უკანონო მოსმენების წინააღმდეგ კამპანია - "ეს შენ გეხება" იწყება. 6 მარტს არასამთავრობო ორგანიზაციათა ჯგუფმა განახლებული „ეს შენ გეხება“ კამპანია წარადგინა. განახლებული კამპანიის სლოგანია - "ეს შენ გეხება! ისევ გვისმენენ!".
2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ხელისუფლებაში მოსულ მმართველ კოალიციას ამ მიმართულებით არანაირი სისტემური ცვლილება არ განუხორციელებია. დაპირების მიუხედავად, სამართალდამცავ ორგანოებს კვლავ აქვთ შეუზღუდავი წვდომა კავშირგაბმულობის ოპერატორთა მონაცემებთან და მოქალაქეთა შორის ყველა სახის კომუნიკაციასთან. მობილურ ოპერატორებთან განთავსებული ე.წ. „შავი ყუთების“ მეშვეობით, სამართალდამცავ უწყებებს შესაძლებლობა აქვთ, ერთდროულად მოუსმინონ რამდენიმე ათას ადამიანს, დაადგინონ მათი ადგილსამყოფელი, წაიკითხონ SMS-ები და ინფორმაცია პირადი ელექტრონული (ელფოსტა, Viber, WhatsApp, BBM და სხვა აპლიკაციებით განხორციელებული) მიმოწერის შესახებ.
ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა კონსტიტუციური უფლებაა, რომელიც ასევე ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-8 მუხლითაა გარანტირებული, საქართველოს კანონმდებლობაში არსებული ხარვეზებით, ეს უფლება შეიძლება მუდმივად შეილახოს, დღეს ჩვენი პირადი მონაცემები არაა დაცული - აცხადებენ კამპანიის ორგანიზატორები.
"ადრე ვფიქრობდით, ეს იყო დაკავშირებული იმასთან, რომ არ არსებობდა პოლიტიკური ნება. გასული წლების განმავლობაში დამკვიდრდა ძალიან ცუდი პრაქტიკა შს სამინისტროს მხრიდან, როდესაც დაამონტაჟეს ე.წ. შავი ყუთები მობილური ოპერატორების ოფისებში. არჩევნების შემდეგ გვქონდა მოლოდინი, რომ ხელისუფლება გადახედავდა ამ პრაქტიკას და შეცვლიდა იმას, რასაც ქვია მიყურადება და თვალთვალი. ამასთან დაკავშირებით, სამწუხაროდ ვერ ვნახეთ ვერანაირი წინ გადადგმული ნაბიჯი. სურვილის შემთხვევაში მათ შეუძლიათ მოუსმინონ 21 000 ადამიანს და ამის არანაირი მონიტორინგის მექანიზმი და რეგულაცია არ არსებობს, კანონმდებლობა არ არის დახვეწილი", - აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველოს" ხელმძღვანელი ეკა გიგაური.
არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ საკითხის გადაწყვეტის ერთადერთი გზა პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ" მიღებაა, რომელიც უზრუნველყოფს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას და ამ კუთხით არსებული სტანდარტების დაცვას.
"ეს ეხება თითოეულ მოქალაქეს საქართველოში. ეხება ძალიან ცუდად და პრობლემურად, ამიტომ ჩვენ უნდა დავძლიოთ ეს პრობლემა, წინააღმდეგ შემთხვევაში ვიქნებით ერთი დიდი თვალის ქვეშ. ნამდვილად არ მინდა, ვცხოვრობდე ქვეყანაში, რომელსაც დემოკრატიულობის პრეტენზია აქვს და ამ ქვეყანაში ვიღაცეებს, ვიღაცეები უთვალთვალებდნენ ყველას. ეს არანორმალურია და არაჯანსაღია. გვჭირდება სერიოზული სამართლებრივი და პოლიტიკური ხასიათის რეფორმების გატარება", - აცხადებს გაზეთ "რეზონანსის" მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში.
კამპანიის ფარგლებში დღეს ვიდეორგოლის პრეზენტაციაც გაიმართა. ასევე იგეგემება აქციების, დისკუსიების და კონფერენციების მოწყობა.
კამპანიის მონაწილე ორგანიზაციები არიან "ფონდი ღია საზოგადოება საქართველო", "საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველო", "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", "კონსტიტუციის 42-ე მუხლი", "ადამიანის უფლებების სწავლებებისა და მონიტორინგის ცენტრი", "განვითარებისა და დემოკრატიისს ცენტრი", "ფონდი ლიბერალური აკადებია", "საქართველოს ეროვნული პლატფორმა", "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" და სხვები.
კამპანიის ორგანიზატორების განცხადებით, თუ ხელისუფლება ინიცირებული ცვლილებების განხორციელებაზე მზაობას განაცხადებს, მაშინ ისინი პარლამენტთან ერთად კანონმდებლობის დახვეწაზე იმუშავებენ.
კამპანია ღიაა ყველა დაინტერესებული პირისა თუ მოქალაქისათვის!