საარჩევნო რეფორმის მიმდინარეობა და რეკომენდაციების განხორციელების გზები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მანანა კობახიძემ, მადლიერება გამოხატა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისისა (OSCE/ODIHR) და ევროკავშირის მიმართ შეხვედრის მხარდაჭერისათვის. მან აღნიშნა, რომ შეხვედრა წარმოადგენდა რეფორმის სტატუსისა და საარჩევნო გარემოს შემდგომი გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების განსახილველ ფორუმს. საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ინტერფრაქციულმა ჯგუფმა შეიმუშავა არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც უკვე პარლამენტში იყო ინიცირებული. შესაბამისად, მომავალი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება ახალი ნორმებით. საარჩევნო სისტემის უფრო ფართო რეფორმა განხორციელდება საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში, ადგილობრივი არჩევნების შემდგომ. მანანა კობახიძემ აგრეთვე ხაზი გაუსვა რეფორმის პროცესში საპარლამენტო, არასაპარლამენტო ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობისა და საერთაშორისო მონაწილეების მიერ შემუშავებული რეკომენდაციების მნიშვნელობას.


ფილიპ დიმიტროვმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, აღნიშნა რომ საქართველოს უკვე გააჩნდა კარგად ჩატარებული არჩევნების გამოცდილება, რადგან მთელი რიგი არჩევნებისა დამაკმაყოფილებლად იქნა ჩატარებული. მან ხაზი გაუსვა ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) წვლილს აღნიშნულ პროცესში. მერების პირდაპირი არჩევნები ასევე წარმოადგენდა წინ გადადგმულ ნაბიჯს. თუმცა, გარკვეული საკითხები კვლავ გაუმჯობესებას და შესაბამისი რეკომენდაციების გათვალისწინებას საჭიროებს. რეფორმის პროცესში მნიშვნელოვანი იქნება კანონმდებლობის სიმარტივის უზრუნველყოფა.


ნილს სკოტი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში, მიესალმა მონაწილეებს და განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა ევროკავშირის მიმართ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების მუდმივი მხარდაჭერისთვის. მან ასევე გამოხატა მადლიერება შეხვედრის თანა-ორგანიზატორის, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) მიმართ. 2013 წლის არჩევნები უდავო წარმატებას წარმოადგენდა ქვეყნის პოლიტიკური სიმწიფისა და დემოკრატიული განვითარების კუთხით. თუმცა, ზოგიერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, მათ შორის ხმების თანაბრობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, კვლავ გასათვალისწინებელი იყო. მან იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული უახლოეს მომავალში განხორციელდებოდა. შეზღუდული დროის გათვალისწინებით, საარჩევნო რეფორმა სრულად ვერ განხორციელდება 2014 წლის არჩევნებამდე. თუმცა, ეს კიდევ უფრო ზრდის მიმდინარე რეფორმის ბოლო ფაზის დასრულების მნიშვნელობას, რაზედაც მუშაობა არჩევნების შემდეგ დაუყოვნებლივ უნდა გაგრძელდეს. მან აღნიშნა, რომ გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), უკვე ათ წელიწადზე მეტია, რაც მხარს უჭერდა საქართველოში საარჩევნო პროცესებს და ამჟამად უკანასკნელ მხარდაჭერის პროექტს ახორციელებდა, რომელიც 2014 წლის შუა ნაწილში სრულდებოდა. თუმცა, იმავდროულად, არსებული რესურსები მაქსიმალურად იქნებოდა გამოყენებული დარჩენილი თვეების განმავლობაში რეფორმის მხარდასაჭერად.


დონალდ ბისონმა, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ, მადლიერება გამოხატა გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP)  და ევროკავშირის მიმართ შეხვედრის მხარდაჭერისათვის. მან აღნიშნა, რომ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) მიერ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე შემუშავებული რეკომენდაციების განხორციელებაზე თვალყურის მიდევნება, ორგანიზაციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენდა. ზოგიერთი ტექნიკური საკითხი შესაძლოა მოახლოებულ ადგილობრივ არჩევნებამდე იქნას გათვალისწინებული, თუმცა კარგი საარჩევნო პრაქტიკის თანახმად, კანონმდებლობის ძირეული ცვლილება არ უნდა განხორციელდეს არჩევნებამდე ერთი წლის განმავლობაში. 


