საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 27 ოქტომბრის არჩევნების მონიტორინგის შემაჯამებელი ანგარიში

2013 წლის 4 ივლისს, საკანონმდებლო და საკონსტიტუციო მოთხოვნების შესაბამისად, პრეზიდენტის არჩევნების ჩატარების თარიღად საქართველოს პრეზიდენტმა 27 ოქტომბერი გამოაცხადა.

 

სადამკვირვებლო ორგანიზაცია „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი“ (CDD), ააიპ „კონსტიტუციის 42-ე მუხლთან“ პარტნიორობითა და ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს ფინანსური მხარდაჭერით 2013 წლის 27 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მიმდინარეობის მონიტორინგს 200 კაციანი სადამკვირვებლო მისიით ახორციელებდა. დამკვირვებლები მონიტორინგს ახორციელებდნენ საარჩევნო ადმინისტრაციის სამივე დონეზე (ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო), საოლქო საარჩევნო კომისა, საუბნო საარჩევნო კომისია) ქვეყნის 10 რეგიონსა და 73 საარჩევნო ოლქში. 

 

სადამკვირვებლო მისიამ განახორციელა, როგორც წინასაარჩევნო, ასევე არჩევნების დღის, ხმების დათვლისა და არჩევნების შედეგების შეჯამების პროცესის დაკვირვება. გარდა ამისა, სადამკვირვებლო მისიის წევრები დააკვირდნენ საარჩევნო უბნებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, იძულებით გადაადგილებულ პირთა ჩასახლებებში, მაღალმთიან და ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში. 

 

სადამკვირვებლო მისია საკუთარი საქმიანობის განხორციელებისას  ხელმძღვანელობდა ადგილობრივი კანონმდებლობის, საერთაშორისო სტანდარტებისა და ორგანიზაციის დამკვირვებლის ქცევის კოდექსის შესაბამისად. ჩვენი პრინციპებია: კანონის  პატივისცემის დემონსტრირება, დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა, სიზუსტე, გამჭვირვალობა და პროფესიონალიზმი. 

 

სადამკვირვებლო მისიის ერთ-ერთ მიზანს 2013 წლის 27 ოქტომბრის პრეზიდენტის არჩევნებისთვის წარმოადგენდა საარჩევნო პროცესებში ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების ჩართულობის გზით საარჩევნო პროცესის შესახებ მიუკერძოებელი, საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისი არჩევნების ჩატარების მხარდაჭერა, წინასაარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაში საკუთარი წვლილის შეტანა, ამომრჩეველთა და  ჩართული მხარეების ინფორმირება.  აღნიშნულის მისაღწევად აქტიურად გამოიყენებოდა როგორც სოციალური მედია საშუალებები (Facebook, სადაც CDD_ს ოფიციალურ გვერდს უკვე 17730  მომხმარებელი ყავს) ასევე, ორგანიზაციის  ოფიციალური ვებ–გვერდი: www.CDD.ge. 

 

სადამკვირვებლო მისია დაკომპლექტდა ღია და გამჭვირვალე პროცესის შედეგად. 16 რეგიონული კოორდინატორი და გრძელვადიანი დამკვირვებელი შერჩეული იქნა 500–ზე მეტ მსურველს შორის აპლიკაციებისა და გასაუბრების შედეგად. სადამვკირვებლო მისიის დაკომპლექტებისას გათვალისწინებული იყო ორგანიზაციის გენდერული თანასწორობის პოლიტიკა, რის შედეგადაც მისიის დაკომპლექტების მაჩვენებელი გახლდათ 55% ქალი, 45% კაცი. 

 

სადამკვირვებლო მისიის სათანადოდ მომზადების მიზნით, ჩატარდა გრძელვადიანი და მოკლევადიანი ტრენინგები მისიაში შემავალი ყველა რგოლისთვის (გრძელვადიანი და არჩევნების დღის დამკვირვებლები, მობილური ჯგუფები, სატელეფონო ოპერატორების ჯგუფი, იურისტების ჯგუფი და სხვ.). არჩევნების დღეს ასევე ფუნქციონირებდა ცხელი ხაზი: 790 333 111, რომლის მეშვეობითაც ყველა დაინტერესებულ პირს მიეწოდებოდა ამომწურავი ინფორმაცია პროცესთან დაკავშირებით.  

 

სადამკვირვებლო მისიის აღმოჩენების, გეგმებისა და მეთოდოლოგიის შესახებ საზოგადოების  ინფორმირებისთვის ორგანიზებულ იქნა სხვადასხვა სახის ღონისძიებები:

 

19 სექტემბერს, მედიის, ადგილობრივი, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა და საარჩევნო პროცესში ჩართული მხარეებისთვის,  კულტურის საერთაშორისო ცენტრ „მუზაში“ ორგანიზებული იქნა მიღება, ორგანიზაციის საქმიანობის პრეზენტაცია და დამკვირვებლის ქცევის კოდექსის საზეიმო ხელმოწერის ცერემონიალი. 

 

„დამკვირვებლის ქცევის კოდექსი“ შემუშავების მიზეზი, საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ყველა წევრის მაღალი პროფესიონალური და პირადი სტანდარტების შესაბამისად მოქცევა იყო, რომელიც შეესაბამება დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი დამკვირვებლის როლს.  „დამკვირვებლის ქცევის კოდექსი“ სავალდებულო გახლდათ  „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის“ (CDD) ყველა დამკვირვებლისთვის. აღნიშნული კოდექსის ნებისმიერი სერიოზული დარღვევა გამოიწვევდა რიგ სანქციებს. 

 

22 ოქტომბრიდან მუშაობა დაიწყო საარჩევნო მედიაცენტრმა. CDD-ს მიერ მედიაცენტრში ჩატარდა სულ 5 პრეს-კონფერენცია, მათ შორის ერთი არჩევნების წინა დღეს 26 ოქტომბერს. 3 არჩევნების დღეს – 27 ოქტომბერს და ერთიც შემაჯამებელი სახის პრეს-კონფერენცია არჩევნების მეორე დღეს. 27 ოქტომბერს, მისიის ხელმძღვანელმა ტელეკომპანია „კავკასიის“ პირდაპირ ეთერში ტელეგადაცემა „სპექტრის“ ეთერში შეაჯამა არჩევნების დღის პროცედურების მიმდინარეობა. 

 

CDD აქტიურად მონაწილეობდა არჩევნების თემაზე შექმნილ სხვადასხვა მუშა ჯგუფებში, მათ შორის: ტექნიკური მუშა ჯგუფის (TWG), უწყებათაშორისი კომისიის (IAC/IATF), პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფისა და სხვ. ორგანიზაციის წარმომადგენლები აქტიურად ხვდებოდნენ საერთაშორისო მისიების წარმომადგენლებს.

 

აღსანიშნავია, რომ 16 და 21 ოქტომბერს განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) თავმჯდომარემ – ქეთევან ჩაჩავამ სპეციალური მიწვევით განახორციელა ტრენინგები ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და ნიდერლანდების სახელმწიფოს საელჩოების 2013 წლის 27 ოქტომბრის პრეზიდენტის

არჩევნებისთვის ერთობლივი 80 კაციანი სადამკვირვებლო მისიის წევრებისთვის.  

 

სასიხარულოა, რომ GCG Reaserch–ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის „საარჩევნო გარემოს კვლევა და ანალიზი - 2013“ შედეგად განვითარებსა და დემოკრატიის ცენტრი (CDD)  საარჩევნო პროცესებში ჩართულ ორგანიზაციათა ათეულის იდენტიფიცირებისას, საქართველოს მოსახლეობამ: ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის,  სამართლიანი არჩევნების (ISFED), NDI, IRI, OSCE / ODIHR და განჭვირვალეობა საქართველოსთან ერთად დაასახელა. 

