დღეს, 10 ნოემბერს, "განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრმა" საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების 2014 წლის არჩევნების მონიტორინგის შემაჯამებელი ანგარიში გამოაქვეყნა.
განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD), ფონდი "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) ფინანსური მხარდაჭერით, დააკვირდა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების 2014 წლის არჩევნების მიმდინარეობას საქართველოს 73 საარჩევნო ოლქში 150 კაციანი სადამკვირვებლო მისიით. არჩევნების მონიტორინგი განხორციელდა თანამედროვე მეთოდოლოგიის გამოყენებით. CDD აკვირდებოდა როგორც წინასაარჩევნო, ასევე კენჭისყრის დღის (უბნის გახსნა, კენჭისყრის პროცესი და უბნის დახურვა) და არჩევნების შემდგომი პერიოდის მიმდინარეობას.
შემაჯამებელ ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია 2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის, არჩევნების დღის, არჩევნების შემდგომი პერიოდისა და შედეგების შეჯამების პროცედურებზე, ასევე, 29 ივნისის განმეორებით არჩევნებსა და 12 ივლისს გამართულ მერების/გამგებლების არჩევნების მეორე ტურზე.
შემაჯამებელ ანგარიშში დეტალურადაა განხილული ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი თუ ფაქტი, რომელიც 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებს უძღოდა წინ, ასევე გაანალიზებულია ყველა ის პოზიტიური თუ ნეგატიური პროცესი, რომელმაც გავლენა მოახდინა არჩევნების მიმდინარეობასა თუ მის შედეგებზე.
ანგარიშში დეტალურად არის წარმოდგენილი ორგანიზაციის რეკომენდაციები, რომლებიც ჩვენი აზრით მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საარჩევნო გარემოსა და დემოკრატიულ პროცესებს საქართველოში და უზრუნველყოფს მორიგი არჩევნების თვისობრივად უკეთეს, გამჭვირვალედ, სამართლიან გარემოში ჩატარებას.
იხილეთ ანგარიში: