19 თებერვალს სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ კონფერენცია „2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები - მიღებული გამოცდილება და მომავალი ნაბიჯები“ გაიმართა. კონფერენცია გალდათ შემდგომი ნაბიჯი იმ დისკუსიისა, რომელიც თბილისში 13 თებერვალს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის ანგარიშის განხილვას ეფუძნებოდა.
კონფერენციის მიზანი გახლდათ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს მიღებული გამოცდილების გაზიარება და მომავალი ადგილობრივი არჩევნებისათვის სათანადო ნაბიჯების გადადგმა, რათა უზრუნველყოფილი იქნას ევროპული და საერთაშორისო სტანდარტებთან სრული შესაბამისობა.
კონფერენცია ევროპის საბჭოსა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის შვეიცარიისა და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა.
კონფერენცია საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილმა, ევროპის საბჭოს დემოკრატიული მმართველობის, კულტურისა და მრავალფეროვნების დეპარტამენტის დირექტორმა კლაუდია ლუჩიანიმ, შვეიცარიის ელჩმა საქართველოში გიუნტერ ბეხლერმა და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის ხელმძღვანელმა სტევენ ჰაიკინმა გახსნეს.
კონფერენციში მონაწილეობდნენ საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ცესკოს, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მათ შორის განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის თავმჯდომარე ქეთევან ჩაჩავა.