თელავში "პოლიტიკის სკოლა" გაიხსნა

დღეს, 24 სექტემბერს, განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრმა (CDD) ქალაქ თელავში "პოლიტიკის სკოლა" გახსნა. 

 

"პოლიტიკის სკოლის" ფარგლებში, შეხვედრები თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში (CCE-USAID) ჩატარდება რამოდენიმე დღის განმავლობაში, 11:00 საათიდან - 17:00 საათამდე პერიოდში. პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები გაეცნობიან ისეთ მნიშვნელოვან საკითებს როგორიცაა: საარჩევნო ციკლი, საარჩევნო ეთიკის ნორმები, არჩევნების საერთაშორისო სტანდარტები და საარჩევნო სისტემები, დემოკრატიულად მუშაობის მინიმალური სტანდარტები პოლიტიკური პარტიებისათვის, თანასწორობის პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი ასპექტები (გენდერი, შშმ პირები, ეთნიკური უმცირესობები), პოლიტიკური კამპანია და სხვ. პოლიტიკის სკოლის ფარგლებში, ყურადღება აგრეთვე დაეთმობა 2014 წლის 27 ივნისს ხელმოწერილი: საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულებისა და ვიზა ლიბერალიზაციის პროცესების შესახებ ზუსტი ინფორმაციის გავრცელებას.

 

თელავში "პოლიტიკის სკოლა" გაიხსნა

 

აღნიშნული თემატიკა მეტად აქტუალური და მნიშვნელოვანია პოლიტიკური პარტიების რეგიონალური წარმომადგენელების ინფორმირებისათვის.   შეხვედრებს წარუძღვებიან შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ტრენერები/ექსპერტები, რომელთაც აქვთ მრავალწლიანი გამოცდილება, როგორც ადგილობრივი ასევე საერთაშორისო ტრენინგების ორგანიზებისა და ჩატარების, არჩევნების სადამკვირვებლო მისიების ხელმძღვანელობისა და პოლიტიკურ პარტიებთან მუშაობის  კუთხით.

 

"პოლიტიკის სკოლა" უკვე წარმატებით განხორციელდა ქალაქ რუსთავსა და ახალციხეში, სადაც მონაწილეობა მიიღეს ბოლო სამი წლის მანძილზე გამართულ საერთო არჩევნებში მონაწილე 15 პოლიტიკური პარტიის (როგორც კვალიფიციური, ისე არაკვალიფიციური) 50-მდე რეგიონულმა წარმომადგენელმა და აქტივისტმა.

 

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია პოლიტიკის სკოლების ეტაპობრივი განხორციელება საქართველოს დანარჩენი რეგიონის თვითმმართველ ქალაქებში: გორი, ქუთაისი, ოზურგეთი, ზუგდიდი და ბათუმი.

 

პროექტი "პოლიტიკური პარტიების განვითარების ხელშეწყობა რეგიონებში, კონკურენტუნარიანი პოლიტიკური გარემოს შექმნის უზრუნველსაყოფად" ხორციელდება განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) მიერ, სსიპ "საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის" ფინანსური მხარდაჭერით, რათა ხელი შეუწყოს არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების რეგიონალურ წარმომადგენელთა შესაძლებლობების გრძელვადიან განვითარებას ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების, პოლიტიკური კულტურის დახვეწისა და კონკურენტუნარიანი პოლიტიკური გარემოს შექმნისათვის.

 

24-09-2015