 

ძირითადი დასკვნები

27 ოქტომბრის პრეზიდენტის არჩევნები, განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის დაკვირვებით ჩატარდა მშვიდ, კონსტრუქციულ და გამჭვირვალე გარემოში. საარჩევნო ადმინისტრაციამ წარმატებით გაართვა თავი არჩევნების ადმინისტრირებას. ისეთი ფუნდამენტური უფლებები როგორიცაა: შეკრებისა და გამოხატვის, ინფორმაციის მიღებისა და ხელმისაწვდომობის, ამომრჩეველთა ნების დაფიქსირებისა და გასაჩივრების უფლება იყო უზრუნველყოფილი.

 

მიუხედავად დიდი მცდელობისა, რომ არჩევნები ჩატარებულიყო საერთაშორისო სტანდარტებთან  და ადგილობრივ კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში, დაფიქსირდა რიგი მნიშვნელოვანი ხარეზები.

  

იმედს ვიტოვებთ,  რომ წინამდებარე ინფორმაცია დაეხმარება საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებს, გაანალიზონ მიღწევები და აღმოფხვრან არსებული ხარვეზები, რაც, ჩვენი აზრით მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას. 

 

წინასაარჩევნო პერიოდი

 

საკანონმდებლო ჩარჩო

საქართველოს პრეზიდენტი აირჩევ აპირდაპირი არჩევნებით, მაჟორიტარულ-პლურალური საარჩევნო სისტემის, კერძოდ კი ორტურიანი საარჩევნო სისტემის საფუძველზე, ხუთწლიანი ვადით. 

 

საპრეზიდენტო არჩევნები ძირითადად კონსტიტუციით, საარჩევნო კოდექსით და კანონით მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ რეგულირდება. საარჩევნო სამართლებლივი ჩარჩო ყოვლისმომცველია და დემოკრატიული არჩევნების ჩატარების მყარ იურიდიულ საფუძველს წარმოადგენს. 

 

ბოლო საპარლამენტო არჩევნების (2012 წლის 1 ოქტომბერი) შემდეგ, მრავალი ტექნიკური ცვლილება იქნა შეტანილი საარჩევნო კანონმდებლობაში, რომლებმაც ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის რეკომენდაციების უმრავლესობა დააკმაყოფილა. ასევე, გათვალისწინებული იქნა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციების ნაწილიც. ცვლილებები პარლამენტის მიერ კონსენსუსის საფუძველზე ივლისში შევიდა და აგვისტოში ამოქმედდა. ზემოხსენებული ცვლილებები სამწუხაროდ არჩევნებამდე ძალიან ახლო პეროდში განხორციელდა და სამომავლოდ უმნიშვნელოვანესია საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელებულ იქნას საერთაშორისო რეკომენდაციების შესაბამისად არჩევნემაბმდე 6 თვით ადრე მაინც. 

 

კანდიდატების რეგისტრაცია  

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებას (პარტიას) ან ამომრჩეველთა 5-კაციან საინიციატივო ჯგუფს, რისთვისაც მათ შესაბამისი განაცხადი უნდა შეიტანონ ცესკოში. 

 

საპრეზიდენტო კანდიდატების რეგისტრაციის მიზნით ცესკოში განცხადება 12 პოლიტიკური პარტიისა და 42 დამოუკიდებელი კანდიდატისგან იქნა მიღებული. ყველა კანდიდატს რეგისტრირებული ამომრჩევლების საერთო რაოდენობის მინიმუმ 0.75 პროცენტის ხელმოწერების შეგროვება და წარმოდგენა მოეთხოვებოდა. 7 კანდიდატმა თავად მოხსნა კანდიდატურა, 24 მსურველს კი რეგისტრაციაზე უარი ეთქვათ, ძირითადად იურიდიული მოთხოვნების შეუსრულებლობის მიზეზით.   

 

აღსანიშნავია, რომ კანდიდატთა რეგისტრაციის პროცესი გამჭვირვალედ და ინკლუზიურად წარიმართა, თუმცა გამოვლინდა პრობლემური საკითხები: პრეზიდენტობის კანდიდატისა და თანამდებობის დაკავებისთვის არსებული მოთხოვნების დაზუსტების აუცილებლობა; ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირთა პრეზიდენტის არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობის საკითხი; კანდიდატისა და თანამდებობის დაკავებისთვის არსებული სტანდარტების გამოყენების თანმიმდევრულობა. 

 

მოქმედი კანონმდებლობით ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირს არ შეუძლია პრეზიდენტის პოსტის დაკავება, თუმცა კანონი ნათლად არ განასხვავებს ერთმანეთისგან საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობასთან და პრეზიდენტის პოსტის დაკავებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს. ცესკომ ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს უარი უთხრა საარჩევნო რეგისტრაციაზე, აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრებულ და უცვლელად  დატოვებული იქნა სასამართლოს მიერ. განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის შეფასებით ადგილი აქვს კანონმდებლობაში გაპარულ უზუსტობას რაც იძლევა აღნიშნული საკითხის ინტერპრეტაციის საშუალებას. მიგვაჩნია, რომ მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში ცესკოსა და სასამართლოს გადაწყვეტილება ლეგიტიმურია, თუმცა უმნიშვნელოვანესია აღნიშნული მუხლი ორმაგ მოქალაქეობასთან მიმართებაში იქნას გასწორებული, რათა აღარ იქნეს შესაძლებელი ინტერპრეტაცია. 

 

წინასაარჩევნო კამპანია

პრეზიდენტობის კანდიდატებს შესაძლებლობა ჰქონდათ, საარჩევნო პროგრამებზე ორიენტირებული კამპანია ეწარმოებინათ, მათ შორის არჩევნების დღესაც.

 

არჩევნების გამოცხადებიდან რამოდენიმე პოლიტიკური პარტია აქტიურად წარმართავდა საარჩევნო კამპანიას, გაიხსნა საარჩევნო შტაბები და დაიწყო ამომრჩეველთან შეხვედრების ორგანიზება, როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში.

 

მოსახლეობასთან შეხვედრები იმართებოდა როგორც ღია ცის ქვეშ, ასევე დახურული ტიპის დარბაზებში. შეხვედრებზე კანდიდატების მიერ ძირითადად აქცენტი კეთდებოდა მოქალაქეთა ცხოვრების დონის ამაღლებაზე, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, დასაქმების პრობლემის მოგვარებაზე. ასევე საუბრები იმართებოდა ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ მიმართულებებსა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხებზე.

 

კანდიდატთა სიმრავლის მიუხედავად წინასაარჩევნო კამპანიას წინა წლებტან შედარებით დინამიურობა აკლდა. აქტიური საარჩევნო კამპანიით ძირითადად გამოირჩეოდნენ შემდეგი პრეზიდენტობის კანდიდატები: გიორგი მარგველაშვილი („ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“), დავით ბაქრაძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“), ნინო ბურჯანაძე („დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“) და შალვა ნათელაშვილი („ლეიბორისტული პარტია“). 

 

აღნიშნულმა წინასაარჩევნო კამპანიამ ნათლად გვაჩვენა, რომ მნიშვნელოვანია კანონმდებლობაში ნათლად განისაზღვროს  საჯარო პირების მიერ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებში პასიური მონაწილეობის საკითხი, ასევე განისაზღვროს აქვთ თუ არა პოლიციელებს ამგვარ ღონისძიებებზე დასწრების უფლება და თუ აქვთ რა პირობებით შეუძლიათ მათ ამის გაკეთება.

 

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის შეფასებით საარჩევნო სუბიექტებს ჰქონდათ  თავისუფალ გარემოში  შეკრებისა და საარჩევნო კამპანიის წარმართვის საშუალება.   

