ქუთაისში "პოლიტიკის სკოლა" გაიხსნა

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრმა (CDD) ქალაქ ქუთაისში "პოლიტიკის სკოლა" გახსნა. 

 

"პოლიტიკის სკოლის" ფარგლებში, შეხვედრები ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში (CCE-USAID) ჩატარდება რამოდენიმე დღის განმავლობაში, 11:00 საათიდან - 17:00 საათამდე პერიოდში. პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები გაეცნობიან ისეთ მნიშვნელოვან საკითებს როგორიცაა: საარჩევნო ციკლი, საარჩევნო ეთიკის ნორმები, არჩევნების საერთაშორისო სტანდარტები და საარჩევნო სისტემები, დემოკრატიულად მუშაობის მინიმალური სტანდარტები პოლიტიკური პარტიებისათვის, თანასწორობის პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი ასპექტები (გენდერი, შშმ პირები, ეთნიკური უმცირესობები), პოლიტიკური კამპანია და სხვ. პოლიტიკის სკოლის ფარგლებში, ყურადღება აგრეთვე დაეთმობა 2014 წლის 27 ივნისს ხელმოწერილი: საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულებისა და ვიზა ლიბერალიზაციის პროცესების შესახებ ზუსტი ინფორმაციის გავრცელებას.

 

შეხვედრებს წარუძღვებიან შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ტრენერები/ექსპერტები, რომელთაც აქვთ მრავალწლიანი გამოცდილება, როგორც ადგილობრივი ასევე საერთაშორისო ტრენინგების ორგანიზებისა და ჩატარების, არჩევნების სადამკვირვებლო მისიების ხელმძღვანელობისა და პოლიტიკურ პარტიებთან მუშაობის კუთხით.

 

"პოლიტიკის სკოლა" უკვე წარმატებით განხორციელდა საქართველოს თვითმმართველ ქალაქებში: რუსთავში, ახალციხეში, თელავში, ბათუმში, ოზურგეთში, ზუგდიდსა და გორში. სადაც მონაწილეობა მიიღო ბოლო სამი წლის მანძილზე გამართულ საერთო არჩევნებში მონაწილე 13 პოლიტიკური პარტიის (როგორც კვალიფიციური, ისე არაკვალიფიციური) 170-მდე რეგიონულმა წარმომადგენელმა და აქტივისტმა.

 

მიმდინარე კვირაში დაგეგმილია პოლიტიკის სკოლის განმეორებით განხორციელება ქალაქ ახალციხეში, მონაწილეთა მოთხოვნის საფუძველზე.

 

პროექტი "პოლიტიკური პარტიების განვითარების ხელშეწყობა რეგიონებში, კონკურენტუნარიანი პოლიტიკური გარემოს შექმნის უზრუნველსაყოფად" ხორციელდება განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) მიერ, სსიპ "საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის" ფინანსური მხარდაჭერით, რათა ხელი შეუწყოს არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების რეგიონალურ წარმომადგენელთა შესაძლებლობების გრძელვადიან განვითარებას ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების, პოლიტიკური კულტურის დახვეწისა და კონკურენტუნარიანი პოლიტიკური გარემოს შექმნისათვის.

 

18-11-2015