სამოქალაქო სექტორის რამოდენიმე წარმომადგენლისა და აშშ-ის მთავრობის დელეგაციის სამუშაო შეხვედრა

23 აპრილს, სასტუმრო ქორთიარდ მერიოტში გაიმართა სამოქალაქო სექტორის რამოდენიმე წარმომადგენლისა და აშშ-ის მთავრობის დელეგაციის სამუშაო შეხვედრა დელეგაციას სახელმწიფო მდივნის თანაშემწე დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში თომას მელია და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ადმინისტრატორის მოადგილე პეიჯ ალექსანდერი ხელმძღვანელობენ. შეხვედრას დაესწრო განვითარებისა და დემოკრატიიის ცენტრის თავმჯდომარე – ქეთევან ჩაჩავა.

 

25 აპრილს აშშ-ის სამთავრობო დელეგაცია აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის დემოკრატიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის სამუშაო ჯგუფი შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის არსებული ფართო თანამშრომლობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე საქართველოში დემოკრატიული პროცესების გაძლიერებისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელებენ, მათ შორის, მოახლოებულ ადგილობრივ არჩევნებზე, კანონის უზენაესობაზე, მართლმსაჯულების რეფორმასა და ადამიანის უფლებებზე. განხილული იქნება დემოკრატიის განვითარების გზაზე არსებული საშინაო და საგარეო გამოწვევები, მათ შორის, ოკუპირებულ რეგიონებსა და მთლიანად რეგიონში მიმდინარე მოვლენები. შამუშაო ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობის გარდა, დელეგაციის წევრები შეხვდებიან მთავრობის წევრებს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მმართველი და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს.

 

აშშ-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიას ვაშინგტონში, 2009 წლის 9 იანვარს მოეწერა ხელი. სტრატეგიული თანამშრომლობის კომისიის პირველი სხდომა ვაშინგტონში, 2009 წლის 22 ივნისს გაიმართა და შეიქმნა ოთხი ორმხრივი სამუშაო ჯგუფი პრიორიტეტული მიმართულებებით: დემოკრატიის, თავდაცვისა და უსაფრთხოების, ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის, აგრეთვე ხალხთა შორის ურთიერთობისა და კულტურის საკითხებზე სამუშაოდ. მას შემდეგ შეერთებული შტატებისა და საქართველოს მთავრობათა მაღალი დონის პირები რეგულარულად ხვდებიან, რათა განიხილონ გაწეული სამუშაო, განაახლონ სამოქმედო პროგრამა და დასახონ სამომავლო ამოცანები. სტრატეგიული კომისიის უკანასკნელ შეხვედრას, რომელიც 2014 წლის 12 მარტს, ვაშინგტონში შედგა, თანათავმჯდომარეობდნენ პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი და სახელმწიფო მდივანი კერი. დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, ეწვიოთ ვებგვერდს: http://www.state.gov/p/eur/ci/gg/usgeorgiacommission/index.htm.

23-04-2014