მრგვალი მაგიდა – ქალთა მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში

10 მარტს სასტუმრო "რედისონში" "ნიდერლანდების ინსტიტუტის მრავალპარტიული დემოკრატიისათვის" (NIMD), "საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდისა" (IFES) და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) ორგანიზებით მრგვალი მაგიდა – ქალთა მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში გაიმართა.

 

შეხვედრაზე განხილული იყო გასულ არჩევნებში ქალთა მონაწილეობაზე, ასევე პოლიტიკურ პროცესებში ქალთა მონაწილეობის ხელშემწყობ სტრატეგიებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქალთა მონაწილეობის წახალისების გეგმები.

 

შეხვედრაზე IFES-ის წარმომადგენელმა ნერმინ ნიშიჩმა აღნიშნა, რომ საქართველოში ბევრი კვლევაა ჩატარებული, რომელიც აჩვენებს, რომ ქალთა მონაწილეობა ქართულ პოლიტიკაში ძალიან დაბალია. მისივე თქმით, აღნიშნული ღონისძიება მიზნად ისახავს, ქართული სპეციფიკიდან გამომდინარე იმ პრობლემატიკის წამოწევას, რომელიც ქართველ ქალებს დაეხმარება ამ პროცესებში, ზოგადად პოლიტიკაში უფრო აქტიურად ჩაერთონ.

 

ქალების პოლიტიკაში ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა საქართველოში აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ბრიჯით ბრინკმა. მისი თქმით, ღონისძიება ეძღვნება სხვადასხვა გზების განხილვას, რითიც შეიძლება პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა მონაწილეობის ზრდა, როგორც მან აღნიშნა, ეს თემა განსაკუთრებით აქტუალურია ივნისში დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნების წინაპერიოდისთვის.

 

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ, რომელიც ამავდროულად, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარეა, იმ ცვლილებების შესახებ ისაუბრა, რომლის თანახმად, პარტია, რომელიც პროპორციული სიის ყოველ ათეულში ქალბატონებს გაითვალისწინებს, საბაზისო დაფინასებაზე 30%-იან დანამატს მიიღებს. მანანა კობახიძემ ისურვა, რომ პარტიები უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ ამ საკითხს. მანვე აღნიშნა, რომ ძლიერი ქალი ძლიერი სახელმწიფოს გარანტია.

 

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, დედაქალაქის საკრებულოს, არასაპარლამენტო ოპოზიციის, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მათ შორის განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის წარმომადგენელი.

10-03-2014