 

ამომრჩეველთა რეგისტრაცია

2013 წლის აგვისტოში დაახლოებით 98 000 ამომრჩეველი ამოღებული იქნა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სიიდან არასრული მონაცემებისა ან არასწორი მისამართის გამო. ასევე, საარჩევნო სიებს მიღმა დარჩა ამომრჩეველი, რომელიც მოხსნილი იქნა მესაკუთრის განცხადების საფუძველზე. ზემოთხსენებულ ამომრჩევლებს შეეძლოთ ხელახალი დარეგისტრირება 10 ოქტომბრამდე, რათა მოხვერდილიყვნენ ამომრჩეველთა ერთიან სიაში. აღსანიშნავია, რომ რეგისტრაციიდან მოხსნილი ამომრჩევლებიდან მხოლოდ 9 142 გაიარა ხელახალი რეგისტრაცია, რის ერთ-ერთ მიზეზად შესაძლებელია ჩაითვალოს არასათანადო საინფორმაციო კამპანია და დრო. 

 

ჩვენი სადამკვირვებლო მისიის მიერ დაფიქსირდა ზემოხსენებული ამომრჩევლების მისვლა არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე, სადაც მათ არ მიეცათ საკუთარი კონსტიტუციური უფლების გამოყენების – ხმის მიცემის შესაძლებლობა, რითაც მიგვაჩნიამ, რომ დაირღვა არჩევნების საყოველთაობის პრინციპი.  

 

აღსანიშნავია,  რომ  სახელმწიფო  სერვისების სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული რეგისრაციიდან მოხსნილი ამომრჩევლის სიის საჯარო ვერსია  შეიცავდა  მოქალაქეების  პერსონალურ  მონაცემებს,  მათ  შორის  სახელს, გვარს,  დაბადების  თარიღსა  და  პირად  ნომერს.  განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის შეფასებით ამომრჩევლის  პირადი  ნომრის  გასაჯაროება  საქართველოს  საარჩევნო  კოდექსისა  და „პერსონალურ  მონაცემთა დაცვის  შესახებ  საქართველოს  კანონის“ მოთხოვნების დარღვევით განხორციელდა და შეშფოთების საგანს წარმოადგენს. 

 

მიგვაჩნია, რომ ამომრჩევლის ნების გამოხატვა და საკუთარი კონსტიტუციური უფლებით სარგებლობა ყველა სხვა პროცედურულ – ტექნიკურ საკითხზე მაღლა უნდა იდგეს. დასაგმობია ზემოთხსენებული მიზეზით ამომრჩევლისთვის ხმის მიცემის უფლების ჩამორთმევა არასათანადო ინფორმაციის გავრცელების პირობებში.

 

ამომრჩეველთა ინფორმირება სასჯელაღსრულების დაწესებულებებში

2013 წლის 27 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ყველა ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელიც იმყოფება წინასწარ პატიმრობაში ან სასამართლოს განაჩენით იმყოფება პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, სასჯელს იხდის ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის და მისჯილი აქვს 5 წელზე ნაკლები.

 

სასჯელაღსრულების დაწესებულებებში 10 საარჩევნო უბანი გაიხსნა თანამშრომლების, სამხედრო მოსამსახურეებისა და პატიმრებისთვის. 27 ოქტომბერს სისტემაში ხმის მიცემის უფლების მქონე 1747 პატიმარი იმყოფებოდა.

 

CDD წარმომადგენლებმა, რამდენიმე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში განახორციელეს პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ხმის მიცემის უფლების მქონე პატიმრების ინფორმირებისთვის, სააგიტაციო მასალის განთავსების წესების შესრულების მონიტორინგი, როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე არჩევნების დღეს. მონიტორინგის ჯგუფის წევრებმა შეამოწმეს საარჩევნო უბნები, რომლებიც სასჯელაღსრულების დაწესებულებებში იქნა განთავსებული და სააგიტაციო მასალების ხელმისაწვდომობა, რომლებიც პოლიტიკურმა პარტიებმა ან/და პრეზიდენტობის კანდიდატების წარმომადგენლებმა მიიტანეს შესაბამის დაწესებულებებში გასავრცელებლად. ზემოთხსენებული მიზნით მხოლოდ ორი პრეზიდენტობის კანდიდატის გიორგი მარგველაშვილი („ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“), დავით ბაქრაძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“) სააგიტაციო მასალა იქნა მიწოდებული დაწესებულებებისთვის, რომლებიც იქნა განთავსებული ყველა მსჯავრდებულისთვის ხელმისაწვდომ ადგილზე. იყო ასევე ფაქტები პლაკატების ჩამოხევისა რასაც მოჰყვა შესაბამისი რეაგირება რაც საქართველოს საარჩევნო კოდექსით არის გათვალისწინებული. 

 

აღსანიშნავია, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მიერ ორგანიზებული შეხვედრები და პოლიტიკური ნების არაერთგზის დაფიქსირება მაღალჩინოსანთა მიერ, რომ საჯელაღსრულების დაწესებულებებში ღია, გამჭვირვალე არჩევნების ორგანიზება ყოფილიყო უზრუნველყოფილი.  შესაბამისი ინსტრუქციები იქნა გაცემული და სასჯელაღსრულების დაწესებულებების წარმომადგენელთა მიერ ადგილზე პროცესის ორგანიზება მაქსიმალურად გამჭვირვალედ, სამართლიანად და პროცედურების დაცვით იქნა უზრუნველყოფილი. 

 

მნიშვნელოვანია, რომ სპეციალურ უბნებზე, რომლებიც გახსნილი იყო ზემოთხსენებულ დაწესებულებებში, სიებში შეყვანილი იქნა მხოლოდ ის თანამშრომლები, ვინც არჩევნების დღეს ახორციელებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას და წინა წლების პრაქტიკა, როდესაც სპეციალურ სიაში ხდებოდა ყველა თანამშრომლის შეყვანა, იქნა შეცვლილი, რამაც ერთმნიშვნელოვნად შეამცირა ზემოთხსენებული სიების მიხედვით არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობა. 

 

სადამკვირვებლო მისიის მიერ აღმოჩენილი მცირე ხარვეზების მიუხედავად, მიგვაჩნია, რომ პროცესის გაუმჯობესების კუთხით გადადგმული ნაბიჯები შეგვიძლია შევაფასოთ დადებითად.  

 

მედია და არჩევნები 

საქართველოს პარლამენტმა და მთავრობამ მედიის მარეგულირებელ კანონმდებლობასა და დოკუმენტებში არაერთი ცვლილება განახორციელა, დაკანონდა მაუწყებელთა მფლობელებისა და ფინანსური გამჭვირვალობა; კანონმდებლობით განისაზღვრა აქამდე ერთადერთი სახელმწიფო არხის - აჭარის ტელევიზიის სტატუსი და მისი საზოგადოებრივ მაუწყებლებად გარდაქმნის გზა; ფუნდამენტურად იცვლება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს ფორმირების წესი, რაც ამ ინსტიტუტის დამოუკიდებლობას შეუწყობს ხელს; უკვე ამოქმედდა საქართველოს მთავრობის დადგენილება ,,საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“; საქართველოს კანონმდებლობაში მუდმივმოქმედ ნორმად აისახა ე.წ. ,,Must Carry”-სა და ,,Must Offer” -ის პრინციპები, რამაც ადგილობრივი მაუწყებლობა უფრო ხელმისაწვდომი გახადა მოსახლეობისთვის. თუმცა მედია სფეროში კვლავ დგას სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი ამოცანები. 

