კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის თაობაზე დღეიდან საყოველთაო სახალხო განხილვები დაიწყო. ცვლილებებზე დღეს ბათუმსა და ოზურგეთში იმსჯელებენ.
81 დეპუტატის მიერ ინიცირებული "საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე" საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის უზრუნველყოფის მიზნით, პარლამენტმა 18 სექტემბერს მიიღო გადაწყვეტილება საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის თაობაზე.
კომისია 10 წევრისგან შედგება და მის მუშაობაში, წევრის სტატუსით, მონაწილეობს "განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის" თავმჯდომარე ქეთევან ჩაჩავა.
უმრავლესობის 81 წევრის ხელმოწერით მომზადებულ კონსტიტუციაში შესატანი ცვლილები საარჩევნო სისტემის შეცვლას გულისხმობს. აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტით პარლამენტის 150 მანდატი პროპორციული სისტემით მრავლმანდატიან ოლქებში უნდა განაწილდეს. ამავე ცვლილებებით გათვალისწინებულია საარჩევნო ბარიერის 5 პროცენტიდან 4 პროცენტამდე დაწევა და იმ მუხლის გაუქმება, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში დაბალი შედეგის მქონე ბარიერგადალახულ სუბიექტს პარლამენტში ფრაქციის შექმნის საშუალებას აძლევს.
საორგანიზაციო კომისიამ, ერთი თვის ვადაში, უნდა განიხილოს საქართველოს კონსტიტუციის ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებული მასალები, ხოლო პარლამენტში კანონპროექტის განხილვა დაიწყება მისი გამოქვეყნებიდან ერთი თვის შემდეგ.
აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილებების ამოქმედება მისი დამტკიცების შემთხვევაში, 2016 წლის შემდგომი არჩევნებისთვის არის დაგეგმილი.