28 ივლისს, სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“ გაიმართა პროექტის „საქართველო და ევროკავშირი“ დასკვნითი კონფერენცია. განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრმა (CDD) საქართველოს საპატრიარქოს განათლების სისტემასთან და წმიდა დავით აღმაშენებლის სახელობის განათლების ცენტრთან თანამშრომლობით, ნიდერლანდების სამეფოსა და დიდი ბრიტანეთის საელჩოების მხარდაჭერით განახორციელა საპილოტე პროექტი „საქართველო და ევროკავშირი“, რომლის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა ეპარქიებში საპატრიარქოს სკოლებისა და გიმნაზიების წარმომადგენელთათვის გაიმართა საინფორმაციო შეხვედრები თემაზე „საქართველო და ევროკავშირი“. პრეზენტაციები შეეხებოდა შემდეგ თემებს: „საქართველო - ევროკავშირის ურთიერთობის ისტორია", „საქართველო - ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება“ და „თავისუფალი, უვიზო, მიმოსვლა საქართველოსა და ევროკავშირს შორის“.
კონფერენციას ესწრებოდნენ მღვდელმთავრები და სასულიერო პირები, ნიდერლანდების სამეფოს, დიდი ბრიტანეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოების წარმომადგენლები, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და პარლამენტის წარმომადგენლები, პროექტში მოწვეული ექსპერტები. აგრეთვე, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
კონფერენციაზე წარმოდგენილ იქნა პროექტის ფარგლებში გამართული შეხვედრების ამსახველი ვიდეო და ფოტო მასალა. ჩართულმა მხარეებმა და მოწვეულმა სტუმრებმა ისაუბრეს პროექტის მნიშვნელობაზე, სამომავლო გეგმებსა და პროექტის შემდგომი განვითარების პერსპექტივებზე. კონფერენციის მიწურულს გაიმართა საინტერესო დისკუსია.