მან აღნიშნა, რომ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) საბოლოო ანგარიში მოიცავდა 21 რეკომენდაციას, მათ შორის პრიორიტეტულებს.  რეკომენდაციები, სხვა საკითხებთან ერთად, ითვალისწინებდა შემდეგს: (ა) უფრო მეტად თანაბარი პირობების შექმნა საარჩევნო სუბიექტების მედია წვდომის კუთხით; (ბ) კანონში ცვლილებების შეტანა, რომლის მიხედვით საარჩევნო სუბიექტებს საჩივრის შეტანის უფლება ექნებათ არჩევნებთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე. აგრეთვე, მოქალაქეებს უნდა მიეცეთ მათი საარჩევნო უფლების შესაძლო დარღვევისას საჩივრის შეტანის უფლება. უწყებათშორისი კომისია წარმოადგენდა კარგ ფორუმს არჩევნებთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად. თუმცა, საარჩევნო პროცესის მონაწილეებმა ძალიან ბევრი ისეთი საჩივარი დააყენეს კომისიის წინაშე, რომელზეც მას არ გააჩნდა შესაბამისი სამართლებრივი რეაგირების უფლებამოსილება. შესაბამისად, მონაწილეებმა საჩივრებით კომპეტენტურ ორგანოებს უნდა მიმართონ; (გ) მთლიანობაში, საარჩევნო უბნებზე დამკვირვებელთა სიმრავლისა და საუბნო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეების მიერ დამკვირვებელთა საქმიანობაზე ზედამხედველობის ნაკლებობის გამო, უბნებზე გარკვეულწილად ქაოტური ატმოსფერო იყო შექმნილი. აღნიშნულის გათვალისწინებით, რეკომენდებულია დამკვირვებლებისა და საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეების შესაბამისი ტრენინგი; (დ) არჩევნების დღის პროცედურების გადახედვა და გამარტივება, რათა კანონმდებლობიდან ყველა ის პროცედურა იქნას ამოღებული, რომელსაც საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობის ამაღლებაში ხელშესახები წვლილი ვერ შეაქვს; (ე) კანონმდებლობაში ნათლად განსაზღვრა, შეიძლება თუ არა საჯარო მოხელეების მიერ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაში პასიური მონაწილეობა წინასაარჩევნო აგიტაციის ფორმად ჩაითვალოს; ასევე, იმის განსაზღვრა, აქვთ თუ არა პოლიციელებს ამგვარ ღონისძიებებზე დასწრების უფლება და რა პირობებით; (ვ) საარჩევნო პროცესებში საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის როლის გადახედვა. შესაძლოა განხილულ იქნას კომისიისათვის სანქციების დაწესების უფლებამოსილების მინიჭების საკითხი, იმ შემთხვევაში თუ მის მიერ განხორციელებული მონიტორინგისას გამოვლინდა მედიის მიერ თანაბარი წვდომისა და სამართლიანი მოპყრობის პრინციპების ხელყოფა; (ზ) წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებასთან დაკავშირებული კანონმდებლობა კიდევ უნდა დაიხვეწოს რეგულაციებში არსებული შეუსაბამობების აღმოსაფხვრელად. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებაზე კონტროლი უნდა იყოს დეტალური, ყოვლისმომცველი და დროული. ასევე მნიშვნელოვანია პოლიტიკური პარტიების უფრო მეტი ტრენინგი და ანგარიშგების უფრო დეტალური ფორმების შემუშავება; (თ) ამომრჩეველთა სიაში შესული ნებისმიერი ცვლილება, რომელსაც შესაძლოა ამომრჩევლისთვის ხმის მიცემის უფლების შეზღუდვა მოჰყვეს, საკმარისად ადრე უნდა განხორციელდეს, რათა შესაბამის უწყებებს საინფორმაციო კამპანიის ჩასატარებლად და ამომრჩეველთა ხელახალი რეგისტრაციისათვის საკმარისი დრო ჰქონდეთ.


