სამოქალაქო საზოგადოების მიმართვა ევროკომისიისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველო-ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესს.

 

ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ქვეყანამ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს ყველა იმ მიმართულებით, რომელიც გათვალისწინებულია ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით. საკანონმდებლო და ინსტიტუციური რეფორმები ქვეყანას სთავაზობს განახლებულ შესაძლებლობებს მიგრაციული ნაკადების კონტროლის, დოკუმენტების უსაფრთხოებისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის თვალსაზრისით. თავშესაფრის და მიგრაციის პოლიტიკის რეფორმა ქმნის ღირსეულ პირობებს ლტოლვილების, რეადმისირებული პირების და ყველაზე დაუცველი კატეგორიების წარმომადგენლებისთვის. 

 

სათანადოდ შექმნილი ინსტიტუტებისა და მექანიზმების მეშვეობით, სახელმწიფომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა არალეგალური მიგრაციის პრევენციისთვის. თანამედროვე ინფრასტრუქტურის დანერგვის შედეგად მოხდა საზღვრის ეფექტიანი მართვის გაუმჯობესება, რაც ამცირებს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის, ტრეფიკინგის და სხვა სასაზღვრო კრიმინალური ქმედებების შესაძლებლობას.აღსანიშნავია, რომ საქართველომ მიაღწია პროგრესს ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით, რაც შემდგომ მხარდაჭერასა და ხელშეწყობას საჭიროებს. 

 

ჩვენ ასევე ღრმად ვართ დარწმუნებულნი, რომ უვიზო რეჟიმი ხელს შეუწყობს ხალხთა შორის კონტაქტების გაღრმავებას, კულტურულ დაახლოებას, საქმიანი კავშირებისა თუ მეგობრული ურთიერთობების დამყარებას. საქართველოს მოქალაქეთა მნიშვნელოვან ნაწილს ექნება მეტი შანსი და მოტივაცია, რომ აღმოაჩინოს და შეიცნოს ევროპა, მის გარშემო გავრცელებული მითების გარეშე. 

 

უვიზო რეჟიმის ამოქმედება მნიშვნელოვანად შეუწყობს ხელს საქართველოს მოქალაქეებში ევროპული მისწრაფებების გაძლიერებას.ისინი რეალურად იგრძნობენ საკუთარ თავს ევროპულ საზოგადოებაში ინტეგრირებულად, შესაბამისად გაიზრდება მათი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და თავის მხრივ, ისინი წვლილს შეიტანენ ქართულ-ევროპული ურთიერთობების განვითარებაში. აღნიშნული პროცესი,გრძელვადიან პერსპექტივაში, წაახალისებს საქართველოში დემოკრატიული, ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული საზოგადოების ჩამოყალიბებას. 

 

მიგვაჩნია, რომ უვიზო მიმოსვლის რეჟიმი იქნება საუკეთესო პასუხი იმ საგარეო გამოწვევებზე, რომლის წინაშეც დღეს ქვეყანა დგას. ეს არის საფრთხე ევროპეიზაციის პროცესიდან გადახვევისა და მოქალაქეთა შორის ევროსკეპტიციზმის გაღვივების. სწორედ ამიტომ, საქართველოს მოქალქეებს სჭირდებათ დაინახონ ხელშესახები რეალური გამოსავალი ყველა იმ კრიტიკული დამოკიდებულების წინააღმდეგ, რომელიც ევროპისკენ არის მიმართული.

 

ვფიქრობთ, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შესაძლებლობა, მთავარი წინაპირობაა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის წარმატებით განხორციელებისთვის.

 

ჩვენ უმორჩილესად ვთხოვთ ევროკომისიას, მხედველობაში მიიღოს ზემოთაღნიშნული არგუმენტები და მოუწოდოს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მხარი დაუჭირონ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედებას. 

 

ასევე მოვუწოდებთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მხარი დაუჭირონ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მინიჭებას. 

5-11-2015