 

2012 წლის არჩევნებამდე, მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო კოდექსში არ შეცვლილა უფასო პოლიტიკური რეკლამის განთასვების მარეგულირებელი პუნქტი, რასაც წლების განმავლობაში აქტიურად ითხოვენ მედიისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმოამდგენლები საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ, მანამდე არსებული პრაქტიკისგან განსხვავებულად განმარტა კანონი და კერძო მაუწყებლები, მიუხედავად იმისა განათასვებდნენ თუ არა ფასიან პოლიტიკურ რეკლამას, უპირობოდ დაავალდებულა - განეთავსებინათ უფასო პოლიტიკური რეკლამა. აღნიშნული ვალდებულება განსაკუთრებით მძიმე ტვირთად რჩება მცირე შემოსავლიანი რეგიონული მაუწყებლებისთვის, რომელთა წლიური შემოსავალი არ აჭარბებს 100 ათას ლარს. უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსების მომსახურება ასეთ არხებს წინასაარჩვენო პერიოდში რამდენიმე ათასი ლარი უჯდება, რაც უარყოფითად აისახება ასეთი კომპანიების მდგრადობასა და პროდუქციის წარმოებაზე.  ასევე, აღსანიშნავია უფასო პოლიტიკური რეკლამის უფლებით სარგებლობის კრიტერიუმების ინტერპრეტაცის საშუალებები კანონმდებლობაში, რამაც აღნიშნული არჩევნებისთვის გამოიწვია გაუგებრობა და ვნებათა ღელვა პრეზიდენტობის კანდიდატ ნინო ბურჯანაძესთან  მიმართებაში,  სასურველია მოხდეს იმ დებულებების გადახედვა და დაზუსტება, რომლითაც მაუწყებლებს უფლება ეძლევათ საზოგადოებრივი აზრის  გამოკითხვის საფუძველზე ჩათვალონ კანდიდატები „კვალიფიციურად“, რათა თავიდან იქნას აცილებული ამ დებულების შესრულებაზე უარი ან რაიმე არათანმიმდევრულობა მათი შესრულებისას.

 

მიგვაჩნია, რომ კანონით უნდა განისაზღვროს ფასიანი პოლიტიკური რეკლამის ზედა ზღვარი. მაუწყებელთა ფინანსური დეკლარაციების მიხედვით დაანგარიშდეს ე.წ. უფასო პოლიტიკური რეკლამის ღირებულება და მოხდეს მისი კომპენსირება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ამ ცვლილებების განხორციელება ერთის მხრივ ხელმისაწვდომს გახდის პოლიტიკური რეკლამის განთავსებას ყველა პარტიისთვის, ხოლო მეორეს მხრივ ხელს შეუწყობს მაუწყებლების მდგრადობას. 

 

ასევე, შესაძლებელია კვალიფიციურ საარჩვენო სუბიექტებს მიეცეთ სპეციალური სარეკლამო ვაუჩერები, რომლითაც ისინი შეძლებენ განათავსონ პოლიტიკური რეკლამა მათთვის სასურველ არხზე. ამგვარი ცვლილება მოუხსნის ე.წ. უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსების ტვირთს კერძო მაუწყებლებს. 

 

ჩვენი დაკვირვებით, მედიის წარმომადგენლებს ჰქონდათ შესაძლებლობა განეხორციელებინათ მათთვის კანონით მინიჭებული უფლება – მოვალეობები და მიეწოდებინათ ინფორმაცია ამომრჩევლისთვის მიმდინარე მოვლენების შესახებ. 

 

არჩევნების დღე

 

ორგანიზაციის სადამკვირვებლო მისიის მიერ მოწოდებულ ინფორმაციით არჩევნების დღის პროცესმა მთელი ქვეყნის მასშტაბით ორგანიზებულად და მშვიდ გარემოში ჩაიარა და სადამკვირვებლო მისიის მიერ საბოლოო ჯამში შეფასდა დადებითად.  

 

კენჭისყრის დღეს დაფიქსირებული ერთეული დარღვევების უმეტესობა პროცედურული ხასიათისაა, მათ შორის: საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოება, არასათანადო დოკუმენტაციით ხმის მიცემა, ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებით პრობლემები, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებულ სპეც-უბნებზე მარკირების პროცედურის არაერთგვაროვანი განხორციელება, აგიტაცია საარჩევნო უბანზე, ბეჭედზე ნაკვეთურების ხარვეზი, ასევე დაფიქსირდა საოლქო საარჩევნო კომისიებში შესული მასალის ხარვეზები. 

 

საარჩევნო უბნების გახსნა 

საარჩევნო უბნების გახსნამ ძირითადად მშვიდ გარემოში ჩაიარა, თუმცა ზოგიერთ უბანზე საარჩევნო უბნის გახსნის პროცედურები არასწორად, რიგ შემთხვევაში არათანმიმდევრულად განხორციელდა. მაგალითად, აღინიშნებოდა კომისიის წევრთა დაგვიანება, წილისყრის პროცედურის გაჭიანურება/რამოდენიმეჯერ ჩატარება, ბეჭდებზე ნაკვეთურების არ გაეკეთება, საკონტორლო ფურცლის არ/ ან არასრულად შევსება და ა.შ.  ასევე დაფიქსირდა საარჩევნო უბნების დაგვიანებით გახსნის  ერთეული შემთხვევებიც. 

 

ხმის მიცემის პროცესი 

მთლიანობაში ხმის მიცემის პროცესი კარგად იყო ორგანიზებული და საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლების უმრავლესობა დღის განმავლობაში თავიანთ სამუშაოს პროფესიონალურად ასრულებდა. შესაბაისად სადამკვირვებლო მისიის მიერ ხმის მიცემის პროცესი  დადებითად შევაფასებდით, თუმცა აქაც იყო რიგი ხარვეზები. მაგალითად არასწორად მოწყობილი კაბინა, არასრულად გამოკრული მასალები საარჩევნო უბნებზე,  ე.წ. „ოჯახური“ ხმის მიცემა, არასრული დოკუმენტაციით ხმის მიცემა (მართვის მოწმობით, პირადობის მოწმობის ქსერო ასლით და ა.შ.); საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემა მარკირების გარეშე;

 

უბნის დახურვა 

უბნის დახურვის პროცედურამ მეტნაკლები დარღვევებით ჩაიარა, თუმცა გამოიკვეთა შემდეგი მნიშვნელოვანი პრობლემები, როგორიცაა დოკუმენტაციის არასწორი/არადროული დალუქვა (ოლქში მიტანილი დაულუქავი დოკუმენტაციის და ბეჭდის კონვერტები), ბეჭდებზე მეორე ნაკვეთურის არარსებობა, შემაჯამებელი ოქმის არასწორი/არასრული შევსება. 

 

აღსანიშნავია, საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა კვალიფიკაციის პრობლემები, რაც ჩვენი დაკვირვებით, აღნიშნულ დარღვევათა გამომწვევი ძირითადი მიზეზია. მიგვაჩნია, რომ უმნიშვნელოვანესია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ტრენინგებზე დასწრების ვალდებულების შემოღება. ასევე, პოლიტიკური პარტიების მიერ კომისიის წევრთა გამოწვევის ვადების შეზღუდვა და არსებული ვადების გაზრდა (არჩევნებამდე მინიმუმ 25 დღემდე), რათა მოხერხდეს კომისიის წევრთა სათანადო მომზადების უზრუნველყოფა.  საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, ასევე სასურველი იქნებოდა ტრენინგების მეთოდოლოგიაში მეტი აქცენტის გაკეთება არჩევნების დღის პროცედურების სიმულციასა და კომისიის წევრთა პრაქტიკული უნარ - ჩვევების განვითარებაზე. 

 

არჩევნების დღე გადატვირთულია რიგი პროცედურებით, რაც ართულებს პროცესის ადმინისტრირებას, წარმოადგენს ბიუროკრატიულ მექანიზმებს და მოითხოვს დამატებით რესურსებს. საუბნო და რეგისტრატორთა ბეჭდებზე ნაჭდევისა და მარკირების პროცედურის ამოღებით შესაძლებელია არჩევნების დღის პროცედურების მნიშვნელოვნად გამარტივება. 

