საზოგადოებრივი ორგანიზაციების დღე და მემორანდუმის გაფორმება საქართველოს პარლამენტში

12 დეკემბერს პარლამენტსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს პარლამენტის თავმჯდომარემ – დავით უსუფაშვილმა და 100-ზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, მათ შორის განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის თავმჯდომარემ – ქეთევან ჩაჩავამ,  მოაწერეს ხელი. ამრიგად საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში ახალ ტრადიციას - საზოგადოებრივი ორგანიზაციების დღეს საქართველოს პარლამენტში ჩაეყარა საფუძველი.

 

საზოგადოებრივი ორგანიზაციების დღე ყოველწლიურად გაიმართება. მისი მიზანია უზრუნველყოს საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და პარლამენტს შორის დიალოგის გაღრმავება. ამ დღეს ორგანიზაციებს საშუალება მიეცემათ პარლამენტარებთან ერთად იმსჯელონ ქვეყნის წინაშე მდგარი მნიშვნელოვანი პრობლემების, ამოცანების და საჯარო პოლიტიკის მიმართულებების შესახებ.

 

საქართველოს პარლამენტი მემორანდუმით ხაზს უსვამს საზოგადოებრივი ორგანიზაციების როლსა და მნიშვნელობას გაწონასწორებული დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბების, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საქმეში. ის ცნობს საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან დიალოგის საჭიროებას და უზრუნველყოფს მათ მონაწილეობას საქართველოს კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელების პროცესში. თავის მხრივ, საზოგადოებრივი ორგანიზაციები პარლამენტთან თანამშრომლობისას მოქმედებენ საუკეთესო შედეგზე ორიენტირებულობისა და კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით, კონსტრუქციული ოპონირებისა და თანამშრომლობის რეჟიმში. 

 

საქართველოს პარლამენტსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმზე ხელის მოწერის საზეიმო ცერემონიას ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. დოკუმენტზე ხელმოწერის დასრულების შემდეგ, პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში პარლამენტისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

 

13-12-2013