განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD) აგრძელებს პროექტის "პოლიტიკის სკოლა" განხორციელებას. "პოლიტიკის სკოლა" დღეიდან უკვე გაიხსნა აჭარის რეგიონში (ქალაქ ბათუმში) და პარალელურ რეჟიმში მოიცავს გურიის და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონების თვითმმართველ ქალაქებს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ბოლო სამი წლის მანძილზე გამართულ საერთო არჩევნებში მონაწილე 15 პოლიტიკური პარტიის (როგორც კვალიფიციური, ისე არაკვალიფიციური) 80-მდე რეგიონული წარმომადგენელი და აქტივისტი.
"პოლიტიკის სკოლის" ფარგლებში, შეხვედრები რეგიონში არსებულ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებში (CCE-USAID) ჩატარდება, რომელიც რამოდენიმე დღე გასტანს. პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები გაეცნობიან ისეთ მნიშვნელოვან საკითებს როგორიცაა: საარჩევნო ციკლი, საარჩევნო ეთიკის ნორმები, არჩევნების საერთაშორისო სტანდარტები და საარჩევნო სისტემები, დემოკრატიულად მუშაობის მინიმალური სტანდარტები პოლიტიკური პარტიებისათვის, თანასწორობის პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი ასპექტები (გენდერი, შშმ პირები, ეთნიკური უმცირესობები), პოლიტიკური კამპანია და სხვ. პოლიტიკის სკოლის ფარგლებში, ყურადღება აგრეთვე დაეთმობა 2014 წლის 27 ივნისს ხელმოწერილი: საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულებისა და ვიზა ლიბერალიზაციის პროცესების შესახებ ზუსტი ინფორმაციის გავრცელებას.
შეხვედრებს წარუძღვებიან შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ტრენერები/ექსპერტები, რომელთაც აქვთ მრავალწლიანი გამოცდილება, როგორც ადგილობრივი ასევე საერთაშორისო ტრენინგების ორგანიზებისა და ჩატარების, არჩევნების სადამკვირვებლო მისიების ხელმძღვანელობისა და პოლიტიკურ პარტიებთან მუშაობის კუთხით.
პოლიტიკის სკოლა უკვე წარმატებით განხორციელდა ქალაქ რუსთავში, ახალციხესა და თელავში. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია "პოლიტიკის სკოლის" ეტაპობრივი განხორციელება იმერეთისა და შიდა ქართლის რეგიონის თვითმმართველ ქალაქებში.
პროექტი "პოლიტიკური პარტიების განვითარების ხელშეწყობა რეგიონებში, კონკურენტუნარიანი პოლიტიკური გარემოს შექმნის უზრუნველსაყოფად" ხორციელდება განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) მიერ, სსიპ "საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის" ფინანსური მხარდაჭერით, რათა ხელი შეუწყოს არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების რეგიონალურ წარმომადგენელთა შესაძლებლობების გრძელვადიან განვითარებას ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების, პოლიტიკური კულტურის დახვეწისა და კონკურენტუნარიანი პოლიტიკური გარემოს შექმნისათვის.