საერთაშორისო კონფერენცია „2014 წლის ადგილობრივი არჩევნები - მიღებული გამოცდილება და მომავალი ნაბიჯები“

16 სექტემბერს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ ევროპის საბჭოს და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ორგანიზებით, შვეიცარიის კონფედერაციის და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით საერთაშორისო კონფერენცია „2014 წლის ადგილობრივი არჩევნები - მიღებული გამოცდილება და მომავალი ნაბიჯები“ გაიმართა, კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის თავმჯდომარემ ქეთევან ჩაჩავამ.

 

კონფერენცია მიზნად ისახავდა, როგორც  ზოგადად საარჩევნო პროცესის გაუმჯობესების შესაძლებლობებზე მსჯელობას, ისე მიღებული გამოცდილების ევროპული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისობის კუთხით განხილვას.

 

შესაბამისად მსჯელობა ოთხი ძირითადი მიმართულებით წარიმართა:

  • 2014 წლის ადგილობრივი არჩევნები - ხელისუფლების ხედვა,
  • 2014 წლის ადგილობრივი არჩევნების გარემო,
  • სამოქალაქო საზოგადოების მოსაზრებები,
  • მომავალი არჩევნები - გამოწვევები და შესაძლებლობები.

შეხვედრა, საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილმა, ევროპის საბჭოს დემოკრატიული ინსტიტუტების და მმართველობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ალფონსო ზარდიმ, შვეიცარიის ელჩმა საქართველოში გიუნტერ ბეხლერმა და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის ხელმძღვანელმა სტივენ ჰეიკინმა გახსნეს.

 

კონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოს ხელისუფლების, პოლიტიკური პარტიების, საერთაშორისო საზოგადოების, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

 

კონფერენციაზე 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებთან მიმართებაში შეფასებები, რეკომენდაციები და ინფორმაცია მიღებული გამოცდილების შესახებ ასევე წარადგინეს როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ისე საერთაშორისო და ადგილობრივმა ექსპერტებმა, მათ შორის: იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, IFES-ის ხელმძღვანელმა ნერმინ ნისიჩმა; ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესის და დემოკრატიული არჩევნების საბჭოს წევრმა პერლ პედერგნანამ, კონგრესის სადამკვირვებლო მისიის მიერ მომზადებული დასკვნების საფუძველზე მომზადებული რეკომენდაციები წარადგინა; ვენეციის კომისიის ექსპერტმა დარია პაპროცკამ კი შეხვედრის მონაწილეებს მომავალი არჩევნებისთვის საარჩევნო კანონმდებლობის და არჩევნების ადმინისტრირების გაუმჯობესებისკენ მიმართული რეკომენდაციები გააცნო.

 

 

 

 

16-09-2014