 

ხმების დათვლა და არჩევნების შედეგები

 

შემაჯამებელი  ოქმების  მონიტორინგი

სადამკვირვებლო მისიის მიერ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შემაჯამებელი ოქმების მონიტორინგს. ჩვენს მიერ ყველა საოლქო საარჩევნო კომისიიდან გამოწვეული იქნაშემაჯამაბელი ოქმები, რომლებიც შევადარეთ ცესკოს ოფიციალურ საიტზე (www.results.cec.gov.ge) ხელმისაწვდომ ოქმებსა და ჩვენს მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებიდან მიღებულ შემაჯამებელ ოქმებს.  ვინაიდან ზემოთხსენებული მასალის ანალიზის პროცესმა მეტი დრო მოითხოვა ვიდრე კანონის ფარგლებში ოფიციალური საჩივრების წარმოებისთვის არის განსაზღვრული, თუმცა შემდგომი რეაგირებისთვის ინფორმაციის სახით შემაჯამაბელ ოქმებში აღმოჩენილი ხარვეზების ანალიზი/სტატისტიკა ჩვენს მიერ მიწოდებული იქნა

საარჩევნო ადმინისტრაციისთვის. 

 

საქართველოს საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, კენჭისყრის დამთავრების შემდეგ, საუბნო, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კომისიისა და ამომრჩეველთა რეგისტრატორის ბეჭედს უკეთებს მეორე სპეციალურ ნაკვეთურს (მუხლი: 67). საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი, თავმჯდომარესთან შეთანხმებით, ავსებს შემაჯამებელ ოქმს, რომელსაც კომისიის ყველა წევრი აწერს ხელს, რითაც ფიქსირდება მათი უბანზე ყოფნა. ამის შემდეგ კი შემაჯამებელი ოქმი მოწმდება კომისიის ბეჭდით (მუხლი 71). 

 

ზემოთხსენებულ პროცედურასთან დაკავშირებით ჩვენს მიერ დაფიქსირდა შემდეგი ტიპის პრობლემები: შემაჯამებელი ოქმები რიგ უბნებზე დამოწმებული გახლდათ ერთ – ნაკვეთურიანი (231 უბანი), ან უნაკვეთურო ბეჭდით (33), შემაჯამებელ ოქმები გვხვდება ბეჭდის გარეშეც (42). რიგი ოქმები არ იყო საუბნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრთა მიერ ხელმოწერილი, ან არ იკითხება ბეჭედი, ოქმებში გაკეთებულია შესწორებები და სხვ. სულ ჩვენს მიერ ზემოთხსენებული ხარვეზებით აღმოჩენილი იქნა: 380 ოქმი. 

 

სადამკვირვებლო მისიის მიერ, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, გადამოწმდა და აღმოჩენილი იქნა შემაჯამებელი ოქმები, სადაც შეინიშნებოდა ბალანსის პრობლემა.  თუმცა, ყველა ზემოთხსენებულ ოქმს, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად თან ერთვის ახსნა – განმარტებითი ბარათი ან შესწორების ოქმი. 

 

აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენს მიერ დაფიქსირდა მცირე ხარვეზი საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მიერ მომზადებულ და გამოყენებულ სატრენინგო მასალებში.  კერძოდ, „კენჭისყრის დღის პროცედურებსა“ (გვ. 31)  და „საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელოში“ (გვ. 31), სადაც საუბარია შემაჯამებელი ოქმის შედგენაზე, მითითებულია მხოლოდ კომისიის წევრთა მიერ ოქმის ხელმოწერის აუცილებლობაზე და არაფერია ნათქვამი ბეჭდით ოქმის დამოწმების საჭიროებაზე, რაც საქართველოს საარჩევნო კოდექსის 71 მუხლშია გაწერილი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის სამახსოვრო ინსტრუქციაში იყო აღნიშნული ვალდებულება შეტანილი. ასევე ტრენინგების მიმდინარეობისას, საკითხი დაწვრილებით იყო განხილული ტრენერთა მიერ, თუმცა ვინაიდან ტრენინგებზე კომისიის წევრთა დასწრება არ არის სავალდებულო, კომისიის წევრთა მხრიდან იყო მაღალი მაჩვენებელი ტრენინგებზე არ დასწრებისა, რაც ჩვენი აზრით პირდაპირ კავშირშია ზემოთხსენებული დარღვევების სიმრავლესთან. 

 

არჩევნების შედეგები

12 ნოემბერს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2013 წლის 27 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1 660 976 ამომრჩეველმა, რამაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის (3 537 719) 46.95 % შეადგინა. ბათილად იქნა მიჩნეული 30 101  საარჩევნო ბიულეტინი, რომელიც კანონის შესაბამისად არჩევნებში მონაწილეთა ხმების  რაოდენობაში არ ითვლება.

 

არჩევნებში საბოლოო შედეგების მიხედვით გიორგი მარგველაშვილმა ხმების 62,12% მოიპოვა, დავით ბაქრაძემ 21,72%, ნინო ბურჯანაძემ 10,19%, შალვა ნათელაშვილმა 2,88% და გიორგი თარგამაძემ 1,06%, დანარჩენი პრეზიდენტობის კანდიდატების პროცენტულმა მაჩვენებელმა ვერ გადააჭარბა 1%-ს.

 

საჩივრები და განცხადებები 

საქართველს საარჩევნო კოდექსი დავების გადაწყვეტის სწრაფ პროცესს აწესებს. საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის საჩივრების შეტანა და გადაწყვეტილებების მიღება 1–3 კალენდარულ დღეში უნდა მოხდეს. საჩივრები სააპელაციო სასამართლოში შედის და ამ ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები საბოლოოა. 

 

საჩივრის შეტანა არჩევნების მონაწილე ყველა პარტიის, საარჩევნო ბლოკის და რეგისტრირებული დამკვირვებლების წარმომადგენლებს ნებისმიერ შემთხვევაში შეუძლიათ, თუმცა კანონში გარკვეული პრობლემა არსებობს, რადგან ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფების (დამოუკიდებელი კანდიდატების) მიერ საჩივრის შეტანის უფლება ყველგან დაფიქსირებული არ არის. 

 

აღნიშნულიდან გამომდინარე სასურველია კანონში შესწორებები იქნას შეტანილი, რომელთა მიხედვით არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი საჩივრის შეტანის უფლება არჩევნებში მონაწილე ყველა სუბიექტს ექნება. 

 

სადამკვირვებლო მისიის შეფასებით, არჩევნების დღეს ყველა დონის საარჩევნო ადმინისტრაცია მუშაობდა გამართულად. საჩივრების განხილვა მიმდინარეობდა გამჭირვალედ, პროცედურულად სწრაფად. ორგანიზაციის წარმომადგენლებს და სხვა უფლებამოსილ პირებს ჰქონდათ შესაძლებლობა დასწრებოდნენ  განხილვის პროცესს და დაეფიქსირებინათ საკუთარი პოზიცია წარდგენილ საჩივრებზე, სხვადასხვა პროცედურულ თუ სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ პროცესს თან ახლდა  მიცემული რეკომენდაციების გაზიარება. 

 

აღსანიშნავია, რომ კანონით განსაზღვრულ ყველა ჩართულ მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა გამოეყენებინა გასაჩივრების უფლება, როგორც ზემდგომ საარჩევნო ადმინისტრაციის ინსტანციებსა და ასევე სასამართლოში. 

