საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების მეხუთე ფორუმი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და მშვიდობისა და განვითარების აკადემიის ორგანიზებით გაიმართა. განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი აქტიურად მონაწილოებდა ახალგაზრდული ორგანიზაციების ფორუმის მუშაობაში, სადაც წარმოდგენილი იქნა ორგანიზაციის ხედვა ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის გაუმჯობესების კუთხით.
ღონისძიებაზე განიხილეს საქართველოს გამოწვევები და მიღწევები ახალგაზრდულ სფეროში. ასევე იმსჯელეს სამთავრობო და არასამთავრობო ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების ხელშეწყობაზე.
ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ სწორედ ახალგაზრდობა არის მთავარი რესურსი, რომელსაც უნდა დაეფუძნოს ქვეყნის დემოკრატიული მომავალი და ეკონომიკური პროგრესი. „ჩვენი ამოცანაა სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის სრულყოფა. ძალიან მნიშვნელოვანია, არსებობდეს ინტენსიური კავშირი მთავრობასა და ახალგაზრდობას შორის. ჩემთვის აღმოჩენა იყო ის, რომ საქართველოში არსებობს 160 ახალგაზრდული ორგანიზაცია. დასახვეწია ახალგაზრდული პოლიტიკა. ყველა ახალგაზრდას უნდა ჰქონდეს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება"-განაცხადა პრემიერმა.