მანანა კობახიძემ ხაზი გაუსვა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) რეკომენდაციების მნიშვნელობას. ხელისუფლების მიზანს წარმოადგენდა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება, თუმცა არსებითი ცვლილებების განხორციელება მომავალ არჩევნებამდე რთული იქნებოდა. იმავდროულად, ზოგიერთი უკვე მიღებული ცვლილების საფუძველზე, საარჩევნო გარემო გაუმჯობესდა, მათ შორის ადმინისტრაციული რესურსებისა და პარტიების დაფინანსების კუთხით. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ახალი ცვლილება უკვე ინიცირებულ იქნა პარლამენტში, შესაბამისი დისკუსია კვლავ გაგრძელდებოდა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ფორმატში. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე შეხვდა არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს და შესაბამისი დისკუსიის შედეგები ასახული იქნებოდა ცვლილებათა პაკეტში. აღნიშნულის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია საარჩევნო რეფორმაზე პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევა. პარლამენტში ინიცირებული ცვლილებები, მოიცავდა შემდეგ საკითხებს: მერების/გამგებლების პირდაპირ არჩევნები, მერების არჩევნებისათვის ბარიერის გაზრდა, საარჩევნო ბარიერის დაწევა 5%-დან 4%-მდე მუნიციპალური საკრებულოს პროპორციული არჩევნებისათვის (ამჟამად 4% ბარიერი დადგენილია მხოლოდ თბილისის საკრებულოსათვის), მუნიციპალურ საკრებულოებში პროპორციული მანდატების რაოდენობის გაზრდა 10-დან 15-მდე, პოლიტიკური პარტიების ვალდებულება, რომლებიც იღებენ სახელმწიფო დაფინანსებას სატელევიზიო რეკლამის ხარჯების დასაფარად, მიღებული თანხების არანაკლებ 15% გამოიყენონ წინასაარჩევნო რეკლამის განსათავსებლად სულ ცოტა 7 მაუწყებელში, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ეროვნულ მაუწყებლებს. გარდა აღნიშნულისა, ცვლილებებში ასახული იყო ცესკოს მიერ შემოთავაზებული ტექნიკური რეკომენდაციები და ნორმები, რომელთა მიზანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა გაზრდილი ჩართულობის უზრუნველყოფა. საარჩევნო სიებში გაორებების გამორიცხვის მიზნით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ვალდებული იქნება მონაცემთა ბაზაში შეადაროს თითოეული ამომრჩევლის უკანასკნელი ბიომეტრული ფოტო ყველა სხვა ამომრჩევლის ფოტოს. მანანა კობახიძემ აღნიშნა, რომ ხელისუფლება გეგმავდა შესაბამის მონაწილეებთან თანამშრომლობის გაგრძელებას საარჩევნო გარემოს შემდგომი გაუმჯობესების მიზნით.

თეა წულუკიანმა, იუსტიციის მინისტრმა და უწყებათშორისი კომისიის ხელმძღვანელმა, აღნიშნა, რომ კომისია თავდაპირველად დაარსდა საერთაშორისო საზოგადოების რეკომენდაციის საფუძველზე. ის წარმოადგენდა ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ ძალადობის აღკვეთის მექანიზმს. 2013 წლის აგვისტოში, უწყებათშორისი კომისია გადავიდა ეროვნული უშიშროების საბჭოდან იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში. აღნიშნულის შემდეგ, კომისიის შემადგენლობა გაფართოვდა და მოიცვა სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების უფრო ფართო სპექტრი. მიუხედავად იმისა, რომ 2013 წლის არჩევნების დროს უწყებათშორისი კომისია ცდილობდა განეხილა მის წინაშე დაყენებული ყველა საჩივარი, საარჩევნო პროცესის მონაწილეები ხშირად სათანადოდ ვერ აღიქვამდნენ მის კომპეტენციას, რომელიც შემოიფარგლებოდა მხოლოდ არასავალდებულო რეკომენდაციების გამოცემით. შესაბამისად, კომისია არ იყო უფლებამოსილი შეეცვალა კანონმდებლობა ან გამოეყენებინა სანქციები. უწყებათშორისმა კომისიამ გამოსცა არაერთი რეკომენდაცია საჯარო მოხელეებისათვის, როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ დონეზე. რეკომენდაციებში მოცემული იყო წინასაარჩევნო კამპანიისას მოქმედი  შესაბამისი შეზღუდვები. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო თვალყურს ადევნებდა აღნიშნული რეკომენდაციების შესრულებას. თეა წულუკიანის თანახმად, უწყებათშორისი კომისიის მიერ გამოცემული რეკომენდაციები მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ საპრეზიდენტო არჩევნებისათვის, არამედ მომავალი არჩევნებისთვისაც. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ უკანასკნელი არჩევნებისას ძალადობის მხოლოდ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა და უწყებათშორისმა კომისიამ უზრუნველყო სათანადო რეაგირება. ამომრჩეველთა რეგისტრაციის დასახვეწად, მომავალი არჩევნებისათვის იუსტიციის სამინისტრო სხვადასხვა ღონისძიებას გეგმავდა. ამომრჩეველთა სიებში გაორებების აღმოსაფხვრელად, შესაბამისი პროექტის პრეზენტაცია 2014 წლის 27 თებერვლისთვის იყო დაგეგმილი. აღნიშნულის გარდა, რეგისტრაციიდან მოხსნილ ამომრჩევლებს უფრო მეტი დრო ექნებათ თავიანთი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციის გასავლელად და უფასოდ მიიღებენ პირადობის დამადასტურებელ მოწმობებს.

