განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD) 30 კაციანი სადამკვირვებლო მისიით აკვირდება 2015 წლის 31 ოქტომბერის პარლამენტისა და საკრებულოს შუალედურ არჩევნებს მარტვილისა და საგარეჯოს მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში. CDD-ს სადამკვირვებლო მისიის წევრები აკვირდებიან კენჭისყრის დღის პროცედურებს, რაც მოიცავს: უბნის გახსნა, კენჭისყრის პროცესი, უბნის დახურვა და შედეგების შეჯამებას. მისია ასევე დააკვირდება გამონაკლის შემთხვევაში შექმნილ საარჩევნო უბანს - (№11 საგარეჯოს საარჩევნო ოლქის №50 საარჩევნო უბანი - დაბა მუხროვანი).
11:00 საათისათვის, CDD-ს სადამკვირვებლო მისიის მიერ დაფიქსირებულია პროცედურული ხასიათის დარღვევები, მათ შორის: საარჩევნო უბნის დაგვიანებით გახსნა, საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოება, მიღებული ბიულეტენების არასწორი რაოდენობის გამოცხადება, ბიულეტენების წინასწარი გამზადება, საკონტროლო ფურცლის ხარვეზებით შევსება, მარკირების აპარატის გაუმართაობა, აგიტაციის ფაქტი საარჩევნო უბანზე, აღნიშნული ხარვეზების უმეტესობა საგარეჯოს საარჩევნო ოლქში შემავალ უბნებზე დაფიქსირდა.
სამწუხაროთ, კვლავაც აქტუალურია ეგრეთ წოდებული "კოორდინატორების" მობილიზების შემთხვევები საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე, რომლებიც "ჟურნალში" კონკრეტული საარჩევნო სუბიექტების მხარდამჭერების აღრიცხვას აწარმოებენ. აღნიშნული მანკიერი პრაქტიკა კვლავაც შესამჩნევია, როგორც საგარეჯოს ასევე მარტვილის ოლქში.
განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) სადამკვირვებლო მისიის ინფორმაციით ამ დროისთვის საარჩევნო პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს და პროცედურული ხარვეზების უმეტესობა ადგილზე აღმოიფხვრა.
გვინდა ავღნიშნოთ, რომ საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, კენჭისყრის დღეს, კენჭისყრის შენობაში იკრძალება საარჩევნო აგიტაცია. ასევე აკრძალულია წინასაარჩევნო ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიისა და რადიოს ეთერში. კენჭისყრის დღის 20:00 საათამდე არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება აკრძალულია.
CDD-ის სათაო ოფისში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი (790 333 111), სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს/ორგანიზაციას შეუძლია მოგვაწოდოს ინფორმაცია კენჭისყრის პროცედურებისა და მოქალაქეთა საარჩევნო უფლებების დარღვევების შესახებ. ჩვენი დამკვირვებლები ადგილზე მოახდენენ შესაბამის რეაგირებას. ცხელი ხაზის მეშვეობით ჟურნალისტებსა და მედია ორგანიზაციებს შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია სადამკვირვებლო მისიის მონიტორინგის შედეგების შესახებ. დღის განმავლობაში, "განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი" საზოგადოებას მიაწვდის დეტალურ ინფორმაციას კენჭისყრის მიმდინარეობის შესახებ.