 

არჩევნებში ჩართული მხარეები

 

საარჩევნო ადმინისტრაცია

2013 წლის პრეზიდენტის არჩევნები საარჩევნო სამდონიანმა ადმინისტრაციამ ჩაატარა - ცენტრალური საარჩევნო კომისია, 73 საოლქო საარჩევნო კომისია და 3 655 საუბნო საარჩევნო კომისია. აგრეთვე სასჯელაღსრულებისა და  სამედიცინო დაწესებულებებში, სამხედრო ბაზებზე 34 სპეციალური უბანი გაიხსნა, ხოლო საზღვარგარეთ დიპლომატიურ და საკონსულო მისიებში 52 უბანი. 

 

საარჩევნო ადმინისტრაციის სამივე დონეზე გენდერული ბალანსი უმეტესწილად დაცული იყო, თუმცა თანამდებობრივად საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეთა უმრავლესობას წარმოადგენდნენ მამაკაცები, ხოლო მდივნების აბსოლუტურ უმრავლესობას – მდედრობითი სქესის წარმომადგენლები. დადებით შეფასებას იმსახურებს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში კომისიიების დაკომპლექტებაც, სადაც ეთნიკური უმცირესობების წარმომდგენლები აქტიურად იყვნენ წარმოდგენილნი.   

 

2013 წელს განხორციელებული საარჩევნო ცვლილებების მიუხედავად, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი არ შეცვლილა. გარდა საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნის არჩევის წესისა, რომლის თანახმადაც საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი მხოლოდ ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანებების მიერ დანიშნული წევრებიდან აირჩეოდა. საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნის არჩევა ცვლილებების შემდგომ ზოგადი წესით არის შესაძლებელი, რაც გულისხმობს იმას, რომ კომისიის თითოეულ წევრს აქვს შესაძლებლობა, გახდეს კომისიის მდივანი.

 

2013 წლის პრეზიდენტის არჩევნებისთვის საარჩევნო კომისიები, გარდა პროფესიული ნიშნით არჩეული წევრებისა, მხოლოდ ორი პოლიტიკური ძალის, კოალიცია „ქართული ოცნებისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დანიშნული კომისიის წევრებით დაკომპლექტდა.

 

2013 წლის 12 აგვისტოს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა თანამდებობა დატოვა და პრეზიდენტის არჩევნებში პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირდა. ადილობრივმა სადამკვირბვებლო ორგანიზაციებმა, მათ შორის CDD-მ, ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე ერთხმად წარადგინეს და მხარი დაუჭირეს თამარ ჟვანიას კანდიდატურა, რომელიც პრეზიდენტის წარდგინების საფუძველზე, ცესკოს თავმჯდომარედ 2013 წლის 11 სექტემბერს იქნა არჩეული ცესკოს წევრთა მიერ. აღნიშნული ნაბიჯი საზოგადოების მხრიდან საარჩევნო ადმინისტრაციისადმი ნდობის ამაღლების დადებით მოვლენად შეიძლება იქნას აღქმული. 

 

ცენტრალური საარჩევნო კომისია  

ცესკო, გამოირჩეოდა პრაქტიკული დამოკიდებულებით,  მუდმივად ახდენდა დაინტერესებული თუ არჩევნებში მონაწილე მხარეების ინფორმირებას საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით. იმართებოდა სხვადასხვა სახის შეხვედრები არასამთავრობო სექტორთან, მედიასა და პოლიტიკურ პარტიებთან, საერთაშორისო მისიებთან და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან.

 

ცესკოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე ხდებოდა არჩევნებთან დაკავშირებული ყველა სახის ინფორმაციის განთავსება და განახლება. ასევე ეფექტურად მუშაობდა ცხელი ხაზი და ონლაინ ჩატი, რომელიც აწვდიდა ამომრჩევლებსა და დაინტერესბულ მხარეებს ამომწურავ და ზუსტ ინფორმაციას. 

 

ეფექტურად იქნა დანერგილი SMS სისტემა, რომლის მეშვეობითაც იგზავნებოდა ინფორმაცია შეხვედრების შესახებ. 

 

ცენტრალური  საარჩევნო  კომისია  აქტიურად მონაწილეობდა ამომრჩეველთა  ინფორმირების  პროცესში. 

 

საარჩევნო ადმინისტრაციამ  ამომრჩეველთათვის თანაბარი  საარჩევნო  გარემოს  უზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვანი  აქტივობები განახორციელა.  მათ შორის,  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის საგანმანათლებლო კამპანიის წარმოება, ბიულეტენების სპეციალური ფორმის შექმნა.  თუმცა, კვლვავ  გამოწვევად  რჩება ადაპტირებული  საარჩევნო  უბნების საკითხი.  ცესკოს ინფორმაციით საქართველოს მასშტაბით 302 საარჩევნო უბნის ადაპტირება მოხდა, რაც უბნების საერთო რაოდენობის  მხოლოდ  8%  წარმოადგენს. ასევე, უმნიშვნელოვანესია მოხდეს აღნიშნულ ამომრჩეველთან აქტიური მუშაობა მათი ინფორმირებისა და მოტივირების გაზრდის მიზნით.

 

აღსანიშნავია ცესკოს აქტიური და პოზიტიური როლი არჩევნების დღეს. ცესკო იყო პროაქტიული, ახდენდა სწრაფ რეაგირებას შესულ ინფორმაციასა და დარღვევებზე და იყო ღია თანამშრომლობისთვის. 

 

ყოველივე ზემოთხსენებულიდან გამომდინარე განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის მიერ ცესკოს მუშაობა შეფასდა მაღალპროფესიონალურად, გამჭვირვალედ და მიუკერძოებლად. 

 

საოლქო საარჩევნო კომისია

საოლქო სარჩევნო კომისიებში შეინიშნებოდა კომისიის წევრთა მომზადებისა და ინფორმირების მაღალი დონე, მათ თავი წარმატებით გაართვეს საარჩევნო უბნებზე არჩევნების დღეს წამოჭრილ რიგ პრობლემებს, თუმცა ჩვენდა სამწუხაროდ დაფიქსირდა საოლქო საარჩევნო კომისიების მხრიდან არაკეთილგანწყობილი დამოკიდებულება დამკვირვებლების მიმართ. იყო სადამკვირვებლო საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლის მცდელობებიც, რაც აღმოიფხვრა მხოლოდ ზემდგომი საარჩევნო კომისიის ჩართულობის შემდეგ. 

 

საუბნო საარჩევნო კომისია

საუბნო საარჩევნო კომისიებმა თავი გაართვეს არჩევნების დღესა და წინასაარჩევნო პერიოდში მათზე დაკისრებულ ვალდებულებებს, მათ უზრუნველჰყვეს ამომრჩევლის მიერ საკუთარი ნების ფარულად დაფიქსირების შესაძლებლობა.

 

სამწუხაროდ დაფიქსირდა კომისიის წევრთა კომპეტენციებთან დაკავშირებული პრობლემები.  CDD_ს დამკვირვებელთა მიერ დაფიქსირდა: საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოება, არასათანადო დოკუმენტაციით ხმის მიცემა, ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებით პრობლემები, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებულ სპეც-უბნებზე მარკირების პროცედურის არაერთგვაროვანი განხორციელება, აგიტაცია საარჩევნო უბანზე, ბეჭედზე ნაკვეთურების ხარვეზი, ასევე დაფიქსირდა საოლქო კომისიებში შესული მასალის ხარვეზები. ზემოთხსენებული პრობლემები, ჩვენი შეფასებით გამოწვეული იქნა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა დაბალი კომპეტენციითა და პროცედურების არაჯეროვანი ცოდნით. 

 

მნიშვნელოვანია, დაინერგოს საუბნო საარჩევნო კოსმიის წერთათვის წახალისების სხვადასხვა მექანიზმები. უნდა გადაიხედოს არაადეკვატურად  მაღალი ჯარიმების საკითხი.  მიგვაჩნია, რომ ჯარიმების რაოდენობა შემცირებული უნდა იქნას სახელფასო ანაზღაურებასთან მიმართებაში. 