თამარ ჟვანიამ, ცესკოს თავმჯდომარემ, მადლიერება გამოხატა შეხვედრის ორგანიზებისათვის ევროკავშირის, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისისა (OSCE/ODIHR) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიმართ. მან აღნიშნა, რომ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) ანგარიშის თანახმად, ცესკო არჩევნებისათვის მზადების პროცესს პროფესიონალურად გაუძღვა და მის მიმართ ყველა დაინტერესებულ მხარეს მაღალი ნდობა გააჩნდა. მომავალში საარჩევნო ადმინისტრაცია კიდევ უფრო მეტ ძალისხმევას გაიღებდა მეტი ნდობის, გამჭვირვალობისა და პროფესიონალიზმის უზრუნველსაყოფად. მან აღნიშნა, რომ ყველა მონაწილის, მათ შორის ხელისუფლების, პარტიების, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის აქტიურმა ჩართულობამ განაპირობა 2013 წლის არჩევნების პოზიტიური შეფასება. თუმცა, მიუხედავად პროგრესული ტენდენციისა, კვლავ რჩებოდა გადასაჭრელი გარკვეული საკითხები. აღნიშნულის გათვალისწინებით, ცესკო აქტიურად იყო ჩართული არჩევნებზე მომუშავე ინტერფრაქციული ჯგუფის საქმიანობაში და წარადგინა ტექნიკური რეკომენდაციების პაკეტი. ჯგუფის მუშაობა იყო ღია, გამჭვირვალე და ცესკოს მიერ წარდგენილი ყველა რეკომენდაცია გათვალისწინებულ იქნა. მომავალ არჩევნებამდე დარჩენილი მცირე დროის გათვალისწინებით, ცეკომ ძირითადი აქცენტი ტექნიკურ ცვლილებებსა და პროცედურების გამარტივებაზე გააკეთა. შეთავაზებული ცვლილებები მოიცავდა შემდეგ საკითხებს: ბეჭდებზე სპეციალური ნაკვეთურის გაუქმება, მხარდამჭერთა სიების წარდგენის, ხელმოწერების შეგროვების წესი და შესაბამისი ვადები, აგრეთვე ცვლილებები, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმას უკავშირდებოდა. ცესკო გეგმავდა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებას, ასევე აქტივობებს, რომელთა მიზანია ქალების - ამომრჩევლების, კანდიდატებისა და კომისიის წევრების - გაზრდილი ჩართულობის უზრუნველყოფა. აღნიშნულის გათვალისწინებით, ცესკო ცენტრის მეშვეობით გეგმავდა მცირე გრანტების გაცემას ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიც არის ამომრჩეველთა განათლება, გენდერი, უმცირესობები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების განვითარება.

