29 ივნისს, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ეგიდით, პარლამენტში კონფერენცია მიმდინარეობს, რომელზეც პროექტ "HOME" - გზად საბინაო სექტორის რეფორმებისაკენ: ბინათმესაკუთრეთა გაერთიანებების პოტენციალის ამაღლება აზერბაიჯანში, ბელორუსიაში, მოლდოვაში, საქართველოსა და უკრაინაში“ განიხილეს. კონფერენციის მონაწილეთათვს CDD-ს წარმომადგენელმა მარინა ბენდელიანმა და პარტნიორო ორგანიზაციის GIDC-ის წარმომადგენელმა ალექსანდრე ნაჭყებიამ ბმა-ს სამართლებრივი ანალიზის პირველადი შედეგები გააცნო. სამართლებრივი ანალიზისათვის შესწავლილი იქნა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების საქმიანობის მომწესრიგებელ ნორმები და „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალაში შესვლის შემდეგ დაგროვილი სასამართლო პრაქტიკა და ნორმათა სასამართლოსეული განმარტებები. დამუშავდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებების საძიებო სისტემაში ხელმისაწვდომი გადაწყვეტილებები სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე.
განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) მიერ, საქართველოს ინსტიტუციონალური განვითარების ცენტრთან (GIDC) თანმაშრომლობითა და ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს ფინანსური მხარდაჭერით, გახორციელდა პროექტი „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების საქმიანობის შეფასება და არსებული გამოწვევების ანალიზი“, რომლის მიზანი საქართველოში მოქმედ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების საქმიანობის შეფასება, მის წინაშე არსებული გამოწვევების მოძიება, არსებული საკანონმდებლო ბაზის ანალიზი და ამ ინსტიტუტისათვის თვითმმართველობის ერთერთ ძლიერ რგოლად ჩამოყალიბების ხელშეწყობა გახლდათ. პროექტის ფარგლებში საქართველოს 5 თვითმმართველ ქალაქში: თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ფოთსა და ოზურგეთში ჩატარდა რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევა, საკანონმდებლო ბაზის ანალიზი და შემუშვდა შესაბამისი რეკომენდაციები.

კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით, რეგიონული პოლიტიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ერეკლე ტრიპოლსკიმ გახსნა.
კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის პირველი მოადგილემ, კარლო კოპალიანმა. „ჩვენ მივესალმებით ამ პროექტს, რომლის განხორციელებას თქვენ ახლა იწყებთ და რომელშიც ადგილობრივი (საქველმოქმედო-ჰუმანიტარული ცენტრი "აფხაზეთი", ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი) აქტიურად მონაწილეობს. ამ მიმართულებით, მნიშვნელოვანია სამოქალაქო სექტორის ექპერტიზა და მათთან დიალოგი.“-განაცხადა დეპუტატმა.
„ინიციატივა საბინაო მეურნეობა აღმოსავლეთ ევროპაში“-ს მრჩეველთა საბჭოს წევრმა, გერმანიის ტრანსპორტის მშენებლობის და ურბანული განვითარების ყოფილმა მინისტრმა, თომას იანიცკიმ, საქართველოს პარლამენტს და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს კონფერენციის მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და საბინაო ფონდის მართვის და ენერგოეფექტური სანაციის გამოცდილებაზე ისაუბრა.
კონფერენციის მონაწილე მხარეებს მიესალმნენ და პროექტის ,,გზად საბინაო სექტორის რეფორმებისაკენ: ბინათმესაკუთრეთა გაერთიანებების პოტენციალის ამაღლება აზერბაიჯანში, ბელორუსიაში, მოლდოვაში, საქართველოსა და უკრაინაში“ მნიშვნელობასა და ჩართულობაზე ისაუბრეს საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“-ს პროგარამის მენეჯერმა, ნანა შარიამ, ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო თალთვაძემ და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალის დირექტორმა, ნათია აფხაზავამ.
პროექტს ინიციატივა საბინაო მეურნეობა აღმოსავლეთ ევროპაში, ბერლინში, ასევე საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი "აფხაზეთი", ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი ახორციელებს.
პროექტ „HOME“-ის პრეზენტაცია ინიციატივა საბინაო მეურნეობა აღმოსავლეთ ევროპაში (IWO) პროექტის კოორდინატორმა იოხან შტრეზემ წარადგინა.
მისი განცხადებით, პროექტი, რომლის ხანგრძლივობა 3 წლით განისაზღვრება, ევროკავშირის მიერაა დაფინანსებული და მიზნად საცხოვრებლის მართვის გაუმჯობესებასა და პარტნიორ ქვეყნებში 10 რესურსცენტრის მეშვეობით საცხოვრებელი სახლების ენერგეტიკული სანაციის მხარდაჭერას ისახავს.