 

სსიპ „ცესკოს საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი“

საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მიერ, ჩატარდა ტრენინგები სხვადასხვა დაინტერესებული მხარეებისთვის, მათ შორის, ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომელთათვის, ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წევრების, სასჯელაღსრულების სისტემის თანამშრომელთათვის, პოლიტიკური პარტიების, მედიისა და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების, წარმომადგენლებისთვის. მიგვაჩნია აღნიშნული მიდგომა უმნიშვნეოვანესია პროცესის ერთგვაროვანი აღქმის უზრუნველყოფის მიზნით. 

 

ცენტრის მიერ შეიქმნა არჩევნების პროცედურებთან დაკავშირებით ფილმი, ელექტრონული სასწავლო  პროგრამა,  ასევე გამოიცა სხვადასხვა სახელმძღვანელოები სხვადასხვა ჩართული მხარეებისთვის. ზემოთხსენებული მასალა ხელმისაწვდომი იყო ნებისმიერი დაინტერესებული მხარისთვის და წარმოადგენდა კარგ რესურსს. 

 

დადებითად შეფასებას იმსახურებს ცენტრის მიერ გაწეული მუშაობა და განხორციელებული პროექტები ახალგაზრდა ამომრჩეველა ინფორმირების მიმართულებით.

 

CDD-სთვის მეტად მნიშვნელოვანი იყო საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მხარდაჭერა, როგორც არჩევნებთან დაკავშირებული საინფორმაციო და სატრენინგო მასალების მოწოდების თვალსაზრისით. ასევე, ცენტრალური ოფისისისა და ტრენერებისთვის ტრენინგის ორგანიზების თვალსაზრისით. 

 

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის დამკვირვებლებმა განახორციელეს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ტრენინგების მონიტორინგი. მონიტორინგის შედეგებიდან გამომდინარე, აღსანიშანავია, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს სრულყოფილად მიეწოდებოდათ ინფორმაცია არჩევნების დღის პროცედურებთან დაკავშირებით, რაც ტრენინგის მეთოდოლოგიით იყო გათვალისწინებული. არსებული რეალობის გათვალისწინებით, როდესაც ადგილი ჰქონდა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა დიდი რაოდენობით განახლებას, სასურველი იქნებოდა ტრენინგების მეთოდოლოგიაში აღნიშნული ფაქტორის გათვალისწინება და მეტი აქცენტის გაკეთება არჩევნების დღის პროცედურების სიმულციასა და კომისიის წევრთა პრაქტიკული უნარ - ჩვევების განვითარებაზე. 

 

პრობლემატურ საკითხს წარმოადგენდა კომისიის წევრთა დასწრება, აღნიშნულიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ სავალდებულო უნდა გახდეს კომისიის წევრთათვის ტრენინგებზე დასწრება. ასევე, უნდა გაიზარდოს პარტიების მიერ,  კომისიის წევრთა გამოწვევის ვადებიც, რათა მოესწროს ზემოთხსენებულთა ეფექტური მომზადება. 

 

უწყებათაშორისი კომისია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია, რომელიც შეიქმნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევების პრევენციისა და მათზე რეაგირების მიზნით,  წარმოადგენდა პლატფორმას პოლიტიკური პარტიებისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის საარჩევნო საკითხებთან მიმართებაში საკუთრი პრობლემებისა და აღმოჩენილი დარღვევების შესახებ რეაგირებისთვის.  სამწუხაროდ, უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციებს არ აქვს სავალდებულო იურიდიული სახე, შესაბამისად რიგი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია თუ მითითება შესაბამისი რეაგირების გარეშე იქნა დატოვებული. 

 

პოზიტიურად გვინდა შევაფასოთ ის ფაქტი, რომ უწყებათაშორისმა კომისიამ ხელი მოაწერა ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების მემორანდუმს, რომელიც ცესკოსა და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ,  ერთობლივად იქნა შემუშავებული და ხელმოწერილი. 

 

სამწუხაროდ, უწყებათაშორისი კომისიის სხდომები რიგ შემთხვევაში არაკონსტრუქციულ გარემოში მიმდინარეობდა და პოლიტიკური დებატებისა თუ  შეფასებების ადგილს წარმოადგენდა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის მიმართ ხშირად ფიქსირდებოდა კრიტიკა, არასკონსტრუქციული და რიგ შემთხვევებში შეურაცხმყოფელი კომენტარებიც კი. არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეწყვიტა კომისიის სხდომებზე სიარული. 

 

მიგვაჩნია, რომ უწყებათაშორისი კომისიის მუშაობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს  პოლიტიკური ნების დაფიქსირებისა და პრევენციის კუთხით, უკვე მომხდარ დარღვევებთან მიმართებაში კი შესაბამისი რეაგირება უნდა მოახდინონ ორგანოებმა ვისაც ეს უფლება კანონით აქვს მინიჭებული (საარჩევნო ადმინისტრაცია, სასამართლო და ა.შ.). კომისიის მიმართ ნდობისა და ეფექტურობის გაზრდის მიზნით, მნიშვნელოვანი იქნება, მომავალში კომისიის წევრებმა თავი შეიკავონ რომელიმე სუბიექტის სასარგებლოდ/საწინააღმდეგოდ წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობისგან, ასევე, უზრუნველყონ კომისიის სხდომების წარმართვა მაქსიმალურად კონსტრუქციულ გარემოში. 

 

საქართველოს პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფი

2013 წლის 7 მარტს, საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს პარლამენტში ინტერფრაქციული ჯგუფი შეიქმნა. ჯგუფს მაისის ბოლომდე შვიდ საკითხზე პოზიციები უნდა შეეჯერებინა და კანონპროექტების პარლამენტში ინიცირება მოეხდინა. თუმცა, პოზიციების შეჯერება ჯგუფმა ვერ შეძლო ისე ეფექტურად, როგორც იყო მოლოდნები მასში ჩართული მხარეების მხრიდან, ხოლო შეჯერებული საითხების მცირე რაოდენობა პარლამენტის მიერ მიღებული იქნა არჩევნებამდე რამოდენიმე კვირით ადრე რაც რა თქმა უნდა პრობლემური საკითხია და საერთაშორისო რეკომენდაციებთან  წინააღმდეგობაში მოდის. 

 

სახელმწიფო აუდიტის სამსახური 

უნდა აღინიშნოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უმნიშვნელოვანესი როლი პოლიტიკური პარტიების ფინანსების მონიტორინგის კუთხით, განსაკუთრებით მაშინ როდესაც 2013 წელს განხორიცლეებული საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით იურიდიულ პირებს მიენიჭათ შემოწირულობების განხორციელების უფლება. ამ ფონზე, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, სახელმწიფო აუდიტის საქმიანობა ნაკლები აქტიურობით გამოირჩეოდა. 

 

მნიშვნელოვანია გადაიხედოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის რესურსები და მანდატი, რათა მათ შეძლონ სრულფასოვანი  ფინანსური მონიტორინგის განხორიცელება და პოლიტიკაში არსებული თანხების მაქსიმალური გამჭვირვალობის ხელშეწყობა. 

 

რეკომენდაციები

 

არჩევნების თვისობრივად უკეთეს, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში, გამჭვირვალე და სამართლიან გარემოში ჩატარების მიზნით, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია შემდეგი საკითხების მოწესრიგება:

 

წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა 

მიგვაჩნია,  რომ მნიშვნელოვანია კანონმდებლობაში ნათლად განისაზღვროს  საჯარო პირების მიერ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებში პასიური მონაწილეობის საკითხი, ასევე განისაზღვროს აქვთ თუ არა პოლიციელებს ამგვარ ღონისძიებებზე დასწრების უფლება და თუ აქვთ რა პირობებით შეუძლიათ მათ ამის გაკეთება.

