2014 წლის 12 ივნისს, სასტუმროში „ჰოლიდეი ინნ”–ში გაიმართა ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ერთობლივ ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც 22-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ წარადგინა 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებისთვის საგრანტო კონკურსით დაფინანსებული პროექტების შემაჯამებელი პრეზენტაცია. განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის მიერ წარმოდგენილი იქნა წარმატებით განხორიცლებული პროექტის "ჩვენ მივდივართ არჩევნებზე! მოდი შენც!" პრეზენტაცია.
აღნიშნული პროექტები განხორციელდა პრიორიტეტად განსაზღვრული შემდეგი მიმართულებებით:
•პირველი მიმართულება -ამომრჩეველთა ინფორმირება 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებისათვის
•მეორე მიმართულება - გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა საარჩევნო პროცესში 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებისათვის
•მესამე მიმართულება- ეთნიკური უმცირესობებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ამომრჩევლების საარჩევნო პროცესში ჩართულობის ასპექტების შესწავლა და საჭიროებების განსაზღვრა
•მეოთხე მიმართულება- 2010 წლიდან საერთო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების საარჩევნო შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა (რეგიონულ ჭრილში) 2014 წლისადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებისათვის
ღონისძიება გახსნა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ, მონაწილეებს ასევე მიესალმა სწავლების ცენტრის დირექტორი ნათია ზაალიშვილი, რომელმაც ისაუბრა ცესკოს სწავლების ცენტრისა და არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, რომელიც უზრუნველყოფს საგრანტო კონკურსის ფორმატში ისეთი პროექტების გამოვლენას, რაც ხელს შეუწყობს საარჩევნო გარემოს განვითარებას, ამომრჩეველთა საარჩევნო ცნობიერების ამაღლებას, ელექტორატის ჩართულობის ზრდას საარჩევნო პროცესებში.