CDD მარტვილსა და საგარეჯოში ხვალ პარლამენტისა და საკრებულოს შუალედურ არჩევნებს დააკვირდება

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD) 30 კაციანი სადამკვირვებლო მისიით დაკვირდება 2015 წლის 31 ოქტომბერის პარლამენტისა და საკრებულოს შუალედურ არჩევნებს მარტვილისა და საგარეჯოს მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში.

 

CDD-ს სადამკვირვებლო მისიის წევრები აკვირდებიან კენჭისყრის დღის პროცედურებსს, რაც მოიცავს: უბნის გახსნა, კენჭისყრის პროცესი, უბნის დახურვა და შედეგების შეჯამებას.  მისია ასევე დააკვირდება გამონაკლის შემთხვევაში შექმნილ საარჩევნო უბანს -  (№11 საგარეჯოს საარჩევნო ოლქის №50 საარჩევნო უბანი - დაბა მუხროვანი).

 

საარჩევნო ადმინისტრაცია მზადყოფნაშია შუალედური არჩევნების  ჩასატარებლად. საარჩევნო უბნებს უკვე გადაეცათ საარჩევნო ბიულეტენები, ოქმები და ყველა სხვა საჭირო მასალა. საარჩევნო კომისიის წევრებს გავლილი აქვთ საარჩევნო ტრენინგები.

 

კენჭისყრის პროცესს დააკვირდებიან როგორც შესაბამისი საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები ისე შუალედური არჩევნებისთვის რეგისტრირებული 20 ადგილობრივი, 4 საერთაშორისო და 11 მედია ორგანიზაცია.

 

2015 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში N65 მარტვილის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში რეგისტირებულია 3 კანდიდატი, ხოლო N11 საგარეჯოს მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 5 კანდიდატი. ორივე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ერთმანეთს უპირისპირდება მხოლოდ 2 პოლიტიკური ძალა - "ქართული ოცნება" და "დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი − საქართველოს პატრიოტთა ალიანსი". დანარჩენი კანდიდატები საინიციატივო ჯგუფების მიერ არიან წარდგენილნი.

 

საგარეჯოს მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში სულ 50 საარჩევნო უბანია შექმნილი (1 გამონაკლის შემთხვევაში), სადაც რეგისტრირებულია 46082 ამომრჩეველი, ხოლო მარტვილის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში შექმნილია 39 საარჩევნო უბანი, სადაც რეგისტრირებულია 33510 ამომრჩეველი.

 

რაც შეეხება საკრებულოს შუალედურ არჩევნებს, N11 საგარეჯოს საარჩევნო ოლქის N11.12 ჩაილურის თემის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში რეგისტირებულია 4 კანდიდატი, N53 ვანის საარჩევნო ოლქის N53.07 ზედა ვანის თემის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 3 კანდიდატი, N66 ხობის საარჩევნო ოლქის N66.06 გურიფულის თემის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 2 კანდიდატი, ხოლო N24 დმანისის საარჩევნო ოლქის N24.06 დიდი დმანისის თემის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 1 კანდიდატი.

 

CDD-ის სათაო ოფისში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი (790 333 111), სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს/ორგანიზაციას შეუძლია მოგვაწოდოს ინფორმაცია კენჭისყრის პროცედურებისა და მოქალაქეთა საარჩევნო უფლებების დარღვევების შესახებ. ჩვენი დამკვირვებლები ადგილზე მოახდენენ შესაბამის რეაგირებას. ცხელი ხაზის მეშვეობით ჟურნალისტებსა და მედია ორგანიზაციებს შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია სადამკვირვებლო მისიის მონიტორინგის შედეგების შესახებ.

 

 

30-10-2015