 

აგიტაციის შეზღუდვა არჩევნების დღეს 

მიგვაჩნია, რომ  კენჭისყრის დღეს აგიტაციის შეზღუდვა და დუმილის გამოცხადება პოზიტიურ წვლილს შეიტანს არჩევნების დღეს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების კუთხით. ასევე, პრევენციულ ზომად შეიძლება აღიქმებოდეს საარჩევნო უბნებთან მხარდამჭერთა მობილიზაციისა და ამომრჩევლის ნებაზე ზეწოლის  თავიდან აცილების კუთხით.

 

საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაცია

საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციის პროცესის მიმართ ნდობის გაზრდის და პროცესში ჩართული პირებისთვის თანაბარი და სამართლიანი გარემოს შექმნის უზრუნველსაყოფად, საქართველოს პარლამენტმა უნდა განახორციელოს ისეთი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც დააზუსტებს პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციისა და თანამდებობის დასაკავებლად არსებულ მოთხოვნებს, გამორიცხავს საქართველოს მოქალაქეთა (ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირთა) რამე სახის დისკრიმინაციას პასიური საარჩევნო უფლების განხორციელების კუთხით.

 

საარჩევნო დავები

მიგვაჩნია, რომ აუცილებელია არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი საჩივრის შეტანის უფლება არჩევნებში მონაწილე ყველა სუბიექტს მიეცეს, შესაბამისად აღნიშნული ცვლილებები უნდა გახორვციელდეს საარჩევნო კოდექსში.

 

მიგვაჩნია, რომ უნდა გადაიხედოს საარჩევნო ადმინისტრაცის წევრთათვის არაადეკვატურად მაღალი ჯარიმების საკითხი. ჯარიმების რაოდენობა შემცირებული უნდა იქნას სახელფასო ანაზღაურებასთან მიმართებაში.

 

არჩევნების თარიღის დადგენა

მიგვაჩნია, რომ არჩევნებისთვის მზადების პროცესში ყველა ჩართული მხარისთვის  პოზიტიურ როლს შეიტანს არჩევნების თარიღის  განსაზღვრა.  

 

პოლიტიკურ პარტიების დაფინანსება  

მიგვაჩნია, რომ უნდა გადაიხედოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის რესურსები და მანდატი, რათა მათ შეძლონ სრულფასოვანი  ფინანსური მონიტორინგის განხორიცელება და პოლიტიკაში არსებული თანხების მაქსიმალური გამჭვირვალობის ხელშეწყობა. 

 

გამიჯნული უნდა იქნას პარტიის დაფინანსებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის დარღვევა, რაც ადმინისტრაციული შეცდომით არის განპირობებული და განზრახ ჩადენილი სამართალდარღვევა, რომელთაგან პირველი პროპორციულ სამოქალაქო სანქციებს უნდა ექვემდებარებოდეს, ხოლო უფრო მძიმე განზრახ ჩადენილი დანაშაული სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებდეს.

 

მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო წლიური ხარჯების საერთო ოდენობა მნიშვნელოვნად უნდა შემცირდეს. მთლიან შიდა პროდუქტთან კავშირი უნდა გაუქმდეს და დადგინდეს რეალური ზღვარი, რომელიც შეესაბამება მოსახლეობის რაოდენობას და საარჩევნო კამპანიისათვის ხელმისაწვდომ რესურსებს.

 

მედია და არჩევნები

მიგვაჩნია, რომ კანონით უნდა განისაზღვროს ფასიანი პოლიტიკური რეკლამის ზედა ზღვარი. მაუწყებელთა ფინანსური დეკლარაციების მიხედვით დაანგარიშდეს ე.წ. უფასო პოლიტიკური რეკლამის ღირებულება და მოხდეს მისი კომპენსირება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ამ ცვლილებების განხორციელება ერთის მხრივ ხელმისაწვდომს გახდის პოლიტიკური რეკლამის განთავსებას ყველა პარტიისთვის, ხოლო მეორეს მხრივ ხელს შეუწყობს მაუწყებლების მდგრადობას. 

 

ასევე, კვალიფიციურ საარჩვენო სუბიექტებს მიეცეთ სპეციალური სარეკლამო ვაუჩერები, რომლითაც ისინი შეძლებენ განათავსონ პოლიტიკური რეკლამა მათთვის სასურველ არხზე. ამგვარი ცვლილება მოუხსნის ე.წ. უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსების ტვირთს კერძო მაუწყებლებს. 

 

არჩევნების დღის პროცედურების გამარტივება 

მიგვაჩნია, რომ არჩევნების დღე გადატვირთულია რიგი პროცედურებით, რაც ართულებს პროცესის ადმინისტრირებას, წარმოადგენს ბიუროკრატიულ მექანიზმებს და მოითხოვს დამატებით რესურსებს. საუბნო და რეგისტრატორთა ბეჭდებზე ნაჭდევისა და მარკირების პროცედურის ამოღებით შესაძლებელია არჩევნების დღის პროცედურების მნიშვნელოვნად გამარტივება. 

 

საარჩევნო კომისიების წევრთა რაოდენობის ოპტიმიზაცია

მიგვაჩნია, რომ უნდა გადაიხედოს საარჩევნო კომისიების წევრთა ფუნქცია – მოვალეობები და მოხდეს მათი ოპტიმიზაცია. კენჭისყრის დღის პროცედურების გამარტივებისა და რიგი ფუნქციების სწორად გადანაწილების პირობებში მიგვაჩნია, რომ შესაძლებელია საარჩევნო კომისიების წევრთა რაოდენობის შემცირება.

 

საუბნო საარჩევნო კომისიის ყველა წევრს უნდა ქონდეს მინიჭებული კონკრეტული ფუნქცია, ხოლო იმ უბნებზე სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა მცირეა შესაძლებელია, რომ საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ 6 წევრის ნაცვლად დანიშნული იქნას 3, 4 ან 5 წევრი. ასევე, შესაძლებელია კომისიის წევრთა რაოდენობის ავტომატურად შემცირება თუ ყოველი 300 მაგივრად ყოველ 500 ამომრჩეველზე ერთი რეგისტრატორი იქნება მინიჭებული. 

 

კომისიების შემადგენლობის ოპტიმიზაცია კი ხელს შეუწყობს არსებული რესურსის უკეთ გადანაწილებას, ადმინისტრაციის წევრებისთვის უკეთესი ანაზღაურებისა და მომზადების შესაძლებლობას. 

 

საარჩევნო ადმინისტრაციის უკეთ მომზადებისათვის აუცილებელი ნაბიჯები 

მიგვაჩნია, რომ უმნიშვნელოვანესია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ტრენინგებზე დასწრების ვალდებულების შემოღება. 

ასევე, პოლიტიკური პარტიების მიერ კომისიის წევრთა გამოწვევის ვადების შეზღუდვა და არსებული ვადების გაზრდა (არჩევნებამდე მინიმუმ 25 დღემდე), რათა მოხერხდეს კომისიის წევრთა სათანადო მომზადების უზრუნველყოფა.  

 

საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებით, სასურველი იქნებოდა ტრენინგების მეთოდოლოგიაში მეტი აქცენტის გაკეთება არჩევნების დღის პროცედურების სიმულციასა და კომისიის წევრთა პრაქტიკული უნარ - ჩვევების განვითარება

 

 

ანგარიში მომზადებულია ფონდ „ღია საზოგადოება _ საქართველოს“ მიერ დაფინანსებლი პროექტის „დაკვირვება დემოკრატიისა და განვითარებისათვის“ ფარგლებში. ავტორების მიერ ანგარიშში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ „ღია საზოგადოება _ საქართველოს“ პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.  

24-01-2014