საარჩევნო თემატიკაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საარჩევნო თემატიკაზე მომუშავე თხუთმეტამდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს შეხვდა. შეხვედრას განვითარებისა და დემოკრატიიის ცენტრის თავმჯრომარე – ქეთევან ჩაჩავა დაესწრო.

 

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა შეხვედრისას საარჩევნო გარემო განიხილეს და პრეზიდენტს წინასაარჩევნო პერიოდში არსებული ვითარების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საარჩევნო პროცესი მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე, მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

 

„არასამთავრობო სექტორის წამომადგენლებს პირობა მივეცი, რომ ყოველთვის ყურადღებით მოვისმენ მათ მოსაზრებებსა და შენიშვნებს. ჩვენ თვითმმართველობის არჩევნების მიმდინარეობის პროცესში გამოვლენილ დარღვევებზე ვისაუბრეთ. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ დარღვევების სირთულე და მასობრიობა არ შეინიშნება“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 

საქართველოს პრეზიდენტმა პროკურატურას საარჩევნო კანდიდატთა მოხსნის ფაქტების დროულად გამოძიებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ეს აუცილებელია არჩევნების სამართლიანად და დემოკრატიულად ჩასატარებლად.

 

„ბოლო დროს კანდიდატურების მოხსნის რამდენიმე შემთხვევა იყო. ამიტომ, მინდა მოვუწოდო პროკურატურას, დროულად გამოიძიოს ეს შემთხვევები, რადგან ეს არ არის უბრალოდ, შესაძლო სამართალდარღვევები. ეს არის ჩვენი ქვეყნის პოლიტიკისთვის მდგრადობისა და სუვერენობისთვის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზულ საარჩევნო პროცესში დასმული კითხვები“- განაცხადა პრეზიდენტმა.

 

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, შეხვედრისას შეთანხმდნენ, რომ სტანდარტები, რომლითაც საარჩევნო პროცესი შეფასდება, იქნება უკეთესობასა და მომავალზე ორიენტირებული.

 

საქართველოს პრეზიდენტმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს აღუთქვა, რომ საარჩევნო თემატიკაზე შეხვედრები თვითმმართველობის არჩევნების შემდეგაც გაგრძელდება.

 

იხილეთ ფოტო ალბომი

4-06-2014