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო ლომჯარიამ, აღნიშნა რომ პოზიტიური ცვლილებების მიუხედავად, ზოგიერთი მნიშვნელოვანი საკითხი კვლავაც გადაუჭრელი იყო. მან აღნიშნა, რომ ხელისუფლებას არ გააჩნდა რეფორმის მიმართ სისტემური ხედვა: არჩევნებზე მომუშავე ინტერფრაქციული ჯგუფი შეიქმნა არჩევებამდე რამდენიმე თვით ადრე, როცა უკვე აღარ იყო საკმარისი დრო არსებითი ცვლილებების განსახორციელებლად. ნინო ლომჯარიამ ისაუბრა შემდეგ საკითხებზე, რომელიც საჭიროებდა გადახედვას: (ა) საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის საარჩევნო სისტემის გადასინჯვა, რომ უზრუნველყოფილ იქნას ხმის თანაბარი წონა და პროპორციულობა მიღებულ ხმასა და მოპოვებულ მანდატების რაოდენობას შორის; (ბ) საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესის გადახედვა ფართო კონსენსუსის პირობებში; (გ) ამომრჩეველთა რეგისტრაციის სრულყოფა მათ შორის, ბიომეტრული რეგისტრაციის გზით. აგრეთვე, საზღვარგარეთ მყოფ ამომრჩეველთა რეგისტრაციისა და ხმის მიცემის პროცედურების გამარტივება; (დ) შესაბამისი პროცედურების, მათ შორის ხმის მიცემისა და ხმების დათვლის პროცედურების გამარტივება, შესაძლოა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების გზით; (ე) პარტიებთან და თვით მედიასთან კონსულტაციების საფუძველზე, მედიასთან დაკავშირებული ზოგიერთი რეგულაციის გადახედვა, რომელიც მას მძიმე ტვირთად აწევს; (ვ) მიუხედავად წინასაარჩევნო კამპანიასთან, ადმინისტრაციულ რესურსთან და პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებული დებულებების პოზიტიური ცვლილებებისა, დარჩენილი ბუნდოვანი ნორმების გადახედვა; (ზ) ქალთა მონაწილეობის კუთხით პრობლემატური საკითხების მოგვარება. დარჩენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად, არჩევნებზე მომუშავე ჯგუფი უნდა შეიქმნას დაუყოვნებლივ, 2014 წლის არჩევნების შემდგომ, რათა რეფორმის პროცესი დასრულდეს მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე საკმაო დროით ადრე.

კახა კოჟორიძემ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან აღნიშნა, რომ მერების/გამგებლების პირდაპირი წესით არჩევნები წარმოადგენდა წინ გადადგმულ ნაბიჯს. თუმცა, ნორმები რომელთა თანახმად შესაძლებელია არჩეული მერების/გამგებლების დათხოვნა და ასევე ნორმა, რომელიც უკრძალავს დამოუკიდებელ კანდიდატებს მერის/გამგებლის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, საკმაოდ პრობლემატურია. მან ასევე ხაზი გაუსვა უწყებათშორისი კომისიის საქმიანობის ადრეულ ეტაპზე დაწყების მნიშვნელობას, რადგან აღნიშნულმა კომისიამ დადებითი გავლენა იქონია უკანასკნელ არჩევნებზე.

ეკა გიგაურმა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოდან, ისაუბრა პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით განხორციელებულ პოზიტიურ ცვლილებებზე, თუმცა აღნიშნა, რომ გარკვეული ბუნდოვანი ნორმები კვლავ საჭიროებდა დაზუსტებას. მან ასევე ხაზი გაუსვა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინსტიტუციური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის, წინასაარჩევნო პერიოდში სოციალური პროგრამების გაზრდის შეზღუდვისა და პარტიების დაფინანსების გამჭვირვალობის გაზრდის მნიშვნელობას.
ჩიორა თაქთაქიშვილმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფრაქციიდან, აღნიშნა, რომ მომავალ არჩევნებამდე ცოტა დრო იყო დარჩენილი, თუმცა ხელისუფლებას არ გამოუვლენია საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად რეალური რეფორმის გატარების ნება. არჩევნებზე მომუშავე ჯგუფმა გაითვალისწინა მხოლოდ ცესკოს მიერ შემოთავაზებული ტექნიკური ცვლილებები და შესაბამისად მისი საქმიანობა არ შეიძლებოდა პოზიტიურად შეფასებულიყო. მან აღნიშნა, რომ გრძელდებოდა ნაციონალური მოძრაობის წევრთა დაკავებები და სისხლის სამართებრივი დევნა, რაც უკავშირდებოდა მმართველი კოალიციის მიერ ნაციონალური მოძრაობის ნეიტრალიზაციის სტრატეგიას მოახლოებული ადგილობრივი არჩევნებისათვის. რეგიონებში პარტიის წარმომადგენლების მიმართ ხორციელდებოდა ზეწოლა და ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობდნენ ადგილობრივი არჩევნებისთვის ნაციონალური მოძრაობის ყველა პოტენციური კანდიდატის დაკავებას. ის აგრეთვე შეეხო შერჩევითი სამართლის, სამართლიანი სასამართლოს სტანდარტების დარღვევასთან დაკავშირებული პრობლემებს და აღნიშნა რომ თბილისის მერის გათავისუფლება თანამდებობიდან ბევრ კითხვის ნიშანს ბადებდა. დასასრულ, ჩიორა თაქთაქიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ხელისუფლება გეგმავდა 2010 წელს არჩეული თბილისის საკრებულოს დათხოვნას, თითქოსდა საბიუჯეტო კრიზისის საფუძველზე.

