ერთობლივი განცხადება საარჩევნო სისტემის რეფორმის აუცილებლობის შესახებ

მიმდინარე წლის 28 მაისს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო დღეს მოქმედ საარჩევნო სისტემაში მაჟორიტარულ ოლქებად დაყოფის არსებული წესი, რითაც დარღვეულია ამომრჩევლის ხმის თანაბრობის პრინციპი. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ სავალდებულო გახადა არსებულ კანონმდებლობაში არსებული ხარვეზის გამოსწორება.


საარჩევნო სისტემა წარმოადგენს ქვაკუთხედს საარჩევნო რეფორმის ჭრილში. დღეს მოქმედი საარჩევნო სისტემა წლებია წარმოადგენს კრიტიკის საგანს ადგილობრივი/ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების მხრიდან, ვინაიდან, ის ვერ უზრუნველყოფს მნიშვნელოვანი საერთაშორისო სტანდარტების აღსრულებას: ამომრჩეველთა ნების პროპორციულად ასახვას მანდატებში, არ არის დაცული ერთი ხმის თანაბრობის პრინციპი.


უმნიშვნელოვანესია, რომ საარჩევნო სისტემა უზრუნველყოფდეს: სამართლიანი, თანასწორი, ფარული, თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებას; ამომრჩეველის ნების პროპორციულად გარდასახვას მანდატებში; წარმომადგენლობითობისა და ხმის წონის თანაბრობის პრინციპის დაცვას. საქართველოს რეალობის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია პოლიტიკური პლურალიზმისა და სხვადასხვა ჯგუფების წარმომადგენლობითობის გაზრდის წახალისება (ქალები, შშმ პირები, ეროვნული უმცირესობები).


გვსურს, საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ იმ მნიშვნელოვან გარემოებაზე, რომ საარჩევნო სისტემა არ არის მხოლოდ პოლიტიკური პარტიების მსჯელობის საგანი- საზოგადოებამ ნათლად უნდა გააცნობიეროს და ჩაერთოს ამ დისკუსიაში, რამდენადაც საარჩევნო სისტემა განსაზღვრავს პოლიტიკურ ძალთა კონფიგურაციას მომავალ პარლამენტში, მთლიანად ხელისუფლების მუშაობის ეფექტურობასა და ქმედუნარიანობას. ამდენად, საკითხი, თუ როგორი უნდა იყოს ჩვენს ქვეყანაში საარჩევნო სისტემა, უნდა გადაწყდეს საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობის პირობებში, საზოგადოებრივი კონსენსუსის საფუძველზე.


ვინაიდან, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე და ძირეული რეფორმის დაგეგმვა - გახორციელებისათვის სულ უფრო მცირე დრო რჩება, ხოლო საარჩევნო სისტემის ცვლილება გარდაუვალი აუცილებლობაა,  მოვუწოდებთ:


• აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას: ფართო საზოგადოებრივ - პოლიტიკური კონსენსუსის საფუძველზე საარჩევნო სისტემის შესაცვლელად, უმოკლეს დროში, შექმნას სამუშაო ჯგუფი ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით, რათა მიღწეული იქნას კონსენსუსი საარჩევნო სისტემის გასაუმჯობესებლად.
• სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას: დაუყოვნებლივ დანიშნოს სხდომა საარჩევნო სისტემის საკითხის ძირეული განხილვის მიზნით.


ხელმომწერი ორგანიზაციები:
• განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD)
• სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი  (ICCC)
• საზოგადოებრივი დამცველი
• საქართველოს რეგიონულ მაუწყენელთა ასოციაცია
• საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრი 
• ადამიანის უფლებათა ცენტრი
• კონსტიტუციის 42-ე მუხლი
• ქალთა პოლიტიკური რესურს ცენტრი
• კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის 

 

4-06-2015