდარობას უცხადებს უკრაინის სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც ქუჩაში აპროტესტებს უკრაინის ხელისუფლების უარს ვილნიუსის სამიტზე ევროკავშირთან დიდი ხნის წინ დაგეგმილი ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერაზე.
ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ უკრაინის ხალხის არჩევანი ევროპული ინტეგრაციაა. მათი მიზანია დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნა, კანონის უზენაესობის გაძლიერება და ადამიანის უფლებების დაცვა, კორუფციის შემცირება და სიღარიბის აღმოფხვრა, ასევე, შრომითი, გარემოს დაცვითი და სოციალური სტანდარტების გაუმჯობესება, რაც უკრაინის კეთილდღეობისა და წარმატების წინააპირობაა. ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება რუსეთის ფედერაციის ამბიციებს, რომელიც შანტაჟისა და სხვადასხვა სახის ეკონომიკური და პოლიტიკური ზეწოლის საშუალებით ცდილობს აღადგინოს საბჭოთა კავშირის მსგავსი საბაჟო კავშირი, რომელიც თავის თავში მოიაზრებს ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების შემცირებასა და სიღარიბის გაზრდას.
ჩვენ მოვუწოდებთ:
• ევროკავშირს კიდევ ერთხელ გამოუცხადოს თავისი მტკიცე პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს, მათ შორის უკრაინას, ვილნიუსის სამიტის შემდეგ ევროინტეგრაციის პროცესში დემოკრატიული რეფორმებისა გატარებაში;
• უკრაინის მოქალაქეებმა მიიღონ საქართველოს ეროვნული პლატფორმის სოლიდარობა ჩვენი ქვეყნების ევროპული მომავლისათვის ბრძოლაში.