მამუკა კაციტაძემ პარტიიდან “ახალი მემარჯვენეები”, აღნიშნა, რომ წელიწადზე მეტია, არასაპარლამენტო პარტიები, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდისა და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ხელშეწყობით, მუშაობდნენ საარჩევნო კოდექსისა და ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებზე. ხელისუფლებისთვის წარდგენილი რეკომენდაციები მოიცავდა საკითხების ფართო სპექტრს, მათ შორის, საარჩევნო სისტემას, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებას, ამომრჩეველთა სიებს, კამპანიას, პარტიების დაფინანსებას და საარჩევნო დავებს. საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული რეკომენდაციები წარმოადგენდა სამოქალაქო საზოგადოებასთან და ექსპერტებთან შეჯერებულ ვერსიას. თუმცა, სამწუხაროდ, რეკომენდაციები არ იქნა გათვალისწინებული. კაციტაძის აზრით, მუშაობის გაგრძელება შემდეგ საკითხებზე იყო საჭირო: (ა) საარჩევნო ადმინისტრაციის სტრუქტურის რეფორმა; (ბ) მედიაზე წვდომის უფრო თანაბარი პირობების შექმნა; (გ) ხმების უთანასწორობის პრობლემის მოგვარება; (დ) მერების არჩევნებისათვის 50%-იანი ბარიერის დაწესება. დასასრულ, მან აღნიშნა, რომ არასაპარლამენტო პარტიები მათი შეთავაზებების განსახილველად შეხვდნენ პარლამენტის თავმჯდომარეს და იმჟამად ელოდებოდნენ შეხვედრის შედეგებს.

დისკუსიის დროს მონაწილეებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ზოგიერთ ზემოთ განხილულ გამოწვევას. დამატებით, მონაწილეებმა ისაუბრეს შემდეგ რეკომენდაციებზე/გამოწვევებზე:

 

• ხათუნა გოგორიშვილმა პარტიიდან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა,” აღნიშნა, რომ ნორმა, რომელიც კრძალავდა პარტიულ სიაში წარდგენილი პირის ნომინაციას მერის თანამდებობაზე, პოტენციურად პრობლემატური იყო და პარლამენტში ინიცირებულ იქნა ყოველგვარი წინასწარი კონსულტაციის გარეშე.
• ლევან ვეფხვაძემ პარტიიდან “ქრისტიანულ-დემოკრატიული მოძრაობა,” აღნიშნა, რომ მაშინ, როდესაც ბიომეტრულ სიებს შესაძლოა გადაეწყვიტა გაორებებთან დაკავშირებული პრობლემა, არაუფლებამოსილი ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემის საკითხი კვლავაც დღის წესრიგში რჩებოდა.
• ჯონდი ბაღათურიამ პარტიიდან ”ქართული დასი,” აღნიშნა, რომ ყველა პარტიას, რომელიც იღებდა დაფინანსებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან, საუბნო საარჩევნო კომისიაში ერთი წარმომადგენელი მაინც უნდა ჰყოლოდა შესაბამის პროცესებზე დაკვირვების უზრუნველყოფის მიზნით.
• ქეთი ჩაჩავამ განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრიდან, აღნიშნა რომ 16-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ შეიმუშავა რეკომენდაციები საარჩევნო გარემოს შემდგომი სრულყოფის მიზნით. სხვა საკითხებთან ერთად, რეკომენდაციები მოიცავდა კენჭისყრის პროცედურების გამარტივებას, საარჩევნო ადმინისტრაციის ოპტიმიზაციას, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა დამატებით და სავალდებულო ტრენინგს, პარტიების მიერ კომისიის წევრთა გამოწვევის ვადების გაზრდას (იმჟამად მოქმედი ნორმის მიხედვით: არჩევნებამდე 15 დღით ადრე) და აგიტაციის – კენჭისყრის დღეს პარტიული აქტივისტების მობილიზაციის - აკრძალვას.

 

შეხვედრის ბოლოს, ნილს სკოტმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში და დონალდ ბისონმა, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ, მადლიერება გამოხატეს დამსწრეთა მიმართ მეტად ფოკუსირებულ და საინტერესო შეხვედრაში აქტიური მონაწილეობისთვის. დონალდ ბისონმა ხაზი გაუსვა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) მზადყოფნას დახმარება გაეწია ქვეყნისთვის შესაბამისი რეკომენდაციების განხორციელებასა და დარჩენილი გამოწვევების დაძლევაში.

14-02-2014