5 მაისს იუსტიციის სახლში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისმა კომისიამ მორიგი შეხვედრა გამართა. რომელსაც ესწრებოდნენ კომისიის წევრები, პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ ორგანიზაციის თავმჯდომარე – ქეთევან ჩაჩავა და იურისტი – გორდა სურგულაძე.
შეხვედრაზე პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა იმ წინასაარჩევნო დარღვევებზე ისაუბრეს, რომელთა შესახებაც სამდივნოში განცხადებები პოლიტიკურმა პარტიებმა შეიტანეს.
პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა სხდომაზე წარმოადგინეს ინფორმაცია გამოვლენილი წინასაარჩევნო დარღვევების აღკვეთისა და შემდგომი პრევენციისათვის გადადგმული ქმედითი ნაბიჯების შესახებ.
უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციების მიხედვით, პოლიტიკურ პარტიებს დაევალათ, შეიმუშაონ მათი აქტივისტებისათვის შიდაპარტიული დისციპლინური ქცევის წესები, რათა მათ განემარტოთ, თუ რისი უფლება აქვთ ან რა ეკრძალებათ წინასაარჩევნო პერიოდში.
მეორე რეკომენდაციის მიხედვით, ადგილობრივმა თვითმმართველობის ორგანოებმა 15 მაისამდე თავი უნდა შეიკავონ გამგებლებისა და გუბერნატორების იმპიჩმენტის პროცედურებისგან.
მესამე რეკომენდაცია ეხება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში ატესტაციებისა და კონკურსების პროცესის არჩევნებამდე შეჩერებას.
კომისიის მიერ მიღებული ინფორმაციის შესაბამისად, მიმდინარეობს საკითხის შესწავლა მერიის მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებითაც, რაზეც კომისია რეკომენდაციას მოგვიანებით შეიმუშავებს.