CDD-ის განცხადება სექსუალური ძალადობის ამსახველი კადრების საჯარო ჩვენების შესახებ

რამდენიმე დღის წინ უკრაინულმა ვებ–გვერდმა საქართველოში, კერძოდ, სამეგრელოში სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მიერ სექსუალური ძალადობის ამსახველი კადრები გამოაქვეყნა. აღნიშნული ვიდეომასალა ფართოდ გავრცელდა სხვადასხვა პირებისა და ორგანიზაციების მიერ ინტერნეტში და მოეწყო მათი საჯარო ჩვენება ზუგდიდსა და თბილისში.

 

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრს მორალურად გაუმართლებლად მიაჩნია, ადამიანის წამების ამსახველი ვიდეოკადრების ინტერნეტ სივრცეში გავრცელება და საჯაროდ ჩვენება. ჩანაწერები, როგორც წესი, სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებას წარმოადგენს და შესაბამისმა ორგანოებმა დაუყონებლივ უნდა გამოიძიონ რა გზით აღმოჩნდა ასეთი ჩანაწერები გარეშე პირთა ხელში, ვინაიდან მათი დიდი ნაწილი, რომელიც უკანონო მიყურადებისა და ფარული ჩანაწერების საკითხებზე მომუშავე დროებითმა კომისიამ მხოლოდ იმ მიზნით არ გაანადგურა, რომ სრულყოფილი გამოძიება ჩატარებულიყო, არ არის ხელმისაწვდომი ფართო საზოგადოებისთვის.

 

მნიშვნელოვანია ამ საქმის ეფექტურად და სწრაფად გამოძიება. რაც მოხდა არის უმძიმესი დანაშაული, რომლის მრავალგზის ტირაჟირება და საზოგადოებაზე ემოციური ზემოქმედება დაუშვებლად მიგვაჩნია.

 

ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ მსგავსი უმძიმესი დანაშაულების ჩადენის ფაქტები დადგენილია (არსებობს არაერთი გამამტყუნებელი განაჩენი), ხოლო ამ დანაშაულების მსხვერპლთა დიდი ნაწილი ჩვენი საზოგადოების წევრები არიან და ჩანაწერების გამოქვეყნების თითოეული შემთხვევა მათ ხელახალ ტკივილს და ტრავმირებას იწვევს, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ემსახურება თუ არა საზოგადოებრივი ინტერესს მსგავსი კადრების საჯაროდ გავრცელება.

 

ყოვლად მიუღებელი და დაუშვებელია მსგავსი საჯარო ჩვენებების ორგანიზება ან მათში მონაწილეობის მიღება, ვინაიდან ადამიანის წამების ამსახველი ვიდეოკადრების ინტერნეტ სივრცეში გავრცელება და საჯაროდ ჩვენება არაკონტროლირებადი პროცესია, რომლის მომხმარებლებიც შეიძლება გახდნენ საზოგადოების სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფების წარმომადგენლები, განსაკუთრებით კი არასრულწლოვნები, რაც ჩვენი შეხედულებით ყოვლად დაუშვებელი და საფრთხის შემცველია, ვინაიდან არასრულწლოვანთა ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გათვალისწინებით მაღალია მათზე მავნე ზეგავლენის რისკი.

 

მიგვაჩნია, რომ ამ რეალობაში, უპირატესობა სწორედ მსხვერპლთა ინტერესების დაცვას უნდა მიენიჭოს, რომლებიც ჩვენს გვერდით აგრძელებენ ცხოვრებას და ვფიქრობთ, გაცილებით ნაკლებია იმ ინტერესის მნიშვნელობა, რომელიც ამ ადამიანების ინტერესსა და უფლებებისდაცვას გადაწონის.

 

 

20-10-2015