თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის დასკვნითი სხდომა

იუსტიციის სახლში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის რიგით მეხუთე დასკვნითი სხდომა გაიმართა, რომელიც 31 ოქტომბერს დანიშნულ შუალედურ არჩევნებამდე ტარდება.

 

კომისიის სხდომას იუსტიციის იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე ხელმძღვანელობდა. სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ კომისიის წევრები; კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების, სხვა პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების, ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები. კომისიის სხდომას ესწრებოდა განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) თავმჯდომარის მოადგილე მარინა ბენდელიანი.

 

სხდომაზე გაკეთდა შემაჯამებელი შეფასებები თითოეული კანდიდატისა და წარმომადგენლის მხრიდან შემოსული განცხადებასა თუ პრეტენზიასთან დაკავშირებით. მინისტრის მოადგილემ კომისიის მუშაობაში ჩართულ უწყებებსა და მხარეებს მადლობა გადაუხადა.

 

"კომისია აგრძელებს მუშაობას. არჩევნების დღეს უწყებათაშორისი კომისიის ყველა წევრი იქნება მობილიზებული, თუ საჩივრები და განცხადებები შემოვა. დღეს ჩვენ შევაჯამეთ თითოეული კანდიდატისა და წარმომადგენლის მხრიდან შემოსული განცხადება თუ პრეტენზია. ამასთან მიმართებით განმცხადებლებმა თავადაც აღნიშნეს, რომ ყველა შემოსულ პრეტენზიაზე უწყებათაშორის კომისიას ჰქონდა რეაგირება. კომისიის წევრებმაც და კანდიდატებმაც განაცხადეს, რომ სამუშაოები აბსოლუტურად ობიექტურად და მიუკერძოებლად იქნა შესრულებული", − აღნიშნა სხდომის თავმჯდომარემ ალექსანდრე ტაბატაძემ.

 

პირველი სხდომა უწყებათაშორისმა კომისიამ 15 სექტემბერს გამართა. ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია იუსტიციის მინისტრის 1 სექტემბრის ბრძანებით შეიქმნა. მისი მიზანი 2015 წლის საქართველოს პარლამენტისა და საკრებულოს შუალედური არჩევნების დროს საჯარო მოსამსახურეების მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენცია და გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირებაა, რაც შუალედური არჩევნებისთვის ხელს შეუწყობს თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნას.

 

იხილეთ ამ ეტაპისათვის, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციები.

26-10-2015