იუსტიციის სახლში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მესამე სხდომა გაიმართა. კომისიის სხდომას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ხელმძღვანელობდა. სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ კომისიის წევრები; კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების, სხვა პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების, ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები. კომისიის სხდომას ესწრებოდა განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) თავმჯდომარის მოადგილე მარინა ბენდელიანი.
სხდომაზე საგარეჯოში წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობაზე იმსჯელეს, აგრეთვე განიხილეს პოლიტიკური პარტიების წესდებაში ცვლილებისას ნოტარიუსის ჩართულობის საკითხი. როგორც საინფორმაციო საშუალებებით გახდა ცნობილი საგარეჯოში მაჟორიტარობის ერთ-ერთი კანდიდატი შეიჭრა მაჟორიტარობის მეორე კანდიდატის შეხვედრაზე.
ასევე კომისია აქტიურად მუშაობს საგარეჯოში, ერთ-ერთი კანდიდატის დაყადაღებული ანგარიშის საკითხთან დაკავშირებით, სადაც კრედიტორი გახლავთ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი. ჩვენ ვაწარმოეთ ინსპექტორთან მოლაპარაკებები და იმედი მაქვს, რომ კრედიტორი მომცემს უფლებას, კანდიდატს ყადაღა პირველ ნოემბრამდე მოეხსნას", − განაცხადა სხდომის თავმჯდომარემ.
პირველი სხდომა უწყებათაშორისმა კომისიამ 15 სექტემბერს გამართა. ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია იუსტიციის მინისტრის 1 სექტემბრის ბრძანებით შეიქმნა. მისი მიზანი 2015 წლის საქართველოს პარლამენტისა და საკრებულოს შუალედური არჩევნების დროს საჯარო მოსამსახურეების მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენცია და გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირებაა, რაც შუალედური არჩევნებისთვის ხელს შეუწყობს თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნას.
იხილეთ ამ ეტაპისათვის, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციები.