სასტუმრო "თბილისი მერიოტში", IFES-ის მხარდაჭერით გაიმართა კოალიცია "ქართული ოცნების" შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან საარჩევნო სისტემის რეფორმის საკითხებზე. შეხვედრას უძღვებოდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ბატონი დავით უსუფაშვილი.
შეხვედრას ესწრებოდნენ საკანონმდებლო ორგანოს, საარჩევნო საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო სექტორისა და კოალიცია "ქართული ოცნების" წარმომადგენლები. შეხვედრას ესწრებოდა "განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის" თავმჯდომარე ქეთევან ჩაჩავა.
შეხვედრაზე კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" მაჟორიტარული ოლქების დაყოფის მოდელის პრეზენტაცია წარმოადგინა, რომელიც საქართველოში დღეს არსებული 73 მაჟორიტარული ოლქის დაყოფის სქემას ითვალისწინებს. შეხვედრაზე იმსჯელეს სხვადასხვა პროცედურულ და ტექნიკურ საკითხებზე, კერძოდ: რომელ ოლქებში არის საჭირო კორექტივების შეტანა, მუნიციპალიტეტების დონეზე, სად რომელი მუნიციპალიტეტი შეიძლება გაერთიანდეს საარჩევნო ოლქის მიზნებისთვის, აგრეთვე მაჟორიტარულ ოლქებში 50%-იანი ბარიერის შემოღების საკითხი.
"განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრმა" წარადგინა საკუთარი მოსაზრება საარჩევნო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით, რომელიც დოკუმენტის სახით გადაეცა შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას. როგორც ცნობილია CDD საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის წევრია.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით, მსჯელობა მომავალშიც გაგრძელდება. მისივე შეფასებით, საარჩევნო კანონმდებლობაზე მომუშავე ჯგუფის მიერ წარმოდგენილი მოდელი საერთაშორისო პრაქტიკასთან და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან შესაბამისობაშია.