პროექტი „პოლიტიკის სკოლა“ დაიწყო

 

 დღეს, 10 სექტემბერს, ქალაქ რუსთავის USAID-ის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიხსნა პროექტი "პოლიტიკური პარტიების განვითარების ხელშეწყობა რეგიონებში, კონკურენტუნარიანი პოლიტიკური გარემოს შექმნის უზრუნველსაყოფად".

 

პროექტის ფარგლებში, საქართველოს 8 რეგიონის თვითმმართველ ქალაქში: რუსთავი, თელავი, ახალციხე, გორი, ქუთაისი, ოზურგეთი, ზუგდიდსა და ბათუმში, პარალელურ რეჟიმში იფუნქციონირებს "პოლიტიკის სკოლა", სადაც მონაწილეობას მიიღებს ბოლო სამი წლის მანძილზე გამართულ საერთო არჩევნებში მონაწილე 15 პოლიტიკური პარტიის (როგორც კვალიფიციური, ისე არაკვალიფიციური) 200-ზე მეტი რეგიონული წარმომადგენელი და აქტივისტი.

 

 

 პოლიტიკის სკოლის ფარგლებში, შეხვედრები დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ჩატარდება 11:00 საათიდან - 17:00 საათამდე პერიოდში. პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები გაეცნობიან ისეთ მნიშვნელოვან საკითებს როგორიცაა: საარჩევნო ციკლი, საარჩევნო ეთიკის ნორმები, არჩევნების საერთაშორისო სტანდარტები და საარჩევნო სისტემები, დემოკრატიულად მუშაობის მინიმალური სტანდარტები პოლიტიკური პარტიებისათვის, თანასწორობის პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი ასპექტები (გენდერი, შშმ პირები, ეთნიკური უმცირესობები), პოლიტიკური კამპანია და სხვ.

 

პოლიტიკის სკოლის ფარგლებში, ყურადღება აგრეთვე დაეთმობა 2014 წლის 27 ივნისს ხელმოწერილი: საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულებისა და ვიზა ლიბერალიზაციის პროცესების შესახებ ზუსტი ინფორმაციის გავრცელებას. აღნიშნული თემატიკა მეტად აქტუალური და მნიშვნელოვანია პოლიტიკური პარტიების რეგიონალური წარმომადგენელების ინფორმირებისათვის.

 

შეხვედრებს წარუძღვებიან შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ტრენერები/ექსპერტები, რომელთაც აქვთ მრავალწლიანი გამოცდილება, როგორც ადგილობრივი ასევე საერთაშორისო ტრენინგების ორგანიზებისა და ჩატარების, არჩევნების სადამკვირვებლო მისიების ხელმძღვანელობისა და პოლიტიკურ პარტიებთან მუშაობის  კუთხით.

 

პროექტი ხორციელდება განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) მიერ, სსიპ "საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის" ფინანსური მხარდაჭერით, რათა ხელი შეუწყოს არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების რეგიონალურ წარმომადგენელთა შესაძლებლობების გრძელვადიან განვითარებას ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების, პოლიტიკური კულტურის დახვეწისა და კონკურენტუნარიანი პოლიტიკური გარემოს შექმნისათვის. 

10-09-2015