როგორც იოხან შტრეზემ აღნიშნა, პროექტში მონაწილე ქვეყნებში საცხოვრებელი მეურნეობის სექტორი პრობლემურია. განსაკუთრებით ცუდ მდგომარეობაშია პანელური ტიპის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები. ასეთ ვითარებაში მნიშვნელოვანია პროექტმა პოპულარიზაცია გაუწიოს ისეთ თემებს, როგორიცაა: საცხოვრებლის მართვა და ენერგოეფექტური სანაცია; აგრეთვე, ადაპტირებული საცხოვრებელი გარემო მრავალბინიან სახლებში. პროექტის მიზანია გამოავლინოს ენერგოეფექტური ღონისძიებების დანერგვის შეზღუდვები და შესაძლებლობები აზერბაიჯანის, ბელორუსიის, საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის საცხოვრებელ ფონდში. ასევე მხარი დაუჭიროს რეფორმებს საცხოვრებელ სექტორში და გაამყაროს სამოქალაქო საზოგადოების, როგორც სადამკვირვებლო ინსტიტუტის როლი.
პროექტის კოორდინატორმა, ასევე, სემინარების, სამუშაო შეხვედრების და საგანმანათლებლო გასვლითი ღონისძიებების საშუალებით, მონაწილეთა კვალიფიკაციის ამაღლების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„პროექტი მაცხოვრებლებს ეფექტური მართვის ორგანიზებაში ეხმარება, რომლებიც ხშირად მესაკუთრეებიც არიან, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ პარტნიორ ქვეყნებში კანონით მაცხოვრებლებმა ორგანიზება უნდა გაუწიონ საცხოვრებელი სახლების მართვას. რეალურად კი მართვა ხორციელდება სახელმწიფო დაწესებულებების მიერ. თუმცა, სახელმწიფო დაწესებულებების მუშაობა ექვემდებარება მუდმივ კრიტიკას გამჭვირვალეობის ნაკლებობისა და კვალიფიცირებული კადრების არარსებობის გამო. ამასთან, საინფორმაციო/საკონსულტაციო დახმარების დიდი საჭიროება იქმნება, რომელიც ბინათმესაკუთრეებს მისცემს შესაძლებლობას შექმნან ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები, უხელმძღვანელონ ამხანაგობებს და ამ გზით გაიუმჯობესონ თავიანთი მდგომარეობა.“-აღნიშნა იოხან შტრეზემ.
კონფერენციის პირველ სესიაზე გამომსვლელებმა საბინაო ფონდის მართვასა და ენერგოეფექტური სანაციის გერმანული და მოლდოვური გამოცდილება მიმოიხილეს. ბელორუსიის საბინაო ფონდის მშენებლობის და კომუნალური მეურნეობის სამინისტროს საცხოვრისის დეპარტამენტის უფროსმა, ანდრეი რომაშენკომ ბელორუსიაში საბინაო სექტორში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება.
კონფერენციაზე, საბინაო ფონდის მართვის სტრუქტურა, მისი გავლენა საბინაო ფონდის მოდერნიზაციაზე, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების შესახებ ინფორმაცია და ენერგოეფექტური სანაციის მთავარი ფაქტორები განიხილეს.
საბურთალოს რაიონის გამგებელმა, ბექა მიქაუტაძემ, კონფერენციის მონაწილეებს პროექტი „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები საქართველოში“ წარუდგინა. რომლის ამოქმედებაც მიმდინარე წლის ივლისში იგეგმება. მომხსენებლის განმარტებით, პროექტი რამდენიმე მიმართულებას მოიცავს. იგეგმება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ასოციაციების შექმნა და განვითარება და თბილისში ყველა მრავალბინიანი სახლის პასპორტიზაცია. პროექტის ფარგლებში განსაზღვრულია ბიზნეს განვითარების მოდულებისა და ამ მიმართულებით, მოკლე და გრძელვადიანი განვითარების გეგმების შემუშავება. ბექა მიქაუტაძის განცხადებით, პარლამენტის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, თბილისის მერიის და საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობით შექმნილი ჯგუფი, ამხანაგობების მართვის გაუმჯობესებისათვის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობს.
კონფერენციის დასასრულს, „ინიციატივა საბინაო მეურნეობა აღმოსავლეთ ევროპაში“-ს მრჩეველთა საბჭოს წევრმა, გერმანიის ტრანსპორტის მშენებლობის და ურბანული განვითარების ყოფილმა მინისტრმა, თომას იანიცკიმ, საქართველოს პარლამენტს, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს და პროექტში ჩართულ მხარეებს კონფერენციის მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და საბინაო პოლიტიკის განვითარების მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის სურვილი გამოხატა.