ქალთა უფლებებზე და გენდერულ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები მხარს ვუჭერთ პოლიტიკური პარტია „ახალი მემარჯვენეების“ ინიციატივას, რომელიც ხელს შეუწყობს ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდას.
ინიციატივა შეეხება ცვლილებებს საქართველოს კანონში „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ და ნებისმიერი დონის არჩევნებისათვის პოლიტიკური პარტიების მიერ წარდგენილ პარტიულ სიებში ქალების რაოდენობის გაზრდას გულისხმობს.
ინიციატივის მიხედვით, არჩევნებში მონაწილეობის მსურველი ყველა პოლიტიკური პარტია ვალდებული იქნება, უზრუნველყოს პარტიულ სიებში ყოველ 10 კანდიდატს შორის განსხვავებული სქესი წარმოდგენილი იყოს მინიმუმ 20 %-ით. ხოლო პარტია მიიღებს 30 %-იან ფინანსურ დანამატს, თუ პარტიულ სიაში ყოველ 10 კანდიდატს შორის განსხვავებული სქესი წარმოდგენილი იქნება მინიმუმ 30 %-ით.
აღნიშნული ინიციატივის მიზანია ქალთა გაძლიერება და მათი პოლიტიკაში ჩართულობის ხელშეწყობა. ამ საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება უზრუნველყოფს ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდას; ამასთან, საქართველოს კანონმდებლობა შესაბამისობაში მოვა საერთაშორისო ნორმებთან და სტანდარტებთან, როგორიცაა: ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ კონვენცია (CEDAW), გაეროს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კომიტეტის მიერ საქართველოსათვის მიცემული რეკომენდაციები (CEDAW/CE/GEO/3), სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ პაქტი, კონვენცია ქალთა პოლიტიკური უფლებების შესახებ, პეკინის დეკლარაცია და სამოქმედი პლატფორმა.
მოგიწოდებთ, მხარი დაუჭიროთ წარმოდგენილ ინიციატივას და მოაწეროთ ხელი პეტიციას.