საქართველოს რეგიონებსა და თბილისში კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის თაობაზე საყოველთაო სახალხო განხილვები გაიმართა

"საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე" საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიამ, "განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის" მონაწილეობით, საქართველოს რეგიონებსა და თბილისში, სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა.

 

 

შეხვედრები ბათუმის, ოზურგეთის, ახალციხის, გორის, თელავის, რუსთავისა და ქუთაისის  დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებში ჩატარდა. უმრავლესობის 81 დეპუტატის მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვა აგრეთვე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. შეხვედრებზე, კომისიის წევრებმა ისაუბრეს მაჟორიტარულ და პროპორციულ საარჩევნო სისტემებს შორის განსხვავებებზე, ორივე საარჩევნო სისტემის დადებით და უარყოფით მხარეებზე, კანონპროექტის შემუშავების მიზნებზე, მიზეზებზე და მნიშვნელობაზე. კომისიის წევრებმა თითოეული შეხვედრის მონაწილეების შეკითხვებსაც უპასუხეს.

 

 

"მნიშვნელოვანია საზოგადოების მხარდაჭერა, რამეთუ სწორედაც მათი ჩართულობით არის შესაძლებელი კონსტიტუციაში ცვლილების განხორციელება და საარჩევნო სისტემით შეცვლა" - განაცხადა განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) თავმჯდომარემ ქეთევან ჩაჩავამ.

 

"განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრმა" მოამზადა ხედვა "საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტთან დაკავშირებით, რომელიც კანონპროექტის ფარდობითი უპირატესობების, ნაკლოვანებებისა და საჭიროებების შეფასებას ეფუძნება. აღნიშნული დოკუმენტი განსახილველად წარედგინა "საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე" საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიას.

 

საორგანიზაციო კომისიამ, რომელიც 10 წევრისგან შედგება, ერთი თვის ვადაში უნდა განიხილოს საქართველოს კონსტიტუციის ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებული მასალები, ხოლო პარლამენტში კანონპროექტის განხილვა დაიწყება მისი გამოქვეყნებიდან ერთი თვის შემდეგ. აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილებების ამოქმედება მისი დამტკიცების შემთხვევაში, 2016 წლის შემდგომი არჩევნებისთვის არის დაგეგმილი.

 

 

იხილეთ "განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის" მიერ მომზადებული დოკუმენტი

  kanonproeqtis-shefaeba.pdf

 

18-10-2015